პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ივლისის თვის ინფლაციის დაზუსტებული მაჩვენებლები შეაჯამა. როგორც გილაურმა განაცხადა, მთავრობის მოლოდინი გამართლდა და ინფლაცია კიდევ უფრო შემცირდა.
პრემიერის თქმით, ინფლაციის შემცირების ტენდენცია აგვისტოს თვეშიც გაგრძელდება.
"ივლისში 12-თვიანი ინფლაცია იყო 8,5 %, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში ინფლაციასთან დაკავშირებით მთავარი მაკროეკონომიკური პრობლემა გვქონდა. აპრილ-მაისში ინფლაციის მაჩევნებელმა 14 %-საც კი მიაღწია. როგორც ჩვენ ვპროგნოზირებდით, ეს ყველაფერი გამოწვეული იყო საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდით, რაც შემდგომ დაეცა. შესაბამისად, იგივე მოხდა საქართველოშიც, რამაც გამოიწვია ინფლაციის მაჩევნებლის შემცირება", - განაცხადა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ივლისის თვის ინფლაციის დაზუსტებული მაჩვენებლები გუშინ გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ივლისში 2010 წლის ივლისთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 8,5 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების მატებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები და ტრანსპორტი.
მოცემულ პერიოდში, სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, ფასები გაიზარდა 16,6 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 6,7 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე - 30,4 პროცენტი, რძე, ყველი და კვერცხის ქვეჯგუფზე - 26,4 პროცენტი, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე - 26,1 პროცენტი, ზეთსა და ცხიმზე - 25,6 პროცენტი, პურსა და პურპროდუქტებზე - 21,9 პროცენტი.
ფასები გაიზარდა ასევე ტრანსპორტზე, 16,3 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 1,7 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა: ბენზინზე - 17,3 პროცენტი, დიზელზე - 22,5 პროცენტი, ქალაქს შიგნით ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობაზე - 22,1 პროცენტი.