ENG / RUS       12+

მამუკა არეშიძე: სააკაშვილს კი არა, უარესსაც დაელაპარაკებიან, თუ გარემოებამ მოითხოვა

რესპოდენტის შესახებ

ომი დასრულდა? დასხდებიან თუ არა მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც საკითხების რეალურად გადაწყვეტა დაიწყება? უნდა აღიაროს თუ არა საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა და თავად აფხაზეთში რას ფიქრობენ ამის შესახებ? სადაა გამოსავალი და რამდენად რეალისტური ან უტოპიურია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და.ა.შ. ექსპერტი კავკასის საკითხებში მამუკა არეშიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისთვის" მიცემულ ინტერვიუში ქართულ-რუსული ომის სამი წლისთავზე თითქმის ყველა კითხვას სცემს პასუხს, რომელიც ქართულ საზოგადოებას სამი წლის განმავლობაში დაუგროვდა და ახლაც აინტერესებს. ინტერვიუში ექსპერტი სააგენტოსთან ექსკლუზიურად საუბრობს იმაზე, თუ რა უპასუხეს კულუარულად მის სკანდალურად ცნობილ ინიციატივას იმ აფხაზებმა, რომელთა აზრი პირადად მას ძალიან აინტერესებდა. ექსპერტის შეფასებით, ყოველივე ეს ყურადსაღები ქართული საზოგადოებისთვისაც უნდა იყოს...

 

- 2008 წლის აგვისტოს ომიდან სამი წელი გავიდა. როგორ შეაფასებდით განვლილ სამ წელს და რა მდგომარეობა აქვს დღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში?

- ძალიან მძიმე სამი წელი განვვლეთ და ღმერთმა დაგვიფარა ომის შემდგომი გაგრძელებისგან. თუმცა ესეც პირობითი ნათქვამია, რადგან დღემდე ადამიანებისთვის, რომლებიც ბუფერულ ზონებში ცხოვრობენ, ომი არ დამთავრებულა - ისინი იბრძვიან სიცოცხლის გადასარჩენად. ისინი ცოტანი არ არიან, ეს არის უამრავი ადამიანი, რომლებიც მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფებიან და აწუხებთ სერიოზულისოციალური პრობლემები - უწყლობა, დაუმუშავებელი მიწები, სურსათის ნაკლებობა. გარდა ამისა, დაგვემატა უამრავი ლტოლვილი - ეს არის რეალობა, რომელიც სოციუმზე ზემოქმედებს.

რაც შეეხება პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ან თუნდაც დაკარგულის დაბრუნებას... ამ თვალსაზრისით, ერთადერთი სერიოზული პოზიტივი, რომელიც გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში, ეს საქართველოს ხელისუფლების ახალი სტრატეგიაა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან საღი დოკუმენტია, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ მუშაობს. ხოლო დოკუმენტი რომ არ მუშაობს - ეს, თავისთავად, ცუდი ფაქტია.

- თქვენი აზრით, რატომ მუხრუჭდება ამ გეგმის რეალიზება, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ და რას არ აკეთებს?

- გეგმა, თავისთავად, ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც თვითონ ამბობს, თანხის უქონლობის, დონორების ფეხის ათრევის გამო თუ სხვა მიზეზით, ძალიან ბევრი დრო დაკარგა, რომ ეს გეგმა აემუშავებინა.

ჩვენი მოწინააღმდეგე კი გაჩერებული არ არის. მან თვითონ მოიკლო და უზარმაზარი თანხა გამოყო აფხაზეთისთვის და ცხინვალის რეგიონისთვის. თან ეს თანხა ძალიან კარგადაა გაწერილი - ამ თანხაში იგულისხმება ინფრასტრუქტურის აღსადგენი, სოციალური პრობლემების მოსაგვარებელი და მოსაპარი ფული. განსაკუთრებით ამ ბოლო პუნქტს მინდა, რომ ყურადღება მიაქციოთ, იმიტომ, რომ რუსეთი მოქმედებს ამ ორ არაღიარებულ რესპუბლიკაში ზუსტად ისევე, როგორც მოქმედებს ჩრდილოეთ კავკასიაში.

