რესპოდენტის შესახებ
- ბატონო რამაზ, ფოტორეპორტიორების საქმეს ადვოკატები საზოგადოების მიერ ხელისუფლებაზე მოპოვებულ "პირველ სერიოზულ გამარჯვებად" აფასებენ. თქვენი აზრი როგორია?
- პირველობაზე ცოტას ვიკამათებდი, რადგან არსებული ხელისუფლების პირობებში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა საზოგადოების განწყობამ იქამდე მოაგვარა პრობლემა, ვიდრე საქმე გართულებამდე მივიდოდა. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე გავიხსენოთ ან ის სიტუაცია, როცა პრეზიდენტი ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გამო გადადგა. პრაქტიკულად, ახლაც ანალოგიური მდგომარეობა შეიქმნა. ხელისუფლებისთვის შემდგომი გამწვავება წამგებიანი იქნებოდა და მან გართულებას თავი აარიდა. მგონია, რომ ფოტორეპორტიორებთან ბრძოლის რაუნდში უკან დახევის შემდეგაც ხელისუფლება ეცდება მედიასთან ურთიერთობაში დანაკარგები შეამციროს. მით უმეტეს, რომ დაინახა რამდენად ენერგიული და სოლიდარული მეტოქეა მედია, თუკი მას დაუპირისპირდები. ასეთ მეტოქეს ან თავი უნდა აარიდო, ან სცადო მისი დაქუცმაცება და დასუსტება. რომელ სტრატეგიას აირჩევს ხელისუფლება, ვნახოთ.
- რამდენად მოსალოდნელია, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით უხერხულ და არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდეს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, რადგან ფოტორეპორტიორები ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ასეთ პრეცედენტს ადგილი მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის მართლმსაჯულებაში არ ჰქონია...
- როგორც წესი, საერთაშორისო იურიდიული ინსტიტუტები არც ასე ფაქიზები არიან, რომ ყურადღება მიაქციონ ასეთ დეტალებს და არც ისე გაბედულები, რომ პასუხი მოითხოვონ. თუ ვინმე ხელისუფლებას პასუხს მოსთხოვს, ეს უცხოელი პოლიტიკური ლიდერები იქნებიან, რომლებიც საქართველოსგან დემოკრატიას და ობიექტურ სასამართლოს ისედაც ითხოვენ.
- რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ სიტუაციას... მართალია, ზაფხულია, მაგრამ, ალბათ, არც ასეთი უძრაობაა პოლიტიკისთვის სასარგებლო. როგორ ფიქრობთ, რატომ არის პასიური ოპოზიცია?
- მოძრაობა რომ არ შეინიშნება, ეს რა თქმა უნდა, ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია, რადგან ის არის დაინტერესებული, რომ მისი ოპონენტები პასიურები იყვნენ და ამას მიაღწია კიდეც. მაგრამ მგონია, რომ ეს, ნაწილობრივ, ოპოზიციის ბრალიცაა. ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა ენერგიულობის გარდა აჩვენეს გონიერება (დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები ცდილობდნენ ყველა შეცდომა დაეფიქსირებინათ და ეჩვენებინათ ხელისუფლების თითოეული ნათქვამის წინააღმდეგობა მის მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებასთან, ლოგიკასთან ან ფაქტებთან, ანუ მოქმედებდნენ არა მარტო ენერგიულად, გონივრულადაც), ოპოზიციას კი არც ენერგია გააჩნია და არც გონივრულობა. რაღაცას შეიძლება მიაღწიო მხოლოდ მაშინ, თუ ეს ორი კომპონენტი არსებობს, ჩვენი პოლიტიკური ოპოზიცია კი ამ კომპონენტების და განსაკუთრებით გონივრულობის სიმცირეს განიცდის. მათ მოქმედებებში უფრო ემოციები ჭარბობს და ამიტომაც, პრაქტიკულად, ბოლო რამდენიმე წელია მათი მოღვაწეობის შედეგი არის უშედეგობა. მოცემულ სიტუაციაში მოქალაქეების მხრიდან მათი მხარდაჭერა შესუსტებულია. იქ კი, სადაც ხალხი არ გიჭერს მხარს, პოლიტიკა არ არსებობს.
- თუ პოლიტიკა არ არსებობს, რა შეიძლება ვუწოდოთ ირაკლი ოქრუაშვილს და მის პარტიას, მისი გუნდის უკვე ყოფილ წევრებს, რომლებსაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა "მოღალატეები" უწოდა და საერთოდ, როგორ ფიქრობთ, რატომ საუბრობს ოქრუაშვილი მუდმივად სკანდალების ენით?
