ENG / RUS       12+

პაატა ზაქარეიშვილი: ჩვენ მხოლოდ ვლაპარაკობთ და არაფერს ვაკეთებთ, რუსეთი კი ჩვენს ტერიტორიებს ითვისებს და ითვისებს

რესპოდენტის შესახებ

რუსეთ-საქართველოს ომიდან 3 წელი სრულდება. აგვისტოს 5 დღის შედეგებს ორივე ქვეყანა დღემდე იმკის - რუსეთს საერთაშორისო არენაზე "აგრესორი" და "ოკუპანტი" ეწოდა, საქართველო კი მტრადქცეული მეზობლისგან ომამდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენას ისევ უშედეგოდ ითხოვს...

168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე - ესაა დანაკარგი, რომელიც ომის შედეგად მხოლოდ ქართულმა მხარემ მიიღო.

რა სიტუაციაა ომიდან 3 წლისთავზე და რა ემუქრება "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარებულ საქართველოს დაკარგული ტერიტორიების 20 %-ს, რომელთა დეოკუპაციის ნიშანწყალიც ჯერჯერობით არ ჩანს - ამასთან დაკავშირებით, "ჯი-ეი-ენი" კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.


- ბატონო პაატა. 2008 წლის აგვისტოს ომიდან სამი წელი ხდება. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის მოგვარებაზე გათვლილი რამდენიმე დოკუმენტი შეიმუშავა, მათ შორის, სახელმწიფო სტრატეგია. თქვენი აზრით, როგორია დღევანდელი სიტუაცია, რამდენად ქმნის ის დეოკუპაციის შესაძლებლობას?

- ომამდე უფრო კარგი სიტუაცია იყო, ვიდრე ახლაა. დღევანდელი გადასახედიდან, 2006 წლის აგვისტომდე ერთგვარად სანატრელი სიტუაციაც კი იყო - მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, სერგეი შამბა თბილისში ჩამოვიდა და სერიოზული დოკუმენტი ჩამოიტანა... იქამდე, 2005 წლის დეკემბერში, სააკაშვილის სახელზე კოკოითიმ გამოგზავნა დოკუმენტი, სადაც მოლაპარაკებებს გვთავაზობდა, ანუ დიალოგი მიდიოდა. ძნელად, ნელა, მაგრამ მიდიოდა.

ქართულ-აფხაზურ დონეზე მოლაპარაკებები 2006 წლის აგვისტოში გაწყდა, როცა საქართველოს ხელისუფლებამ კოდორის ხეობაში ჯარები შეიყვანა და მოსკოვის ხელშეკრულება დაარღვია. ამ შეთანხმებით არავის ჰქონდა ხეობაში სამხედრო შეიარაღებული ძალების ყოლის უფლება - არც რუსებს, არც აფხაზებს და არც ქართულ მხარეს. იქ მხოლოდ ადგილობრივი მილიცია უნდა მდგარიყო.

2006 წლის ნოემბერში ჩვენს ხელისუფლებას უკვე მეორე შეცდომა მოუვიდა, როცა ახალგორში სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ალტერნატიული არჩევნები ჩაატარა და დიმიტრი სანაკოევი აირჩია. ამჯერად ქართულ-ოსულ ურთიერთობებში გაწყდა ყოველგვარი კონტაქტი, დასრულდა სამშვიდობო პროცესი და დაიწყო გაუცხოება, რაც ეფექტურად გამოიყენა რუსეთმა და ჩაგვითრია, შეგვიტყუა საომარ მოქმედებებში.

2006 წლის შემდეგ (და არა 2008 წლის შემდეგ) არაფერი შეცვლილა. ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში დღეს ისეთივე გაუცხოებაა, როგორიც იყო 2006 წლის ზაფხულიდან მოყოლებული არსებობდა.

