საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მიმზიდველი აჭარაა, ასეთ მონაცემებს მარკეტინგილი კვლევებისა და კონსულტაციის კომპანია ACT აქვეყნებს. 
ACT-ის ინფორმაციით, ბოლო წლების მანძილზე  ქვეყანაში ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. 
"სახელმწიფო სტრუქტურები აქტიურად მუშაობენ საქართველოს ტურისტულ სტრატეგიებზე.  კვლევებზე დაყრდნობით  ტურიზმის სააგენტომ და კომპანია ACT-მ შეიმუშავეს ტურისტული საქართველოს ბრენდის პლატფორმა,  როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის სტრატეგიული პოზიციონირება. განისაზღვრა ის ძირითადი განაცხადი და "ბრენდ შეტყობინება", რამაც საქართველო მიმზიდველად უნდა აქციოს უცხოელი ტურისტებისთვის"- აცხადებენ ACT-ში.  
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველა კუთხეს განსაკუთრებული და ინდივიდუალური ხიბლი აქვს, ACT დაინტერესდა რას ფიქრობენ თავად საქართველოს მოქალაქეები და რომელი რეგიონი მიაჩნიათ  ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველად. აღმოჩნდა, რომ აჭარა უპირობოდ ლიდერობს - გამოკითხულთა 47%-მა სწორედ ეს მხარე დაასახელა. გამოკითხვის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობას ყველაზე პერსპექტიულად სწორედ აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის (18 %)  ტურისტულად განვითარება მიაჩნია. თუმცა, მოქალაქეები კახეთსა (10%) და რაჭა-ლეჩხუმსაც (9%) საკმაოდ მიმზიდველად თვლიან.
 გამოკითხულთა 7 %-თვის მიმზიდველია სამცხე-ჯავახეთი, ხოლო მცხეთა-მთიანეთი მიმზიდველი მხოლოდ 4 %-თვის აღმოჩნდა. 
თანაბარ პოზიციაზე აღმოჩნდნენ და შესაბამისად, 1-1 %-ით მიმზიდველი გამოდგა გამოკითხული რესპოდენდებისათვის თბილისი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და გურია. 
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის  იანვარში გამოიკითხა თბილისისა და რეგიონების  1000 ზრდასრული მაცხოვრებელი. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 3.5%.