რესპოდენტის შესახებ
- ქალბატონო მარიკა, როგორ შეაფასებთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონს, რომელიც საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს და როგორ ფიქრობთ, რისკენ არის მიმართული?
- ამ კანონის მიღება ასე დაჩქარებულად და ასე დაუფიქრებლად არ შეიძლება. ეს კანონი, როგორც ახლა მიიღეს, ფაქტია, რომ აკნინებს ჩვენი მთავარი, მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობას. ეს იყო სრული უტაქტობა. პატრიარქის განცხადებას არავითარ ანგარიშს არ უწევენ. უტაქტობას თავი დავანებოთ, სახელმწიფოში არის კანონი, შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფო ხელისუფლებას შორის, რომელიც, მოგეხსენებათ, დიდი დავის შემდეგ იქნა მიღებული და არც ამ კანონს უწევენ არავითარ ანგარიშს. ასეთ ვითარებაში, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ვიღაცის ინტერესებში შედის. საქართველოსა და მისი ეკლესიის ინტერესებში რომ არ შედის, ეს ფაქტია.
- ეჩმიაძინმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმების პირველი ნაწილია. რა შეიძლება იყოს მეორე ნაწილი?
- შეთანხმება თითქოს მიღწეული იყო იმაზე, რომ სომხურ ეკლესიას რა სტატუსიც მიენიჭებოდა საქართველოში, იგივე სტატუსი უნდა მინიჭებოდა ქართულ ეკლესიას სომხეთში. მაგრამ ამაზე სომხურმა ეკლესიამ უარი განაცხადა. მას უნდა, ჰქონდეს იურიდიული სტატუსი, მას უნდა, ყველა ეკლესია, რაც არის, დაისაკუთროს, მას უნდა, მიიღოს უფლება მიწის საკუთრებაზე. როდესაც პატრიარქმა პრეზიდენტს სთხოვა, ვეტო დაედო (და მას ამის უფლება ჰქონდა), სააკაშვილმა თხოვნა არ შეასრულა და კანონპროექტს მაინც მოაწერა ხელი. სწორედ ამისთვის გადაუხადა მადლობა ეჩმიაძინმა სააკაშვილს.
- როგორ შეიძლება მოგვარდეს რელიგიური უმცირესობების საკითხი?
- ,ჯერ ერთი უნდა გითხრათ - რომელი რელიგიური უმცირესობა, სომხეთის გარდა, აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესია ან მოსახლეობა ავისწროებს?! თუ არსებობს ერთი ფაქტი მაინც, რომ ქართველებმა ეროვნული და სარწმუნეობრივი განსხვავების საფუძველზე, ვინმეს რამე ზიანი მიაყენეს. აი, დამისახელეთ ასეთი ფაქტი. ამიტომ მოთხოვნები, რომ შენზე მეტი უფლებები მქონდეს შენ სახელმწიფოში, სრულიად მიუღებელია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პრეზიდენტისთვის მისაღებია.
- არის თუ არა შესაძლებლობა იმისა, რომ სომხებმა საქართველოში მიწის დასაკუთრება მოინდომონ?
- რასაკვირველია, რად უნდა მაგას კამათი. აქეთკენ მიდის ყველაფერი, რომ ასე მოხდეს და მოითხოვონ ქართული მიწების საკუთრებაში გადაცემა.
- კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხოთ: ბრიტანული ენციკლოპედიის, „ბრიტანიკას" ინფორმაციის მიხედვით, ქართული დამწერლობა მესროპ მაშტოცმა შექმნა... არსებობს თუ არა საფუძველი ამის თქმისთვის?
- მეხუთე საუკუნის სომეხი ისტორიკოსი წერს ამას. მაგრამ, ჯერ ერთი სადავოა, რომ ის მეხუთე საუკუნის ისტორიკოსია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ხელნაწერი გვიანდელია და ის მერეა სხვადასხვა წელს ჩამატებული. მეცნიერთა მტკიცებით, ვისზედაც არის საუბარი, რომ ქართული დამწერლობა შექმნა, მან ქართული არ იცოდა და ვიღაცა ქართველის დახმარებით შექმნა ქართული ანბანი. შემდეგ ალბანეთში გადავიდა. არც იქაური ენა იცოდა და ვიღაცა იქაურის დახმარებით შექმნა ალბანური. სირცხვილია ამაზე ლაპარაკი. შეიძლება კაცმა, რომელმაც ენა არ იცის, ანბანი შექმნას?! მაგრამ ამას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს მთელ ევროპაში და ამერიკის შეერთებული შტატებაში. მოგეხსენებათ, სომხების მდგომარეობა ამ ადგილებში. ჩვენ ვერაფერში მოვერიეთ მაგათ.
- როგორ უნდა „მოვერიოთ"?
- ამ ეკლესიის ამბის გამო ძალიან აღელევებული ვარ. რა ვიცი, როგორ უნდა მოვერიოთ... ბრიტანიკას ასე ცალმხრივად ამ საკითხის განხილვა არ ეკადრება. როდესაც რომელიმე ქვეყნის ან ერის მატერიალურ კულტურას ეხება საკითხი და ამაში ჩარეულია სხვა სახელმწიფო, უნდა მიმართონ კონკრეტულად იმ სახელმწიფოს მნიშვნელოვან სამეცნიერო დაწესებულებას და მათგან უნდა მიიღონ ინფორმაცია. მაგრამ ამას არ აკეთებენ, რადგან სომხები ამაზე ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ. გულწრფელად გეტყვით: ნეტა არ მოვსწრებოდი ამ ყველაფერს!
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლექსო ნაბახტეველი