2011 წლის ივლისში 2010 წლის ივლისთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 8,5 პროცენტი შეადგინა.
"საქსტატის" ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების მატებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები და ტრანსპორტი.
მოცემულ პერიოდში, სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, ფასები გაიზარდა 16,6 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 6,7 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე - 30,4 პროცენტი, რძე, ყველი და კვერცხის ქვეჯგუფზე - 26,4 პროცენტი, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე - 26,1 პროცენტი, ზეთსა და ცხიმზე - 25,6 პროცენტი, პურსა და პურპროდუქტებზე - 21,9 პროცენტი.
ფასები გაიზარდა ასევე ტრანსპორტზე, 16,3 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 1,7 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა: ბენზინზე - 17,3 პროცენტი, დიზელზე - 22,5 პროცენტი, ქალაქს შიგნით ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობაზე - 22,1 პროცენტი.