მოსაპარ ფულში ელიტის მოსასყიდი თანხა გულისხმება. ეს თანხა ყველაზე ეფექტურად იხარჯება და ელიტაც, შესაბამისად, არის კორუმპირებული.

- ამ პირობებში რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ?

- 2008 წლამდე ჩვენ, დასავლელ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში აქტიურად ვმონაწილეობდით. იყო საომარი რიტორიკა, მაგრამ იყო სხვა ნაბიჯები, რომლებსაც ეფექტური ნაბიჯები შემიძლია ვუწოდო. დღეს ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ამ პროცესში თითქმის აღარ ვმონაწილეობთ და მონაწილეობენ მხოლოდ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ანუ პროცესები ჩვენ მიღმა ვითარდება.

ეს იმიტომ ხდება, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ ამ თამაშიდან გამოვეყვანეთ. ჟენევის პროცესი, დვანისა და გალის პროცესები - ეს არ არის იმ ტიპის პროცესები, რომლებიც სიტუაციას რადიკალურად შეცვლის. ეს არის პრევენტული პროცესები - საჭირო, მაგრამ არა გადამწყვეტი.

როდესაც ვეკითხები ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რა ეშველება ამ სიტუაციას და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს, ძირითადად, აზრი არის ასეთი - "აი, დასავლეთი, ცოტა ხანში ნახეთ რუსეთს რას უზამს" - ანუ ჩვენი როლი აქაც არ ჩანს. მხოლოდ ერთი აქტიურობა, რომელიც ჩანს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ობიექტური აქტიურობა - ეს არის პასპორტების თემა. რასაკვირველია აიღებენ - რაც უნდა ილაპარაკოს ოფიციალურმა სოხუმმა და ოფიციალურმა ცხინვალმა, განსაკუთრებით კი სოხუმმა, არიან უკვე ადამიანები, რომლებსაც ამ პასპორტების აღების სურვილი აქვთ.

- ანუ ამ პასპორტებთან დაკავშირებით თქვენი აზრი დადებითია...

- ნაწილობროვ კი, მაგრამ ამას არ აქვს ისეთი რეზონანსი, რომელსაც ელოდებოდა ხელისუფლება. ეს არის ობიექტური რეალობა - ამ მიმართულებით ხელისუფლება მუშაობს. კიდევ ერთი, რა მიმართულებითაც მუშაობს ხელისუფლება, ეს არის სუბიექტური რეალობა - ეს არის ჯანდაცვის კუთხით მუშაობა. ეს სუბიექტური იმიტომაა, რომ ხალხი საზღვრის იქით უაღრესად რთულ პირობებში ცხოვრობს. სოხუმის ხელისუფლება თვალს ხუჭავს იმაზე, რომ უამრავი ადამიანი გადმოდის აქ და მკურნალობს. მათმა რაოდენობამ უკვე ათასს მიაღწია.

მაგალითად, დამწვრობის ცენტრში ხუთი-ექვსი ბავშვია აფხაზეთიდან გადმოყვანილი. ორი კვირის წინ კი არა მხოლოდ ავადმყოფი, არამედ პერსონალიც გადმოვიდა. პირდაპირ ვიტყვი - ტყვარჩელის საავადმყოფოს პერსონალი, რომელმაც აქ გადაწყვიტა დარჩენა თავის შვილთან ერთად, გადმოჰყვა ავადმყოფს და აქედან ფეხის მომცვლელი აღარ არის. ეს პროცესი არის.

ცხინვალში კი ამ პროცესს, მაქსიმალურად ხელს უშლიან. უკვე ორჯერ მოაყენეს საზღვარს იქითა მხრიდან დაზარალებული ადამიანები. ერთი პატარა ბავშვი, რომელიც არ გამოატარეს თვითონ ოსებმა, ამის გამო გარდაიცვალა და მეორე ახლახან იყო - 17 წლის ბიჭი, გვარად ალბოროვი, ავარიის შედეგად ხერხემალში იყო გადამტვრეული. ცხინვალის საავადმყოფოს ექიმებმა თვითონ უთხრეს მის პატრონს, თბილისში მიიყვანეთ იქ გადაარჩენენო. იგი თვითონ ოსებმა მოაბრუნეს ლამის ერგნეთიდან და წაიყვანეს ბესლანში. გზაში რა დაემართა ამ ბიჭს, მე უკვე აღარ ვიცი. ორივე შემთხვევაში, ჩვენი საავადმყოფოს ბრიგადები იდგნენ საზღვართან და ელოდებოდნენ.

