რესპოდენტის შესახებ
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ინფორმაციით, 2011 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 0.326%-ით შემცირდა და 4 585 874 კაცი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, მოსახლეობის რაოდენობა შარშანდელთან შედარებით გაიზარდა და 4 469 200 შეადგინა. „ჯი-ეიჩ-ენი" დაინტერესდა იმით, თუ რომელი ინფორმაციაა რეალობასთან ახლოს; ასევე საქართველოში სხვა დემოგრაფიული მოვლენებით, რაც გამოიხატება შობადობაში, მოკვდაობაში და სხვა საკითხებში. „ჯი-ეიჩ-ენი" საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებულ დემოგრაფიის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელ გიორგი წულაძეს დაუკავშირდა.
- ბატონო გიორგი, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მოსახლობა 2010 წელთან შედარებით 0,326 % -ით შემცირდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი მოიმატა. რეალურად, კლება შეინიშნება თუ ზრდა?
- გააჩნია, ინფორმაციის რომელ წყაროებს დაეყრდნობით. არის საქსტატის ოფიციალური მონაცემები, მაგრამ რადგან ვიცით, რომ იქ შეიძლება უზუსტობები იყოს, ვაკეთებთ მეცნიერულ შეფასებებს. ამ მეცნიერულ შეფასებებს აკეთებს არაერთი ორგანიზაცია, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. მათ შორის, ის ორგანიზაცია, რომელიც თქვენ დაასახელეთ. ასევე, არის ამერიკის აღწერის ბიურო, მსოფლიო ბანკი, გაერო და ა.შ. ამ ორგანიზაციებში არა მარტო მიმდინარე სტატისტიკები შედის, არამედ პროგნოზული გაანგარიშებებიც. ისინი 2050 წლამდე მაინც იძლევიან პროგნოზს - სტანდარტი ასეთია. ის, რომ განსხვავება შეიძლება იყოს დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობაში, გაეროს მონაცემებითაც ჩანს. დღეს ისეთ ეტაპზე ვართ რომ, შეიძლება რაღაც რყევები გვქონდეს. შეიძლება დადებითისკენაც მიდიოდეს და უარყოფითისკენაც...
ყველა მონაცემი გვაჩვენებს, რომ მოხდა საქართველოში შობადობის ზრდა, რაც ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელი იყო. როგორც საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ისევე ჩვენი შეფასებითი მონაცემებით, შობადობის ზრდამ გამოიწვია ბუნებრივი მატება. მოხდა მატების ზრდა. რაც შეეხება მოსახლეობის რაოდენობას: მას 2 კომპონენტი განაპირობებს - ბუნებრივი მატება და საერთაშორისო თუ გარე მიგრაცია. საქსტატის მონაცემებით, გარე მიგრაცია 2010 წელს დადებითი იყო და შეადგენდა დაახლოებით 18 100 კაცს. ჩვენ 15 000 უარყოფით გარემიგრაციის სალდოს ვაძლევთ. გაეროც 15-20 ათასამდე აძლევს. სამწუხაროდ, მიგრაციის სტატისტიკის აღრიცხვა, როგორც ასეთი, მოშლილია. საქსტატი იღებს მონაცემებს საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან. აქ დანაშაულს კი არ აქვს ადგილი, აქ აქვს ადგილი მეთოდოლოგიურ უზუსტობას, რადგან საქსტატი ამბობს, მე არ მაქვს მიგრაციის შესახებ ოფიციალური მონაცემები და ეფუძნება იმას, თუ რამდენი გავიდა წლის განმავლობაში, შემოვიდა. ამ განსხვავებას იღებს როგორც სალდოს და ამას აცხადებს. ეს კი დადებითი იყო. ამბობს, რომ 18 000-ით მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდაო. აქ არის მეთოდოლოგიური უზუსტობა, რადგან საზღვრის გადამკვეთი პირი მიგრანტად ვერ ჩაითვლება. ერთი პირი ბევრჯერ კვეთს საზღვარს, მით უმეტეს, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სასაზღვრო ზოლთან ახლოსაა. გაეროს 2050 წლამდე უდევს უარყოფითი სალდო. 10 000 კაცის მინიმუმ, თანდათან მცირდება. ჩვენ, მაგალითად, ვანგარიშობთ, რომ გაეროს ეს დღევანდელი შეფასება და პროგნოზი შეიძლება მართალი არ აღმოჩნდეს, იმდენად, რამდენადაც პროცესები შეიძლება შეიცვალოს.
