ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყნის ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა და ტენდენცია დაფიქსირდა, ზოგი ხილვადი, ზოგიც - ნაკლებად. ერთი შეხედვით, მათ ერთმანეთთან ლოგიკური კავშირი არ უნდა ჰქონდეთ. არადა, თუ გავაანალიზებთ, კავშირს არათუ დავინახავთ, ვიგრძნობთ კიდეც, რადგანაც იმას, რაც ამ მოვლენებსა და ტენდენციებს აკავშირებს, ჩვენი სახელმწიფო ჰქვია, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ცხოვრობს და აპირებს ცხოვრებას.
ამ დღეებში პირველად, საჯაროდ, მასმედიით, საექსპერტო მოსაზრების დონეზე გაცხადდა ის, რაზედაც, თემის სენსიტიურობის გამო, ბევრი გაურბოდა საუბარს. აღინიშნა, რომ საქართველოში არსებული რეჟიმი, რომელსაც ზოგი ტოტალიტარულს უწოდებს, ზოგი დიქტატურას, ზოგიც კი რბილ ავტორიტარიზმს, მხარდაჭერილია საერთაშორისო წრეებისა და ზოგადად, დასავლეთის მიერ. თუკი სტაბილურობის შენარჩუნება და საკუთარი სტრატეგიული ინტერესების რეალიზაცია, თუნდაც დემოკრატიის დეფიციტის ხარჯზე, არის ის ფორმულა, რომელიც დასავლეთმა საქართველოსთან მიმართებაში აირჩია, მაშინ სულ ტყუილად ირჯება ოპოზიცია, როდესაც დასავლელ დიპლომატებთან ნიანგის ცრემლებს ღვრის სააკაშვილის რეჟიმის ავტორიტარული მოქმედებების გამო. სწორედ სააკაშვილისა და მისი გუნდის ურყევი მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან გვაფიქრებინებს, რომ დასავლეთმა ჯერჯერობით ვერც ერთი ოპოზიციური პარტიისა თუ ლიდერისგან ვერ მოისმინა და ვერ მიიღო ის, რაც მას სააკაშვილის მხარდაჭერას გადააფიქრებინებდა. ამის შესახებ, სხვათა შორის, არაერთი საერთაშორისო ექსპერტიც საუბრობს, მაგრამ რაკი ამაზე მსჯელობა ადგილობრივ დონეზედაც დაიწყო, ეს შეიძლება საზოგადოებრივი აზრის გარკვეული მიმართულებით ამოძრავების მიზეზი გახდეს. სწორედ ასეთ დროს უმძაფრდება ხოლმე საზოგადოებას თვითმყოფადობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მოთხოვნა.
სწორედ ამის დასაწყისი შეიძლება გახდეს, ერთი მხრივ, მართლმადიდებელი მრევლის გააქტიურება სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯების საპასუხოდ და, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ დაწყებული მოძრაობა ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.
დღეს ბევრს საუბრობენ იმ მიზეზ-გარემოებებზე, რომელთა გამოც ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით, პატრიარქის აზრისა და თხოვნის დამამცირებელი ფორმით იგნორირებით მიიღო კანონი რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებით, რომლითაც, ფაქტობრივად, მოხდა საქართველოში მოქმედი კონფესიების გათანაბრება. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის ფონზე რა ენთუზიაზმით მიესალმნენ ამ კანონის მიღებას აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა, შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთი გასროლით რამდენიმე კურდღელი მოკლეს. მათ დიდი ჟესტი გაუკეთეს სომხეთს და ამით თავიდან აიცილეს მოსალოდნელი გართულებები, რომლებიც, როგორც ამბობენ, საკმაოდ რეალური იყო; როგორც იქნა, შეასრულეს დასავლეთის მიერ საქართველოსთვის არაერთგზის დაყენებული მოთხოვნა კონფესიების უფლებრივ გათანაბრებაზე და საჯაროდ დამცირებით კიდევ ერთხელ გაჰკრეს კბილი პატრიარქსა და მართლმადიდებელ ეკლესიას. თუმცა მთავარი სარგებელი მმართველმა პარტიამ მიიღო იმით, რომ რელიგიურ გაერთიანებებზე კანონის მიღებით დასავლეთის წინაშე კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს საკუთრი თავი ქვეყანაში დასავლური ღირებულებების მატარებელ და დასავლეთის ყველაზე ერთგულ გუნდად, ხოლო ქართული საზოგადოებისა და ოპოზიციის უმრავლესობა კი - ანტიდასავლურ ძალად. დასავლეთისადმი მათი გზავნილიც შესაბამისია: "გაგვიფრთხილდით, მხარი დაგვიჭირეთ, ხელისუფლებაში შეგვინარჩუნეთ, თორემ ხელისუფლებაში სულ სხვა ძალებს მიიღებთ!"