სიტუაციის გამოსწორება და სტატუს-კვოს აღდგენა მხოლოდ ქართულ მხარეს არ აძლევს ხელს. ეს შედის აფხაზური, ოსური მხარეების და რაც მთავარია, რუსეთის ინტერესებშიც. მაგრამ რაც უფრო ნაკლებად იქნება ჩართული საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების მოგვარებაში, მით უფრო მიითვისებს რუსეთი ამ ტერიტორიებს. სამწუხაროდ, განსაცვიფრებელია, მაგრამ ისე არავინ ახორციელებს რუსულ პოლიტიკას და რუსულ პროექტებს საქართველოში, როგორც ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება.

- რას გულისხმობთ? რუსულ პროექტებს რაში ხედავთ?

- არ ველაპარაკებით აფხაზურ და ოსურ მხარეს და ყველაფერი რუსეთს მივუყარეთ. ჩვენ მხოლოდ ვლაპარაკობთ, რუსეთი კი ჩვენს ტერიტორიებს ითვისებს და ითვისებს. არაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ.

- ანუ, თქვენი აზრით, იმაში დამნაშავე, რომ სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობაში დინამიკა არ შეინიშნება, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაა?

- არ ვამბობ რომ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაა ამაში დამნაშავე, მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მისი ბრალია. ბუნებრივია, არც ოსები და არც აფხაზები აღტაცებულები არ წამოვლენ ჩვენკენ, მაგრამ რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ 2-3 წლის შემდეგ შედეგი მივიღოთ.

- რისი გაკეთება შეგვიძლია და არ ვაკეთებთ?

- პირველ ყოვლისა, უნდა გავხსნათ ადმინისტრაციული საზღვრები და ყველას, ვისაც სამხრეთ ოსეთში შესვლა სურს, მივცეთ ამის საშუალება. მართალია, არც ოსები უშვებენ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. საზღვრების გახსნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიქნებით მიზეზი ჩაკეტილობის. გარდა ამისა, სერიოზული შეცომაა ისიც, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე არ ვატარებთ არანაირ საქონელს, განსაკუთრებით ახალგორის რაიონში და ხელს ვუშლით ადგილობრივ მოსახლეობას, იქ ფეხი მოიკიდოს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ქართველები დარჩნენ ახალგორის რაიონში, მაგრამ პირიქით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ იქედან წამოვიდნენ - წეროვანში ვუქმნით პირობებს, არადა ახალგორში, განსხვავებით სხვა რაიონებისგან, ქართველების საცხოვრებლად არანაირი პრობლემა არ არსებობს. იქ ნორმალური და ათასჯერ უკეთესი პირობებია, ვიდრე გალის რაიონში. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვინდა ახალგორიდანაც გამოვიყვანოთ მოსახლეობა. ხოლო მათ, ვინც იქ ცხოვრობს და ცდილობს დარჩეს, მოღალატეებს ვეძახით და ათასნაირ პრობლემას ვუქმნით - ხელფასს არ ვაძლევთ, მაქსიმალურად უღირს და აუტანელ პირობებს ვუქმნით.

მე აფხაზეთის პასპორტებსაც ვაღიარებდი, როგორც შიდამოხმარების საბუთს და იმავეს გავაკეთებდი ოსურ პასპორტებთან დაკავშირებითაც. განვაცხადებდი, რომ ეს პასპორტები არის საქართველოს პირადობის მოწმობები და მათზე გავავრცელებდი ყველა სოციალურ უპირატესობებს, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების და ა.შ. კუთხით. გარდა ამისა, ცალსახად მივიღებდი გადაწყვეტილებას, რომ "ყველას ყველაზე" პრინციპით გავცვლიდი პატიმრებსა და ტყვეებს. ნულზე დავიყვანდი ყველა პატიმრის არსებობას და შევქმნიდი კომისიას, რომელიც ადამიანების დაპატიმრებას მომავალში არ დაუშვებდა. ეს პრაქტიკა მსოფლიოში მოქმედებს. ცხინვალში ვერ ვახორციელებთ იურისდიქციას და აქედან გამომდინარე, ჯობს სულ სხვა ფორმებით ვმართოთ ადამიანების ბედი და ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც დაპატიმრებებსა და მძევლად აყვანას შეეხება.