ძალიან ნიშანდობლივია ამასთან დაკავშირებით, სოხუმის ხელისუფლების პოზიცია, რომელიც ყოველივე ამას "არ იმჩნევს", ვინაიდან მას მიაჩნია, რომ ამ გზას ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში არსებობის უფლება აქვს.

ცხინვალის ხელისუფლება ამ გზას კეტავს, მაგრამ აქტივობა საქართველოს ხელისუფლების ამ საქმეში ნამდვილად არის.

მაგრამ, ვიმეორებ, მთავარი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიხსმევაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად უკვე ობიეტური მიზეზების გამო აბსოლუტურად პასიურ როლშია, მოწყვეტილია ამ სიტუაციას. ზუსტად ამან განაპირობა ჩემი ინიციატივა, რომელიც აფხაზეთთან მოლაპარაკების დაწყებას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს.

- რატომ არის ამოვარდნილი საქართველო ამ პროცესიდან?

- ეს არის 2008 წლის ომის შედეგი, ეს არის საქართველოს ხელისუფლების დიდი ნაწილის გაუმართლებელი საომარი რიტორიკა, ეს არის დღევანდელი ანტირუსული რიტორიკა. რუსი რომ ოკუპანტია, მე ამისი მტკიცება საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისგან ნამდვილად არ მჭირდება. რუსეთი ცალსახად ოკუპანტია და ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ სიტუაცია უნდა შეცვალო და უნდა ეძებო ახალი გზები. 10-10 მილიონზე მეტი ადამიანი დაუხოცეს ერთმანეთს გერმანიამ და რუსეთმა და მიუხედავად იმისა, რომ საშინელი მდგომარეობა იყო შექმნილი, ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ საერთო ენის გამონახვა დაიწყეს.

- რუსეთის ხელისუფლება ჩვენ არ გველაპარაკება...

- ზუსტად ესაა საქმე - არ დაგელაპარაკებიან არასოდეს თუ შენი საჯარო რიტორიკა და კულუარული განსხვავებული იქნება. საჯარო რიტორიკის დროს ჩვენ ვისმენთ, რომ რუსეთი არის საზიზღარი და მასთან ლაპარაკი არ შეიძლება და მხოლოდ ერთი პირობა არის დასმული, რომ აუცილებლად უნდა გაიყვანოს ჯარი და მერე დავიწყებთ ლაპარაკს. კულუარულად კი ვხედავთ, რომ წერილიც იგზავნება მედვედევის სახელზე, იქ სომხეთის ხელისუფლების მეშვეობითაც ცდილობენ რაღაცნაირად დაალაგონ სიტუაცია. მე მესმის და მომწონს, ამას რომ აკეთებენ, მაგრამ მეორეს ნუღარ აკეთებ მაშინ -საჯარო რიტორიკაში თავი შეიკავე.

კიდევ ერთი პუნქტია - ყველაფერი მარტო საქართველოს ხელისუფლების ქმედებაზე არ არის დამოკიდებული. აქ დასავლეთის პოზიციაც გასაგები უნდა იყოს. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ დასავლეთს თავისი ობიექტური პრობლემები აქვს. აქედან გამომდინარე, მას ერთი პირი არ აქვს. რუსეთი ძალიან კარგად სარგებლობს, ერთი მხრივ, აშშ-ის პოლიტიკის იმ ნაბიჯით, რომელსაც "გადატვირთვა" ჰქვია და მეორე იმით, რომ დასავლეთ ევროპას არ აქვს ერთი პირი - ყოველივე ამას რუსეთი გადასარევად იყენებს.

- დაელაპარაკება რუსეთი სააკაშვილს, სწორედ სააკაშვილს და არა საქართველოს ?