ჩვენ გავიარეთ ის სტადია, რომელიც 90-იან წლებში გვქონდა. მით უფრო პირველ ნახევარში. 92-იდან დაიწყო მიგრაციის პიკი. ზოგიერთ წელს სალდო იყო 150 000. აღწერათაშორის პერიოდში, 1989-2002 წლებში, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებითაც კი, უარყოფითმა მიგრაციის სალდომ შეადგინა 900 000-ზე მეტი, თითქმის მილიონი. ანუ ყოველი მეოთხე-მეხუთე კაცი გავიდა ქვეყნიდან. ეს ხდებოდა 1992-95 წლებში. მერე დაიწყო კლება. მიგრაციული პროცესები დიდადაა დამოკიდებული პირობების გაუმჯობესებაზე თუ გაუარესებაზე. 2003-04 წლების პერიოდში სიტუაციამ კიდევ უფრო იწყო დაკლება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გახდა ნულოვანი ან ვიღაცები მორბიან ჩვენთან. სახელმწიფოს კი არ ვაქებ, მაგრამ არ არის ისეთი სიტუაცია, როგორიც იყო 15 წლის წინ. მესამე ეტაპზე რომ გადავალთ და გავხდებით მიმზიდველი მოდერნიზაციის მხრივ, კიდევ უფრო მეტი ხალხი ჩამოვა. კი ჩამოდის ხალხი, მაგრამ ეს არ არის 18 000, როგორც ოფიციალური მონაცემები ამბობს. ქვეყანაში რომ დაიწყოს გასული ხალხის დაბრუნება, ქვეყანა უნდა გახდეს განვითარებული. საქართველოში კი გამოჩნდნენ, ჩინელები და ა.შ, მაგრამ იმავე საქსტატის ინფორმაციით, ისინი არ წარმოადგენენ იმ მასას, რომლებიც მიგრაციის მაჩვენებელში პლუსს ქმნიან. ეს პროცესი დაიწყება, ჩემი ვარაუდით, 2020 წლის შემდეგ. ისიც იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოდერნიზაცია და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება აღმავალი გზით წავა.
- თქვენ ახსენეთ, რომ შობადობამ მოიმატა. იყო თუ არა შობადობის მატება მოსალოდნელი?
- ასეთი მატება 2 წლის განმავლობაში და თან დემოგრაფიული განვითარების ამ ეტაპზე წარმოუდგენელიც კია, მაგრამ დასაშვები შეიძლება იყოს, რადგან გარდამავალ პერიოდში ვართ ახლა. შობადობის მომატების ორი ძირითადი მიზეზია: ერთი არის პატრიარქის ცნობილი მოწოდება, რომელიც 2 წლის წინ, იანვარში იქნა გაკეთებული და მეორე თვითონ დაბადებათა აღრიცხვის გაუმჯობესება. 2010 წელს 4-5000-მდე ბავშვი სწორედ პატრიარქის მოწოდების შედეგად გაჩნდა. ამბობენ, რომ დაიკლო შობადობამ. თუ დაიკლო, ძალიან უმნიშვნელოდ. ყოველ წელს ერთი რაოდენობის ბავშვი ვერ დაიბადება. ერთ წელს შეიძლება ცოტა მეტი დაიბადა, მეორე წელს ცოტა ნაკლები. აქ არის ცვალებადობა რყევის კოეფიციენტების მიხედვით. საქსტატის მონაცემებით, დაიკლო, ჩვენსაში კი მოიმატა. არ აქცევენ ყურადღებას ერთ რამეს: საქსტატის მონაცემები არის მუდმივი მოსახლეობის შესახებ. მოსახლეობა არის რამდენიმე კატეგორიის: მუდმივი, ფაქტობრივი და იურიდიული. საქსტატი ეფუძნება მუდმივ მოსახლეობას. ეგ რას ნიშნავს: საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ ოთხასი ათასზე მეტი შეიძლება ოყოს, მაგრამ ქვეყანაში ფაქტობრივად იმყოფებოდეს 4 მილიონზე ნაკლები. დანარჩენი იყოს საზღვრებს გარეთ გასული, თან არამცირე დროით. კომუნისტების დროს იყო, დროებით არმყოფი და დროებით მყოფი - ნახევარი წელი იყო აღებული. ჩვენ გვაქვს აღებული ერთი წელი. თუ საქართველოს მოქალაქე ერთ წელიწადს არ იმყოფება ქვეყანაში, ცუდი მაგალითია, ჩავთვალოთ მუდმივ მოსახლეობაში.
- შობადობის ზრდით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა?
