დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ირინე ქურდაძე ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში რეაბილიტირებულ №2 საჯარო სკოლას გახსნის და წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" განათლების სამნინისტროში განუცხადეს, ყვარლის რაიონის ახალსოფლის №2 საჯარო სკოლას 2009 წელს პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის „იაკობ გოგებაშვილი" ფარგლებში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაზეც 133 000 ლარი დაიხარჯა.
2009 წელს კახეთის რეგიონს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია" ფარგლებში გადაეცა 2 240 000 ლარი, რომლითაც ხორციელდება 33 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, მათ შორის ყვარლის მუნიციპალიტეტის 4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 240 000 ლარი.
პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის "ჩემი პირველი კომპიუტერი" ფარგლებში, ირინე ქურდაძე ყვარლის რაიონის 13 წარჩინებულ მოსწავლეს სწავლაში მიღწეული წარმატებებისათვის პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოებს. სულ კახეთის რეგიონში კომპიუტერებით 327 მოსწავლე დაჯილდოვდება, მათ შორის ყვარელში - 34.