- სააკაშვილს კი არა, უარესსაც დაელაპარაკებიან, თუ გარემოებამ მოითხოვა. თუმცა აქ სხვა მომენტიცაა. შეიძლება პირად სააკაშვილს არ დაელაპარაკო, მაგრამ დაელაპარაკო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს, მაგალითად, იმავე პრემიერ-მინისტრს, თუნდაც იმიტომ, რომ გარკვეული საკითხები გაირკვეს.

ეს არის "პიარი", რომელიც ფსევდოსიჟიუტეზეა აგებული: ვითომ არ დაელაპარაკება სააკაშვილს, სინამდვილეში, რუსეთი კომფორტულად გრძნობს ამ სიტუაციაში თავს, რასაც უნდა, იმას აკეთებს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობამ მოატოვოს სახლები და ეს ტერიტორია ბუფერულ ზონად აქციოს. ფარად კი იფარებს იმას, რომ სააკაშვილი არის ომის დამწყები.

- ჩვენ რა ვქნათ?

- ამას ვამბობ, რომ უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა, უნდა მოვხსნათ აბსოლუტურად არასაჭირო რიტორიკა და უნდა შევეცადოთ ყველანაირად, რომ ვაიძულოთ რუსეთი, დიალოგის რეჟიმში შემოვიდეს. დიალოგის რეჟიმი არის უმნიშვნელოვანესი. კი არ ვთხოვთ ვინმეს რამეს, ჩვენ უნდა ვაიძულოთ, ხაზს ვუსვამ ამას და ჩვენ ამის რესურსი ნამდვილად გვაქვს.

- რა რესურსი გაქვთ მხედველობაში?

- რატომაა რუსეთისთვის გადაცემული საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ობიექტები? რატომაა საქართველოს ენერგეტიკის უდიდესი ნაწილი რუსეთის ხელში? ნუთუ ეს არ არის ბერკეტი იმისთვის, რომ გარკვეულწილად მოახერხო რუსეთზე ზემოქმედება?! ამ ობიქტების უკან დგანან სერიოზული რუსული კომპანიები, იგივე "გაზპრომი", რომლის ხელმძღვანელობას უაღრესად ახლო და საქმიანი კონტაქტები აქვს ჩვენს ზოგიერთ მინისტრთან.

2007 წელს, როდესაც ჟურნალისტებთან ერთად ვიყავი "გაზპრომის" ერთ-ერთ ოფისში, მაშინდელი მინისტრის მოადგილის ქება-დიდებით დაგვღალეს და ეს კაცი მინისტრია დღეს. ასე რომ, რესურსი არსებობს, თუმცა სწორად არ არის რესურსი გამოყენებული - ეს არის ცალსახა.

- ბატონო მამუკა, დღევანდელ პირობებში, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, უტოპიაა თუ არა საქართველოს ოცნებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით?

- არასოდეს არაფერი არ არის უტოპიური. ხშირად მომყავს ხოლმე მაგალითი, რომ არსებობდნენ სახელმწიფოები, რომლებიც ქრებოდნენ და ჩვენ წინ გვქონდა ეს მაგალითები, ან ჩვენს წინა თაობის თვალწინ ხდებოდა ეს. იყო სახელმწიფო მაჯოუ 1946 წლამდე არსებობდა და იგი 28 ქვეყანამ ცნო. სად არის ეს სახელმწიფო დღეს? ამიტომ ჩვენ გვმართებს კრეატიულად აზროვნება და მანევრები.

- კრეატიზმში და მანევრებში, ალბათ, თქვენი ცნობილი ინიციატივაც იგულისხმება?

- როდესაც ჩემი იდეა წამოვაყენე, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ არიქა, ახლა, ვეტაკოთ აფხაზებს და უნდათ თუ არ უნდათ, მივანიჭოთ დამოუკიდებლობა და დავიშალოთ. ეს ერთგვარი ტესტი იყო არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის, არამედ საქართველოს საზოგადოებისთვის და ქართულ საზოგადოებასთან ამ თემაზე მეტი პრეტენზია მაქვს, ვიდრე ხელისუფლებასთან. ეს ასევე იყო ტესტი აფხაზური საზოგადოებისა და ხელისუფლებისთვისაც, რუსეთისთვისაც, დასავლეთისთვისაც... საბოლოო ჯამში, ეს ტესტი შედგა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, რასაც მე ველოდებოდი, მაგრამ ბევრი რამ გამოააშკარავდა კიდეც.

