2011 წლის პირველი ნახევრის ბოლოსთვის "ლიბერთი ბანკის", წმინდა საპროცენტო შემოსავლები წინა კვარტალთან შედარებით 46%-ით გაიზარდა (111%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).
"ბი ჯი კაპიტალის" ინფორმაციით, მეორე კვარტალში წმინდა სესხები 39%-ით გაიზარდა, ხოლო წმინდა საპროცენტო მარჟა 3.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და 11.4% შეადგინა. რადგან საოპერაციო ხარჯები შემოსავლებთან შედარებით ნაკლები ტემპით გაიზარდა, ბანკმა ხარჯების შემოსავლებთან ფარდობის კოეფიციენტი 8 პროცენტული პუნქტით, 69.3%-მდე გააუმჯობესა. სახაზინო და ახალი აქციების განთავსების შედეგად, ბანკის სააქციო კაპიტალი წინა კვარტალთან შედარებით 46%-ით გაიზარდა 31 მლნ აშშ დოლარამდე.
"ლიბერთის 2011 წლის მეორე კვარტლის შედეგები იმედისმომცემია, შედარებით სუსტი პირველი კვარტლის ფონზე. აღსანიშნავია, რომ ბანკი აგრძელებს შემოსავლების
სტრუქტურის დივერსიფიცირებას. ჩვენ აგრეთვე ხაზს ვუსვამთ აქტივების სტრუქტურის გაუმჯობესებას: წმინდა სესხების წილი წინა კვარტალთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 38%-ს მიაღწია. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, ჩვენ ვინარჩუნებთ 2011 წლის წმინდა მოგების პროგნოზს 4.9 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საბალანსო უწყისის მუხლების ზრდამ შეიძლება გადააჭარბოს ჩვენს მოლოდინს. ჩვენ ვინარჩუნებთ ყიდვის რეკომენდაციას კომპანიის აქციაზე", - განაცხადა "ბი ჯი
კაპიტალის" უფროსმა ანალიტიკოსმა ვიტალი ვავრიშჩუკიმ.