ასეა თუ ისე, აღნიშნული კანონის მიღებით სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და უშუალოდ პატრიარქ ილია II-სთან დაპირისპირება ახალ და უფრო მწვავე სიბრტყეში გადაიყვანეს და ფაქტობრივად, პატრიარქი, ეკლესია და მრევლი გამოწვევის წინაშე დააყენეს.
უკვე მეორე დღეა, თბილისში აღნიშნული კანონის მოწინააღმდეგე მრევლის მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პატრიარქის საკვირაო ქადაგებაში უჩვეულოდ მკაცრი განცხადება გაისმა: "ვინც დაამცირებს ეკლესიას, აუცილებლად ისჯება." ფაქტობრივად, ეს არის მოწოდება მრევლისადმი. ამბობენ, რომ მარხვის გამო ეკლესია თავს იკავებს საზოგადოების მისამართით უფრო მკვეთრი მოწოდებების გაკეთებისგან და რომ პეტრეპავლობის მარხვის დასრულების შემდეგ, საზოგადოებრივი პროტესტი, სავარაუდოდ, უფრო ფართო ხასიათს შეიძენს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი შეიძლება იყოს საზოგადოებაში თანდათანობით დამკვიდრებული აზრი, რომ სეკულარიზაციისა და დემოკრატიული პლურალიზმის სახელით ხელისუფლება ქვეყნის მთავარი რელიგიური ცენტრის, მართლმადიდებელი ეკლესიის დაკნინებასა და დისკრედიტაციას ცდილობს. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მოუთმენლად ელოდება საზოგადოებაც, მრევლიც და, ალბათ, ხელისუფლებაც, მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული, როგორ მიმართულებას მიიღებს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა.
სავარაუდოდ, ხელისუფლება რელიგიურ ნიადაგზე აგორებულ უკმაყოფილებას გარკვეულ დრომდე თვიდინებაზე მიუშვებს, შემდეგ კი ნაცადი მეთოდებით იმოქმედებს. როგორც ინფორმირებული წყაროები ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგ სასულიერო პირებზე კომპრომატები აქვს.
რელიგიურ გაერთიანებებზე მიღებულ კანონთან დაკავშირებულმა ატეხილმა ვნებათაღელვამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორი მძაფრია ჩვენს სახელმწიფოში ღირებულებათა სისტემების კონფლიქტი. თუმცა თუ საკითხს სხვა მხრიდან შევხედავთ, იქნებ სწორედ ეს არის დემოკრატიისთვის დამახასიათებელი აზრთა პლურალიზმის გამოვლინება... თუმცა რატომღაც ჩვენს სახელმწიფოში ოფიციოზისგან განსხვავებული აზრი ლამის სამშობლოს ღალატთან, უკეთეს შემთხვევაში კი რეგრესთანაა გაიგივებული.