ერთი სიტყვით, იმდენი რამის გაკეთება შეიძლება, ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს, თუმცა საქართველო არაფერს აკეთებს. აუცილებელი არ არის, ყველა წინადადება ერთბაშად შევთავაზოთ, ჯერ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, მერე მეორე...

- თქვენ აფხაზური პასპორტების ლეგიტიმაცია ახსენეთ. ნიშნავს თუ არა ეს სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის გარკვეული ფორმით აღიარებას და ხომ არ მოჰყვება ამას პროტესტი ქართულ საზოგადოებაში?

- რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ეს ფაქტია, საზოგადოებისთვის კი ამ ნაბიჯების აუცილებლობის ახსნაა საჭირო. მეორეც, არაფრის დათმობა არ გვინდა და ისე გვსურს მივიღოთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი?! 20 წელი გავიდა და ამ 20 წელზე ცოტა დავფიქრდეთ. ვინც აღშფოთდება, მან ეს 20 წელი გაიხსენოს - რა ნაბიჯები გადაიდგა საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ? ყველაზე იოლია ყველაფრის უარყოფა. 20 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და ჩემი წინადადებების მიუღებლობის მეტი არაფერი მომისმენია ქართული საზოგადოებისგან. საბოლოო ჯამში, უფრო და უფრო ვეფლობით საკუთარ ჭაობში. კეთილი ვინებოთ და ჩვენს თავს ვკითხოთ, სხვა რა შეგვიძლია გავაკეთოთ? დავუშვათ, ზაქარეიშვილი რეგვენი და მიუღებელია, მაგრამ შენ რას სთავაზობ შენს სახელმწიფოს? მე არ გამიგია არანაირი წინადადება, გარდა იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს და დევნილები უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ სადაა ტერიტორიული მთლიანობა და სად არიან დევნილები?

დევნილების დაბრუნება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კონფლიქტის პოლიტიკურ დონეზე მოგვარების შემდეგ. სამწუხაროდ, დრო მიდის. აფხაზეთიდან დევნილთა ნაწილი უკვე ხანშიშესული, ზოგი კი გარდაცვლილია. მათი შვილები და შვილიშვილები არა აფხაზეთში, არამედ სხვა რეგიონებში იბადებიან. ხდება მათი ინტეგრაცია დანარჩენ საქართველოსთან. ბევრი მათგანი უკვე აღარაა სოხუმელი, არამედ თბილისელი, ზუგდიდელი ან ქუთაისელია. შესაბამისად, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მცირდება იმ ხალხის რაოდენობა, რომელთაც შეიძლება დაბრუნების სურვილი ჰქონდეს. ამიტომ, დროა, ცოტა თვალები გავახილოთ და თავი გავაძრიოთ, იქნებ მივხვდეთ, რაშია საქმე.

- ბატონო პაატა, თქვენი საუბრიდან გამომდინარე ჩანს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიას არ უნდა იწონებდეთ. როგორ ფიქრობთ, დოკუმენტი უნდა შეიცვალოს?

- რა თქმა უნდა. ამას თავიდანვე ვამბობდი. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ სტრატეგიის შემუშავებაში მეც ჩამრთო, მაგრამ როგორც ვატყობ, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ეთქვა "დოკუმენტის შედგენაში ოპონენტებიც მონაწილეობდნენო". სამწუხაროდ, კომისიას არც ჩემი და არც ჩემი კოლეგების მოსაზრებები არ გაუთვალისწინებია.