დღეს მე მაქვს ხელი გახსნილი, რადგან ჩემს წინადადებაზე სერგეი შამბამ უპასუხა, რომ არასოდეს რუსეთის ჯარი არ გავა აფხაზეთის ტერიტორიიდან და ლტოლვილების დაბრუნება გალის რაიონის იქით არ მოხდება. ამით მე შემიძლია ნებისმიერ სიტუაციაში, პირადი შეხვედრა იქნება (და მქონია კიდეც ასეთი შეხვედრები) თუ სხვა ტიპის შეხვედრები, ყოველთვის ვთქვა, რომ შამბას ურჩევნია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდეს არ იყოს დამოუკიდებელი, რაც მთავარია, ჰქონდეს ფსევდოდამოუკიდებლობა და ჭამოს ის ფული, რასაც რუსეთი აძლევს და რომელსაც ის პარავს თავის პენსიონერებს. ობიეტურობისთვის გაკეთებ გარკვეულ შეღავათს შამბასთვის, რადგან ეს იყო წინასაარჩევნო მარათონი და შეიძლება ამის გამო ისროლა კიდეც ასეთი ფრაზა.

- "მამუკა არეშიძე არ არის უჭკუო კაცი და რადგანაც მან ეს განცხადება გააკეთა, ეტყობა მას რაღაც ინფორმაცია აქვს", - განაცხადა მარიკა ლორთქიფანიძემ თქვენი ინიციატივის კომენტირებისას. ჰქონდა თუ არა მამუკა არეშიძეს მართლაც ეს "რაღაც ინფორმაცია", როდესაც ამ ინიციატივით გამოდიოდა?

- რასაკვირველია, მაქვს ეს ინფორმაცია, რომელსაც პრესის ფურცლებს ვერ ვანდობ. მე მქონდა ეს ინფორმაცია და ვიდრე მე საჯარო ტესტს ჩავატარებდი ჩავატარე კულუარული ტესტი, ოღონდ ქართულ საზოგადოებაზე არა, აფხაზური საზოგადოების იმ ნაწილზე, რომლის აზრიც მე ძალიან მაინტერესებდა. უნდა ითქვას, რომ ამ ტესტმა მე ერთი საინტერესო პასუხი მომიტანა: არც უაყოფითი და არც დადებითი პასუხი, პირველად თქვენ გეუბნებით ამას - გვაცალე არჩევნების ჩატარება! მე მგონი ძალიან საინტერესო პასუხია...

- შამბა და ანქვაბი - ორი მეტნაკლებად სავარაუდო ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატურაა. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები და ვის იხილავს საქართველო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად 26 აგვისტოს შემდეგ?

- ეს ის შემთხვევაა როდესაც მე ვერ ვიტყვი ნამდვილად, ვის მეტი შანსი აქვს, მაგრამ კონკურენტების ზოგიერთი ნაბიჯი მაფიქრებინებს, რომ მაინც ანქვაბისკენ იხრება სასწორი. მე ვიცი, რომ რუსეთის შესაბამისმა სტრუქტურებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ 2004 წლის შეცდომა არ გაემეორებინათ და მთავარი აქცენტი გაეკეთებინათ იმ ეროვნებებზე რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ ანუ არა აფხაზებზე, არამედ პირველ რიგში სომხებზე და სომხური საზოგაგადოება უნდა ყოფილიყო მობილიზებული იმისათვის, რომ იმ ერთი კონკრეტული კანდიდატისთვის მიეცა ხმა.

ამ დროს შამბამ გამოიყვანა ტრაპიზონიანი. ეს არის ბაგრამიანის ბატალიონის ხელმძღვანელი, საკმაოდ ავტორიტეტული სომხურ თემში, მაგრამ არა გადამწყვეტი. მან მოსთხოვა სომხებს, მხარი დაეჭირათ შამბასთვის. საინტერესოა, რომ არც ერთმა სომხურმა ორგანიზაციამ, რომელიც აფხაზეთში ფუნქციონირებს, საერთოდ რეაგირება არ მოახდინა მის ნათქვამზე.