ალბათ, ასეთივე დამოკიდებულება ექნებათ ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერებს იმ ინიციატივებთან, რომლებიც ამ დღეებში აწ გარდაცვლილი "რვიანისგან" დარჩენილმა "ექვსეულმა" და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა გამოაცხადა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. გზავნილმა - " არჩევნებს იგებს მილიონი ადამიანი და არა მილიონი ლარი!" რომელიც "ექვსეულისგან" ახლად შექმნილმა კოალიციამ "თავისუფალი არჩევანისათვის" გააკეთა - კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, თუ რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ბედის ირონიაა, რომ სწორედ არჩევნების გაყალბების საბაბით დაწყებული "ვარდების რევოლუციიდან" რვა წლის თავზე საქართველოში კვლავ პრობლემაა სამართლიანი არჩევნების ჩატარება. თუმცა იჩენს კი დასავლეთი საკმარის პრინციპულობას, რომ ეს პრობლემა მოიხსნას? მან ჯერჯერობით ჩვენი საზოგადოება ამაში ვერ დაარწმუნა, რადგანაც საზოგადოებამ არ იცის, სად გადის დასავლეთისთვის არჩევნების გაყალბების ზღვარი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძალაუნებურად უკვე ეჭვი ჩნდება - ხომ არ შეუთანხმეს წინასწარ "ნაციონალებმა" თავიანთი ახლანდელი საარჩევნო წინადადებები დასავლეთს, როდესაც ასე თავდაჯერებულად და ულტიმატუმის ფორმით შესთავაზეს ოპოზიციას... ეს ეჭვი უფრო ძლიერდება, როდესაც ოპოზიციის ნაწილის მიერ ხელმოწერილი ხელისუფლების ეს წინადადებები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით ვერ უზრუნველყოფს თავისუფალ არჩევვნებს, დასავლეთის წარმომადგენელთა მხრიდან უკვე შეფასდა, როგორც "წინგადადგმული ნაბიჯი."
კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის ცვლილებების სიხშირით საქართველო, როგორც სახელმწიფო, შეიძლება მართლაც სავალალო რეკორდსმენი გახდეს. პარლამენტართა რიცხოვნობის გაზრდის გამო შარშან მიღებულ კონსტიტუციას ხელახალი ცვლილებები ელის. პარლამენტის „გასუქების" სასარგებლოდ კი დასაბუთებული არგუმენტები საზოგადოებას ხელისუფლებისგან ჯერაც არ მიუღია.
საარჩევნო გარემოს საკუთარ ინტერესებზე მორგებით ხელისუფლებამ ქვეყანაში რეალური პოლიტიკური დიალოგის სივრცე აღარ დატოვა და ის ფსევდოპოზიციასთან "დიალოგის" სუროგატით ჩაანაცვლა. ამ "დიალოგის" მონაწილე "ოპოზიცია" ფაქტობრივად, ლეგიტიმაციას უკეთებს ისეთ საარჩევნო გარემოს, რომელმაც 2012 წლის არჩევნებში "ნაცმოძრაობის" გამარჯვება უნდა უზრუნველყოს.
შექმნილ სიტუაციაში "ექვსეულის", როგორც პოლიტიკური კოალიციის, ბედი და მათი პოლიტიკური შანსები (თუკი რომელიმე სუბიექტი ხელისუფლებას არ გაურიგდა), თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ხალხისა და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერაზე, მათ პროფესიონალიზმსა და შემართებაზე, რადგანაც დასავლეთის მხარდაჭერის იმედი "ექვსეულს" ამ ეტაპზე, ალბათ, ნაკლებად უნდა ჰქონდეს. თუმცა უცნობია, აცნობიერებენ თუ არა ამას "ექვსეულის" წევრები.
გავა წლები და "ფოტოგრაფების საქმეს" საზოგადოება ისევე გაიხსენებს, როგორც თავის დროზე საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ დიდი რიხით შეკერილ და შემდეგ საპნის ბუშტივით გამსკდარ "საქმეებს." ამბობენ, რომ ხელისუფლებას "ფოტოგრაფების საქმე" გასულ კვირას წამოჭრილ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაფარად დასჭირდა. შესაძლოა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელმაც წინა დღით "Эхо Москвы"-სთან ინტერვიუში წაიტრაბახა რუსეთის სპეცსამსახურებთან ბრძოლაში წარმატებები, სიტყვის "საქმით" დამტკიცება მოისურვა. ბევრს, ალბათ, უხერხულობის განცდა დაეუფლებოდა, როდესაც "Эхо Москвы"-ის რედაქტორმა "დემოკრატიის შუქურად" წოდებულ საქართველოს საზოგადოებას დელიკატურად შეახსენა, რომ "ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მთელ მსოფლიოში უკვე დიდი ხანია, რაც აღიარებითი ჩვენება მტკიცებულებად აღარ მიიჩნევა." ვიდრე შსს დამატებით და დამაჯერებელ მტკიცებულებებს არ წარმოადგენს, საზოგადოება სამართლიანად ჩათვლის, რომ ფოტორეპორტიორები ხელისუფლებისთვის საჩოთირო სინამდვილის ამსახველი ფოტომასალის გავრცელებისთვის ისჯებიან.
