ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძემ მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის ახალი ინიციატივის პრეზენტაცია გამართავა. მისი თქმით, ეს პროექტი გულისხმობს გამდიდრებული და განახლებული სტატისტიკური კვლევის, მეთოდოლოგიისა და ანალიზის შექმნას, რომლის შედეგადაც მივიღებთ გაუმჯობესებულ და დეტალურ ინფორმაციას უცხოელი ვიზიტორების შესახებ.
"ჩვენი სტატისტიკური მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას ვიწყებთ. ეს გულისხმობს დამატებითი კვლევების დამატებას და ანალიზს. აქამდე არ არსებობდა შიდა და გამყვანი ტურიზმის კვლევა და ასევე დაიწყება ეს პროცესი. იქნება ინდუსტრიის მაჩვენებლების კვლევა და ეკონომოკირი მაჩვენებლების ტურიზმის სფეროში, რაც რათქმაუნდა მნიშვნელოვანია არამარტო საზოგადეობისთვის, არამედ კერძო ბიზნესისთვის და სახელმწიფო სტრუქტურისთვის მომავალი გეგმების შემუშავებისთვის და ასევე პოტენციური ინვესტორებისთვის", - განაცხადა სიდამონიძემ.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით ჩატარებულ კვლევაში აისახება აქამდე არარსებული შიდა ტურიზმისა და გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა და ანალიზი. ასევე ტურიზმის სფეროში ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები.
პროექტის ფარგლებში, განხორციელდება აგრეთვე სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების კვლევა. შედეგად მივიღებთ დეტალურ ინფორმაციას სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტზე, საშუალო ფასებზე, ბაზარის მდგომარეობაზე და სხვა ამასთან ერთად გვეცოდინება ორგანიზებული ტურისტების დასვენების მახასიათებლები, მათ მიერ მონახულებადი ადგლები, დანახარჯები და სხვა.
ასევე, შეიქმნება ვებ პორტალი, სადაც განთავსდება კვლევების შედეგები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ასევე დაეგზავნებათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, კვარტლურად მოხდება მიღებული შედეგების პრეზენტაცია მედიისა და საზოგადოებისათვის. იგეგმება აგრეთვე კატალოგის გამოცემა, რომელიც გააერთიანებს აღნიშნულ კვლევებს.
მოცემული კვლევები დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და პირებს დაეხმარება ბაზრის გაანალიზებაში, სტრატეგიის შემუშავებასა და სამომავლო ქმედებების დაგეგმვაში. ასევე მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს პოტენციური ინვესტორების ინფორმირებას ტურიზმის სექტორში ინვესტირების შესახებ საჭირო გადაწყვეტილების მიღებაში. კვლევები საწყისს ეტაპზე ხორციელდება USAID - Economic Prosperity Initiative მხარდაჭერით. კვლევას ჩაატარებს კომპანია ,, ATC" კვლევა.