გარდა ამისა, ანქვაბის გამოსვლაში კი იყო ძალიან საინტერესო პასაჟები იმასთან დაკავშირებით, რომ ლტოლვილების დაბრუნების პროცესზე უნდა ვიფიქროთ. ისიც საინტერესო იყო, როდესაც მან თქვა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, კანონს შეცვლის და მისცემს რუსეთის მოქალაქეებს უფლებას - აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწები შეისყიდონ.

ეს არის მთავარი უკანდახევა აფხაზური პოლიტიკისა - თუ ეს ანქვაბმა შეასრულა, ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთის ტერიტორიის დეაფხაზიზაციას საფუძველი ჩაეყრება ძალიან მალე. ეს ნიშნავს, რომ ერთადერთი სტრატეგიული, რაც აქვთ აფხაზებს, ანუ ზღვისპირეთი, სადაც ცხოვრობენ აფხაზები ძირითადად, რუსების ხელში გადვა. მათგან დიდი ფულის ფასად რუსები დაიწყებენ ამ ტერიტორიების შესყიდვას. ამ დიდი ფულით აფხაზები წავლენ რუსეთში და იქ დაიწყებენ ცხოვრებას.

- ეს იქ არ ესმით?

- როგორ არ ესმით... აქამდე კბილებით ეჭირათ ეს კანონი და არაფრით არ თანხმდებოდნენ მის შეცვლაზე. ახლა ანქვაბი ამბობს, რომ ამ კანონს შეცვლის, ანუ რუსეთის თვალში მან უცებ ძალიან ბევრი ქულა დაიწერა. არ ვიცი, ანქვაბი კანონს შეცვლის თუ არა, თუკი მოვა ხელისუფლებაში, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მიიღოს ეს კანონი, თუმცა ისეთი წინააღმდეგობები ჩადოს იქ, რომ შესრულებას აზრი არ ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, მოსკოვი ძალიან რომ დაინტერესდა ანქვაბის ამ განცხადებით, ვიცი.

ასევე ნუ დაგვავიწყდება, რომ ანქვაბი მაინც სპეცსამსახურების თანამშრომელია და საკმაოდ ძლიერი გავლენა აქვს.

სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა სამივე კანდიდატის მეორე ნომრები. შამბასა და ანქვაბის მიერ მეორე ნომრების კანდიდატების დასახელების შემდეგ გამიჩნდა აზრი, რომ ორივემ გარკვეული გზავნილი გამოუგზავნა ქართველებს. შამბას მეორე ნომერი - აჭარელი აფხაზია, შამილ აძინმა. იქ არის კიდევ ნიუანსები, რომლებზედაც არ მინდა ვისაუბრო და არაჯანსაღი სიტუაცია შევქმნა ანქვაბის კანდიდატის შემთხვევაშიც.

ხაჯიმბამ კი მეორე ნომრად არძინბას ცოლი დაასახელა. სწორედ არძინბას ცოლი იყო, რომ გაარტყა 2004 წლის არჩევნებზე ხაჯიმბას და დღეს მეორე ნომრად ჰყავს. აფხაზეთში უამრავი ადამიანი დასცინის მას ამის გამო, რომ ქალი, რომელმაც სილა გაგარტყა, გვერდში რატომ უნდა დაიყენო - სულ ერთია, ვინც არ უნდა ყოფილიყო მართალიო...

ამავე დროს, ნუ დაგვავიწყდება, რომ შამბა ორჯერ არის დამარცხებული საპრეზიდენტო არჩევნებში და მყარი წაგებულის იმიჯი აქვს ამ თვალსაზრისით.

- ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებია მიმდინარე წელს ცხინვალის რეგიონშიც?

- იქ სურათი კიდევ უფრო ბუნდოვანია. დიდხანს ევაჭრა კოკოითი რუსეთს, ვითომ რეფერენდუმი მოაწყო - ეს ყველაფერი იყო ვაჭრობა, რათა ეგრძნობინებინა მოსკოვისთვის, რომ მას შეუძლია სიტუაცია შეცვალოს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი არ მისცემს ეკონომიკურ, სასიცოხლო და საერთოდ უსაფრთხოების გარანტიებს.

