მთავრობა "რთველი 2011"-ისთვის მზადებას იწყებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რთველმა კარგად ჩაიაროს.
პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ წელს ყურძნის საკმაოდ კარგი მოსავალი გვექნება.
სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელის თქმით კი, ქარხნებს ყურძნის ჩაბარება 22 აგვისტოდან შეეძლებათ.
"ვიწყებთ რთველისთვის მზადებას და ქარხნების მოწესრიგებას. 22 აგვისტოდან რამდენიმე ქარხანა უკვე მზად იქნება იმისთვის, რომ ყურძენი მიიღოს", - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.
ამასთან, მისივე განმარტებით, ყურძენთან ერთად საკმაოდ კარგია ხილის მოსავალიც.
როგორც კვეზერელმა აღნიშნა, მოსავალი იძლევა იმის საშუალებას, რომ წელს ქვეყანას კარგი მაკროეკონომიკური პარამეტრები ჰქონდეს.