- ირაკლი ოქრუაშვილი სკანდალური განცხადებებით ლაპარაკობდა თავდაცვის მინისტრობის დროსაც. ეს სტილი შეიძინა მაშინ. ეტყობა სკანდალს აქვს თავისი მიმზიდველობა - საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მედიის ინტერესის ობიექტი ხარ და ალბათ, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, საკუთარი რეიტინგის შენარჩუნებისთვის სკანდალები გამოდგება, მაგრამ ყოველთვის არა, მხოლოდ ხანდახან. დიდი მნიშვნელობა აქვს რეიტინგის ნიშანს. როცა სკანდალურ განცხადებას აკეთებ იმათ მიმართ, რომელთა გვერდითაც რამდენიმე დღის წინ იდექი, იქ შენ თვითონ აგებ. ქართველებს არ გვიყვარს, როცა ადამიანი ერთ დღეს მეგობარია და მეორე დღეს მტერი.
- "მოღალატეების" თემას რომ ჩავუღრმავდეთ... hყავს ქართულ სახელმწიფოს მოღალატეები?
- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირია ოპოზიციური პარტიების მიმართ ბრალდებები, თითქოს ზოგიერთი მათგანი რუსეთის ინტერესებით მოქმედებს, ვერ ვიტყვი, რომ ის ფაქტებით არის გამყარებული, მათ შორის ისეთი ფაქტებით მაინც, როგორსაც შეჩვეულნი ვართ - ჩანაწერები, აღიარებითი ჩვენებები და ა.შ. ამ მხრივ მასალა ძალიან ღარიბია, თორემ გამორიცხული ნამდვილად არაა, მით უმეტეს, როცა რუსეთზეა საუბარი. რუსეთი ის სახელმწიფოა, რომელიც აგენტურული სქემით უდავოდ იმოქმედებს ყველგან და მათ შორის ისეთ "შეჩვეულ" ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
ფაქტობრივი მასალა იმისა, რომ რუსეთის სასარგებლოდ გადაიდგა და იდგმება ნაბიჯები, უფრო ხელისუფლების მხარესაა. ეს არის ყბადაღებული პრივატიზაციის პროცესი, რომლის დიდი წილიც რუსული კაპიტალის შემოსვლას და მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გადაცემას ემსახურება. ბენდუქიძის იდეოლოგიაა, რომ სტრატეგიული ობიექტები არ არსებობს, რაც თავისთავად უკვე გულისხმობს, რომ ქვეყანამ თავდაცვაზე არ უნდა იფიქროს. როცა ამ ფორმულას იძლევა ადამიანი, რომელიც, მგონი, დღემდე რუსული ბიზნესისთვის ქართული ობიექტების გადაცემის დირიჟორია და ამას დავუმატებთ პუტინის მიერ პრეზიდენტობის დროს გაკეთებულ განცხადებას, რომ "ჩვენ ბიზნესით უნდა შევიდეთ სხვა ქვეყნებში და არა ტანკებითო", ეს ნიშნავს, რომ ამის შესაბამისი იდეოლოგია მოსკოვში მართლაც არსებობს, მით უმეტეს, რომ არც ტანკები დაუკლიათ. ასე რომ, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის წამგებიანი ნაბიჯები (დიდი იმედი მაქვს, რომ უბრალოდ დაუფიქრებრლობით გაკეთებული) უფრო ხელისუფლების მხარეს არსებობს. ოპოზიციის მხარეს, ვიმეორებ, ფაქტობრივი მასალა არაა, თორემ შეძლებით ყველაფერი შეიძლება.
- პოლიტიკურ არენაზე ახალი პარტიის შექმნას არ გამორიცხავენ. გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოების წინაშე ახალი გუნდით წარდგება ლევან გაჩეჩილაძე, ამჯერად კახა კუკავასა და ეკა ბესელიასთან ერთად. ამ ტრიადის პოლიტიკური წარმატების ხარისხს როგორ უყურებთ?