- შობადობას ვუწოდებთ უკუპროპორციულ დამოკიდებულებას სოციალურ კეთილდღეობასთან. პირდაპირპროცოიული ნიშნავს, რომ იზრდება ჩემი განათლების დონე, იზრდება ჩემი ოჯახის შემოსავალი და ზოგადად სოციალური სტრუქტურა, სოციალური კეთილდღეობა უმჯობესდება და იზრდება შობადობა. უკუპროპორციული ნიშნავს: როდესაც მეზრდება შემოსავალი, მაგრამ ხდება პირიქით. სოციალურ ეკონომიკური სტატუსით სამი საფეხური ავიღოთ: დაბალი, საშუალო და მაღალი. პირობითად ვამბობ ამას. მაღალი შობადობის დონე შეინიშნება დაბალი სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის მქონე ოჯახებში, საშუალოში კიდევ უფრო დაბალი, და მაღალში კიდევ უფრო დაბალი. ანუ რაც იზრდება შენი სოციალური-ეკონომიკური სტატუსი, მდგომარეობა, შემოსავლები, მით უფრო დაბალია შობადობა. ეს არის კანონზომიერი.
-რატომაა კანონზომიერი? გაჭირვებულ ოჯახს ბავშების რაოდენობის ზრდა უფრო მეტ ეკონომიკურ პრობლემას არ შეუქმნის?
- კი, შეუქმნის. ეს ყველაფერი დამოკიდებულია პიროვნების ფასეულობაზე. ადამიანები, რომლებსაც მაღალი შემოსავალი და სოციალური კეთილდღეობა აქვთ, მეტად არიან ორიენტირებული ოჯახის გარე ღირებულებებზე. ვისაც დაბალი შემოსავლები აქვთ, მეტად არიან ორიენტირებული ოჯახის შიდა ღირებულებებზე. მაღალი სოციალური კეთილდღეობის მქონე ოჯახებში უფრო მაღალი ღირებულებას წარმოადგენს პრესტიჟული სამსახური. როდესაც მე ოჯახზე არ ვარ ორიენტირებული და ჩემი სამუშაო არის პრესტიჟსა და კარიერაზე აგებული, რაც მაღალ შემოსავალს უზრუნველყოფს ჩემთვის, ნაკლებად ვარ ორიენტირებული შიდა ოჯახურ ღირებულებებზე. აბსოლუტურად ყველა ასე არაა, მაგრამ რომ აიღოთ პროცენტული რაოდენობით, ეს განაწილება თითქმის იძლევა 2-ჯერ მეტ განსხვავებას. სოციალური გამოკვლევევები ამ მიმართულებით კარგა ხანია მე არ ჩამიტარებია, მაგრამ სხვებს აქვთ ჩატარებული. შობადობის ზრდა არ გამოდის ქვეყნის წარმატებიდან. ის გამოდის უფრო პატრიარქის მოწოდებიდან და სტატისტიკის აღრიცხვის გაუმჯობესებიდან.
- დემოგრაფიისთვი ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჯანდაცვის განვითარებაა, რაზედაც თქვენს ნაშრომშიც ამახვილებთ ყურადღებას. როგორ აისახება ჯანდაცვის ახლანდელი მდგომარეობა დემოგრაფიაზე?
- ჯანდაცვის რეფორმის აზრია, შეამციროს ჩვილთა მოკვდაობა. ეს წმინდა დემოგრაფიული პრობლემაა. ისეთი პროფილაქტიკური ქმედებები უნდა წარიმართოს მოსახლეობაში, რომ გაიზარდოს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ეგეც დემოგრაფიულია. ბუნებრივია, ამ გზით რომ მიდის ჯანდაცვა, დემოგრაფიულ ეფექტს იძლევა. ჩვილთა მოკვდაობა გვიმცირდება, ისე შეიძლება არ გვიმცირდება როგორც გვინდა, მაგრამ, კატასტროფული არ არის, როგორიც იყო 90-იან წლებში. ჩვენი მონაცემებით, სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდამ სტაგნაცია განიცადა, საქსტატის მონაცემებით კი პირიქითაა. ყველა იმ ორგანიზაციის მონაცემით, რომელიც პროგნოზს აკეთებს, 2050 წლისთვის ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდება ორჯერ ან სამჯერ დღევანდელ დონესთან შედარებით. სიცოცხლის ხანგრძლივობა 2050 წლისთვის, სულ ცოტა, 5 წლით გაიზრდება. აქ იგულისხმება, რომ პირობები მოწესრიგდება ჯანდაცვაში. ეს აისახება დადებითი თვალსაზრისით დემოგრაფიაზე. ჯანდაცვის რეფორმა და გაუმჯობესება მიგრაციაზე ნაკლებად აისახება, ხოლო შობადობაზე რამდენადმე შეიძლება აისახოს - ვთქვათ პირველადი ან მეორადი უნაყოფობის მკურნალობაზე. რაც არის მოკვდაობასთან დაკავშირებული - სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვილთა მოკვდაობა, იმაზე აშკარად აისახება.
- მოკვდაობის შესახებ რა მდგომარეობაა საქართველოში? ამჟამინდელი მაჩვენებელი მაღალია?