"ფოტოგრაფთა საქმეს", წესით, შსს-ის, სახელმწიფო დაცვისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა „საქმეებიც" უნდა მოჰყვეს. თუკი დაპატიმრებულ ფოტოგრაფებს ხელი მიუწვდებოდათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის სქემაზე და შეეძლოთ გადაეღოთ დოკუმენტი შსს-ისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ერთობლივ გეგმაზე პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით და ა.შ., გამოდის, რომ აღნიშნული უწყებების ცალკეული წარმომადგენლები ან თავად არიან ჩართული ჯაშუშურ ქსელში, ან სამსახურებრივ მოვალეობას ვერ ასრულებენ სათანადოდ. ჯერჯერობით, „ფოტოგრაფთა საქმიდან" ხელისუფლებამ სარგებლის ნაცვლად მისი იმიჯის კიდევ უფრო მეტი ზიანი მოიმკო. არადა, არც უკანდახევა გამოდის და, სავარაუდოდ, ფოტორეპორტიორებს სასჯელს მაინც გაუფორმებენ, რომ სხვებს არ გაუჩნდეთ სიმართლის გავრცელების „ცდუნება".
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შემყურე მოქალაქეს ბუნებრივად უნდა გაუჩნდეს კითხვა, თუ როგორ სახელმწიფოში ცხოვრობს თავად და როგორ სახელმწიფოში იცხოვრებენ მისი შთამომავლები. რატომ არის, რომ რეჟიმი ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას, მიუხედავად იმისა, რომ მისდამი საზოგადოების უმეტესი ნაწილი, ღიად თუ ფარულად, მაინც კრიტიკულად არის განწყობილი?
თავიანთ ცნობილ ნაშრომში "Open Authoritarian Regimes: Surviving and Thriving in the Liberal International Order" ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მკვლევარები ნააზენ ბარმა, ელი რატნერი და რეჯინ სპექტორი საკმაოდ თვალსაჩინოდ აჩვენებენ, თუ როგორ ახერხებენ ავტორიტარული რეჟიმები არათუ გადარჩენას, არამედ აყვავებასაც კი თანამედროვე ლიბერალურ მსოფლიო წესრიგის პირობებში. მათი აზრით, ამჟამინდელი საერთაშორისო სისტემა განსაკუთრებით კომფორტულია გარკვეული ტიპის ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომლებიც საერთაშორისო სისტემასთან თავიანთ კავშირებს იყენებენ თავიანთ ქვეყნებში თავიანთი ძალაუფლების გასამყარებლად. ეს გულისხმობს ლიბერალურ საერთაშორისო წესრიგთან სელექტიური ინტეგრირებით ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მიღებას და ქვეყანაში არალიბერალური პოლიტიკური სისტემის შენარჩუნებას. მკვლევართა აზრით, ცალკეული ავტორიტარული რეჟიმები უკვე დახელოვნდნენ საერთაშორისო კავშირებიდან დივიდენდების "ამოქაჩვაზე" საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მოთხოვნილი რეფორმებისგან თავის არიდებით. მეტიც, მათ წარმატებით მოახერხეს სხვადასხვა შემოვლითი სოციალურ-პოლიტიკური მანვერით ადგილობრივ სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნება და იქით სთავაზობენ საერთაშორისო თანამეგობრობას ინოვაციური და რეფორმისტული მმართველობის ალტერნატიულ მოდელებს.
საქართველო ყოველივე ზემოთქმულის კლასიკური მაგალითია. ჩვენმა საზოგადოებამ თვალნათლივ დაინახა, თუ როგორ მოახერხა ბუნებით ავტორიტარულმა რეჟიმმა საერთაშორისო მდგომარეობის გამოყენებით გამკლავებოდა ადგილობრივ ზეწოლებს, წინააღმდეგობებსა და გამოწვევებს, რომლებსაც თითქოსდა რეჟიმის გარდუვალი დაცემა უნდა გამოეწვიათ.
ზაალ ანჯაფარიძე