სტრატეგია თავიდანვე მკვდრადშობილი იყო, რადგან მასში ჩადებული პოზიციები აშკარად ვერ იმუშავებდა. პირველ ყოვლისა, ეს ეხება დოკუმენტის სათაურს: "სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". ჩვენ უკვე გვაქვს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლითაც განვსაზღვრეთ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. კანონი ნებისმიერ სტრატეგიაზე მაღლა დგას, ამიტომაც დოკუმენტში, რომელსაც აფხაზებს და ოსებს ვთავაზობდით, აღარ იყო საჭირო სიტყვა "ოკუპირებულის" ცხვირში შეჩრა. ბუნებრივია, რაც არ უნდა კარგი შინაარსი ჰქონოდა ამ სტრატეგიას, სახელწოდებიდან გამომდინარე, ის მათთვის მიუღებელი იქნებოდა. რაც შეეხება უშუალოდ ტექსტს, ჩემი შენიშვნა მომხდარზე პასუხისმგებლობის გადანაწილებას უკავშირდებოდა. დოკუმენტში საუბარია მხოლოდ რუსეთის პასუხისმგებლობაზე, რუსეთის აგრესიაზე აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართ მაშინ, როცა ისინი არ მიიჩნევენ თავს რუსეთის მსხვერპლად. აფხაზები და ოსები თავს მიიჩნევენ საქართველოს მსხვერპლად. შესაბამისად, მე ვამბობდი, რომ დოკუმენტში ან საქართველოს პასუხისმგებლობის შესახებაც ჩაგვეწერა და გვეთქვა, რომ ქართულ მხარესაც მოუვიდა შეცდომები, ან ვინმეს პასუხისმგებლობის შესახებ ჩანაწერი საერთოდ ამოგვეღო და სუფთა გვერდიდან დაგვეწყო ყველაფერი, რაზედაც ხელისუფლება არ წამოვიდა. კიდევ ერთი შენიშვნა, რაც სტრატეგიასთან დაკავშირებით მქონდა, იმაში მდგომარეობს, რომ მასში აფხაზური და ოსური მხარეები საერთოდ არ ჩანან, როგორც კონფლიქტის მხარეები. ასეთ მხარედ იქ მხოლოდ რუსეთია მოხსენიებული. ერთი სიტყვით, რასაც აფხაზეთსა და ცხინვალს ვთავაზობდით, შინაარსობრივად ცუდი არ იყო, მაგრამ შეფუთვა იყო იმდენად მიუღებელი, რომ, ცხადი იყო, მასზე არავინ წამოვიდოდა. ამიტომაც, ვფიქრობ, სტრატეგია ცალსახად შესაცვლელია.

- ანუ, თქვენი აზრით, დეოკუპაციის დაწყებაზე ფიქრიც კი ნაადრევია იქამდე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან კონფლიქტის გარდა აფხაზეთსა და ცხინვალთან კონფლიქტსაც არ აღიარებს?

- რა თქმა უნდა. მცდარი მიდგომაა, როცა ვამბობთ, რომ კონფლიქტი მხოლოდ მოსკოვთან გვაქვს. ასეთი დამოკიდებულება ისევ ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს.

ის, რაც 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში მივიღეთ, უაღრესად დიდ შეცდომებზე აგებული პოლიტიკის შედეგი იყო, რამაც რუსეთს საშუალება მისცა, კოდორის ხეობაზედაც "გასულიყო", ორივე რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა, მათთან საერთაშორისო ხელშეკრულებები გაეფორმებინა და ამ შეთანხმებების საფუძველზე იქ თავისი ჯარები შეეყვანა.

საქართველოს ხელისუფლების ავანტიურისტულმა და ვულუნტარისტულმა პოლიტიკამ შექმნა ახალი კონფლიქტი - ესაა თბილისი-ცხინვალის კონფლიქტი. მართალია, ქართულ მხარეს ეს არ უნდოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, რუსეთს უნდოდა და გამოვიდა ისე, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. რუსეთმა შეგვიტყუა, მოგვატყუა...

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლელა ბაღდავაძე

ავტორი: . .