კოკოითი ემზადება, რომ დარჩეს სამხრეთ ოსეთის პოლიტიკაში, ოღონდ ისეთი ფორმით ვერ დარჩება, როგორითაც სურს. პრეზიდენტობა, გასაგებია, რომ არ შეუძლია, ვერც პრემიერად დარჩება. მოკლედ, მოსკოვს ეს არ უნდა ძალიან. დღევანდელი სიტუაციით, კოკოითის ვაჭრობა ჯერ დასრულებული არ აქვს. ზუსტად ამიტომაც არ ჩანს და ბუნდოვანია პოლიტიკური ელიტის მომავალი.

სხვათა შორის, პუტინის საპასუხოდ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა კოკოითის მარჯვენა ხელმა მედოევმა, რომელიც ელჩია მოსკოვში. როდის იყო მედოევი, რომელსაც თავისი ჩრდილის ეშინია, რამე განცხადებას აკეთებდა. დარწმუნებული ვარ, კოკოითიმ ასჯერ დაურეკა, - გაეთრიე ახლა და განცხადება გააკეთე პუტინის საწინააღმდეგოო. აქაც ითამაშა, რომ ეს არის დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერი და არ დაუშვებს, რომ ვიღაცას შეუერთდეს.

სინამდვილეში, პუტინმა უპახუხა კოკოითის, რომელმაც ცოტა ხნის წინ თქვა, უნდა შევიდეთ სამოკავშირეო რესპუბლიკაშიო. მას პუტინმა უპასუხა ყოჩაღად, სიტყვა "სამოკავშირეო" ამოაგდო და პირდაპირ უთხრა, შემოდი რუსეთის შემადგენლობაშიო. ამიტომ იყო, მედოევი რომ გამოვარდა, რაც კოკოითის მიერ იყო ინსპირირებული. კოკოითიმ მოინდომა პუტინთან ჭიდაობა, რაც ძალიან სასაცილოა.

- დავუბრუნდეთ ჩვენს რეალობას და თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას, რომელსაც ასე დაჟინებით ითხოვს როგორც აფხაზური, ისე ოსური მხარე...

- მე მგონია, რომ უნდა გაფორმდეს ეს თავდაუსხმელობის ხელშეკრულება, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა ისე, როგორც უნდათ რუსებს, სოხუმსა და ცხინვალს. მათი პირობა ასეთია - თავდაუსხმელობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ორ თანასწოუფლებიან ქვეყანას შორის. ეს გამორიცხულია და სისულელეა. თუ გაფორმდება, ამ ნაწილში მარტო მხარეებზე უნდა იყოს ლაპარაკი - მაგალითად, ქართული და ოსური მხარე.

გარდა ამისა, ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელიც დიდი საერთო საკითხის ნაწილია. ამიტომ რაღაც პროცესი უნდა დავიწყოთ ასეთი ტიპის ხელშეკრულების გაფორმებით, ანუ თუ შევქმნით რაიმე გეგმას, იქ უნდა ეწეროს პუნქტი მეორე ან მესამე - თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ პირველი პუნქტი უნდა იყოს უფრო ღირებული და მესამე და მეოთხე ამას უნდა მოჰყვებოდეს. ეს უნდა იყოს წინადადებების პაკეტში, რომლითაც დაიწყება ახალი პროცესი. ის კი არა, ძველი, რომელსაც 20 წელია ვაკეთებთ და დრო მოჭამა. იქ უკვე აღარაფერს მნიშვნელობა არა აქვს.

- ჩვენი ხელისუფლების პოზიცია არის ასეთი - ჩვენი გზა ტერიტორიების დაბრუნებისა არის შორი, მაგრამ სწორი. ეთანხმებით თუ არა ამ პოზიციას?

- ზუსტად მანდ არის განსხვავება ჩემს მიდგომასა და ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიდგომას შორის. მართალია, არავის ეგონა, რომ იმპერიები დაიშლებოდა, მაგრამ იმპერიების დაშლის დროს ხდებოდა ორი რამ: ან ეს იყო აბსოლუტურად მოულოდნელი, ისევე, როგორც მონღოლების მიერ დაიშალა ერთმანეთის მიყოლებით უდიდესი სამთავროები და სახელმწიფოები წინა აზიაში - მოულოდნელი მტერი მოვიდა. მაგრამ იყო იმპერიების დაცემაც, მაგალითად ისე, როგორც დაეცა ბიზანტია - ბიზანტიის დაცემის პროცესი გრძელდებოდა ასწლეულების განმავლობაში. ასევე მოხდა საბჭოთა კავშირის დროს. სტალინის სიკვდილის შემდეგ დაიწყო საბჭოთა კავშირის ნგრევა და დამთავრდა 30 წლის თავზე.