- ცვალებადობას განიცდის. ორნაირი პროცესი შეიძლება წარმოვიდგინოთ. ერთი შეხედვით, შეიძლება წინააღმდეგობრივად მოგვეჩვენოს, მაგრამ ყველაფერს აქვს ახსნა. შეიძლება მოსახლეობის ათას სულზე მოკვდაობის საერთო დონე იზრდებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ასაკობრივ-სქესობრივ ჯგუფებში მოკვდაობის ინტენსივობა კლებულობდეს. რატომ? საერთო დონე რეალურად არ ასახავს მოკვდაობის ინტენსივობას. მოკვდაობის ყველაზე კარგი მაჩვენებელია სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელიც ემყარება სწორედ ამ ასაკობრივ-სქესობრივ კოეფიციენტს. დაბალი შობადობის გამო მოსახლეობის დაბერების პროცესი მით უფრო ინტენსიურად მიდის. უფროსი ასაკის მოსახლეობა შობადობის კლების კვალობაზე მეტი ხდება, ვიდრე ადრე იყო. უფროსი ასაკის მოსახლეობაში მოკვდაობის კოეფიციენტი, ცხადია, მაღალია, ვიდრე დაბალ ასაკში. ქვეყნებში, სადაც პროფილაქტიკის თვალსაზრისით ჩვენზე მეტად მაღალ დონეზე იმყოფებიან, ორჯერ მეტია მოკვდაობის კოეფიციენტი, საქართველოსთან შედარებით.
- საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ პროგნოზი 2050 წლისთვისაა გაკეთებული. როგორია საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის პროგნოზი არსებული პერიოდისთვის?
- პროგნოზების რამდენიმე ვარიანტია. დღეს არსებული ყველა ჰიპოთეზით, აბსოლუტურად ყველა პროგნოზი იძლევა შემდეგს: მიუხედავად გაზრდილი შობადობისა, გავივლით რაღაც ეტაპს და აუცილებლად დაიწყება შობადობის კლება. აბსოლუტურად ყველა პროგნოზში, 2040-50 წლები რომ ავიღოთ, იღებენ 100 ქალზე 185 ბავშვს. პროგნოზი დამოკიდებულია გარემიგრაციაზედაც, გააჩნია, ჩემს ჰიპოთეზაში რა რაოდენობის გარემიგრაციის სალდოს ვდებ. გაეროს პროგნოზით, 2030 წლის შემდეგ საქართველოსთვის მუდმივი უარყოფითი სალდო იქნება 10 000 კაცი. ეს ხდება 2050 წლამდე. ჩვენ პროგნოზით, გარემიგრაციის სალდო ცვალებადია. ჩვენი პროგნოზით, 2020-2025 წელს მოსახლეობის შემოდინებას ექნება ადგილი. ეს ემყარება მიგრაციული გადასვლის თეორიას და ამ დროისთვის საქართველომ შეიძლება მიაღწიოს მოდერნაციზაციის, ეკონომიკური განვითარების ისეთ დონეს, როდესაც სხვაზე უარესი არ იქნება. ალბათ, გაეროში მიიჩნევენ, რომ საქართველო ამას ვერ მიაღწევს. ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი პრგნოზები კეთდება გაეროს მხრიდან, რადგან ნებისმიერი ინვესტორი, ვიდრე შემოვა, იწყებს სიტუაციის გარკვევას. გაერო თავისი პროგნოზით ეუბნება ინვესტორს, რომ საქართველოს პერსპექტივა არ აქვს. ყველაფერი არის პირობებზე დამოკიდებული. გაეროს საშუალო პროგნოზით, საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის იქნება 3 200 000. ანუ იკლებს. ეს იქნება ორი მიზეზით: უარყოფითი სალდო მიგრაცია და ბუნებრივი კლება. რაღაცა პერიოდში მოკვდაობა აჭარბებს შობადობას. ყველაზე ოპტიმისტური ვარიანტი მოსახლეობის რაოდენობის მხრივ აქვს შეერთებული შტატების აღწერის ბიუროს. იქ 2050 წლისთვის მოსახლეობის ყველაზე მაღალი რაოდენობაა დაფიქსირებული საქართველოში. ძალიან ჰგავს მისი პროგნოზი მსოფლიო ბანკის პროგნოზს. თუ წავიდა იმ ვარიანტით, როგორსაც მე ვგულისხმობ, ჩვენ შეიძლება მივიღოთ საკმაო განსხვავება მოსახლეობის რაოდენობაში. თუ კარგად წარიმართა სიტუაცია ქვეყნის ეკონომიკისა და მოდერნიზაციის თვალსაზრისით, შეიძლება უმნიშვნელოდ ნაკლები ვიყოთ, ვიდრე დღეს ვართ.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ალექსანდრე ნაბახტეველი