- ლამაზი ტრიადაა, მით უმეტეს ქალითაა დამშვენებული და სხვადასხვა ზომის მამაკაცებით, მაგრამ შეფასებისთვის გამოვიყენებდი იმ კრიტიკას, რომელიც ჟურნალისტური წრეების მიერ ხშირად გაისმოდა "სახალხო კრებისა" და მისი ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მიმართ. კრიტიკა, უმეტესწილად, მიმართული იყო იმისკენ, რომ კრებას ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის არანაირი პროდუქტიული გეგმა არ hქონდა, რაც მოვლენების პროცესშიც გამოჩნდა. ამან კიდევ ერთხელ გამოიწვია საზოგადოების იმედგაცრუება. ანალოგიური მოხდა წინა წლებშიც - პროტესტი კი იყო და ხალხი გამოდიოდა, მაგრამ არ ჩანდა სქემა, გეგმა, ნაბიჯების თანამიმდევრობა, რომელიც ამ ადამიანებს ლოგიკურად გამარჯვებისმაგვარამდე მიიყვანდა. აი, ეს დეფიციტია ქართულ ოპოზიციაში - ბრძოლის სტრატეგიის დეფიციტი. ახლა ბრძოლის სტრატეგია ძირითადად ვაჟკაცობას, ემოციას, მოქალაქეების თავგანწირვას ემყარება, ოღონდ მხედართმთავრის სტრატეგიული ჩანაფიქრის გარეშე. მხარდამჭერების თავგანწირვა შედეგიანი არის მაშინ, როცა სტრატეგია კარგადაა გააზრებული. თუ სტრატეგია კარგად არაა გააზრებული, თავგანწირული ადამიანი მხოლოდ მსხვერპლი ხდება.
თუ ახალი სამეული ახალ სტრატეგიულ მონახაზს გააკეთებს, მაშინ ის შეიძლება იყოს პროდუქტიული, მაგრამ თუ ისიც გააგრძელებს მოქმედებას ფორმულით: "მიშა, მოვდივარ", მაშინ მისი ბრძოლაც დამთავრდება ისე, როგორც ის ეტაპი, როცა ეს ფორმულა იყო ხმამაღლა დაძახებული.
- დაბოლოს, სოციალურ თემაზედაც მინდა გკითხოთ. უკვე რამდენიმე კვირაა თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასური გაძვირდა. პრობლემა მოსახლეობას, ალბათ, აწუხებს, თუმცა აღნიშნულის საპროტესტოდ გამართულ აქციაზე მხოლოდ 30 მოქალაქე მივიდა, რომელთაგანაც ნახევარი მედიის წარმომადგენელი იყო. მიზეზი რა არის?
- გარდა იმისა, რომ ხალხში შიშის ფაქტორი არსებობს (26 მაისის ღამემ, დაუნდობლობამ, დაუნდობლობის შესახებ ინფორმაციის ტირაჟირებამ დიდი სამსახური გაუწია ხელისუფლებას, რადგან ადამიანებში დამკვიდრდა შიში), პრობლემა ეხება ქართულ ხასიათსაც. კახეთს რომ მტერი შეესეოდა, იმერეთი წყნარად იყო, ჩემამდე არ მოვაო. სტრატეგია, როცა გვერდით რაღაც ხდება და შენ თავს არ იწუხებ, რადგან ის იმ წუთას შენ არ გეხება, არ არის დღევანდელი დღის ფაქტი. ეს ჩვენში ზის. ეს იმავე ხასიათის გამოვლინებაა, რომელი ხასიათითაც ნაგავს ფანჯრიდან ყრის ქართველი, მიუხედავად იმისა, რომ სადარბაზოდან რომ გავა, თვითონ წააწყდება იმ ნაგავს. გრძელ ვადაზე გათვლილი ფიქრი და აზროვნება არ ზის ქართველის ხასიათში. ის განწყობებით მოქმედებს და არა იმ სიტყვით, რასაც "სტრატეგია" ჰქვია. ამის გამო ბევრი წამ წაგვიგია ისტორიულად და ალბათ კიდევ ბევრს წავაგებთ.
რატომ არ გავიდა ხალხი აქციაზე? მოქალაქეებმა არ იციან მისთვის შემაწუხებელი რა უფრო აღმოჩნდება - აქციაზე რომ მივიდეს და ტყუილად იდგეს მიტინგზე, თუ მერე რომ მიაკითხავენ და ამ ქმედების გამო პასუხს მოსთხოვენ.
სხვათა შორის, ხელისუფლება, განსხვავებით პოლიტიკური ოპონენტებისგან, ძალიან ჭკვიანურ პოლიტიკას ატარებს. ის ყოველთვის პრაგმატულია. არასდროს მიდის დათმობაზე. თუმცა საკმარისია რაიმე დათმოს (რაც ადვილად გაიშიფრება, როგორც დათმობა), რომ ხალხი შეგროვდება, შეიკრიბება, მოითხოვს...
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლელა ბაღდავაძე