პროცესი იყო ყველა შემთხვევაში დაწყებული, თუნდაც მოულოდნელი თავდასხმის შედეგად დაინგრა სამეფოები, რომელთა სამთავრობო და სახელისუფლებო ვერტიკალს ჭია ჰქონდა გაჩენილი.

საუბარია "შორსა და მართებულზე", თუმცა, ამ შემთხვევაში, პროცესის დასაწყისს ვერ ვხედავ. პირიქით, ვხედავ სულ სხვა რამეს, ვხედავ იმას, რომ საქართველო ამ პროცესის მიღმაა დარჩენილი.

არ ვამბობ, რომ საქართველო სრულებით არის ამოვარდნილი ამ პროცესიდან. ვამბობ, რომ საქართველო პასიურად მონაწილეობს. როდესაც საქართველო აქტიურ მონაწილეობას დაიწყებს ამ პროცესში და დავინახავ, რომ პროცესი დაწყებულია, მაშინ ვიტყვი, შორია თუ ახლოა პერსპექტივა და ეს პროცესი მიგვიყვანს წარმატებამდე თუ არა.

როდესაც ვინმე ამბობს - "ჩვენი გზა ტერიტორიების დაბრუნებისა არის შორი, მაგრამ სწორი" -აუცილებლად უნდა თქვას, რა არის შორი და სწორი. ვკითხოთ: პროცესი დაწყებული გვაქვს? მე უფრო მგონია, რომ ხშირ შემთხვევაში, ლამაზ სიტყვებს ეწირება საქმე.

- პირადად თქვენ, მამუკა არეშიძეს, გჯერათ თუ არა, რომ ხილულ მომავალში საქართველო შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას?

- როგორც კი დაიწყება პროცესი, როგორც კი კრეატიული იდეები გაჩნდება, ძალიან ოილი იქნება რაღაც შედეგზე ორიენტირებული პროცესის დაწყება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმდენი ვარიანტია, რამდენი ქართველიცაა. ქართულ საზოგადოებაში არის ხალხის ერთი ნაწილი, რომლისთვისაც ფრაზა "ომით დაკარგულს ომითვე დაიბრუნებ" - არის წმინდა. არის მეორე ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ სამშვიდობო პროცესი უნდა იყოს ხანგრძლივი და ვნახოთ, რა გამოვა.

ისე, "ომით დაკარგულის ომით დაბრუნებას" - ციხის შიგნიდან გატეხა სჯობს. ომი იგულისხმება, ოღონდ ინტელექტუალური ომი. მეორეც: ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი არის ბალიშზე წამოწოლილი და დარწმუნებულია, რომ სხვა მოაგვარებს მის პრობლემებს. როდესაც ერის დიდი ნაწილი ასეთი განწყობისაა, ის ერი ვერც თავის ტერიტორიას დაიბრუნებს ვერასოდეს და ვერც ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ინტელექტუალური რესურსი, გამოცდილების რესურსი, კავშირების რესურსი და ამას სწორი რეალიზაცია სჭირდება.

ჩვენ გვყავდა მეფე გიორგი ბრწყინვალე, რომელსაც საგარეო ომი თითქმის არ უწარმოებია და ისტორიაში შევიდა "ბრწყინვალის" სახელით, იმიტომ, რომ უდიდესი დიპლომატი იყო და რაც ხმლით იყო გასაკეთებელი, დიპლომატიით მოაგვარა. ამის გაკეთება შესაძლებელია, ოღოდ ახლებური, კრეატიული მიდგომებია საჭირო და იმ ძველი გზის არგანმეორებაა საჭირო სულ მცირე, რომელზედაც 20 წლის განმავლობაში ვიარეთ.

ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკა მომცელიძე

ავტორი: . .