ხვალ, 1-ელ ივლისს ბათუმი საერთაშორისო ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. იმავდროულად, თურქეთის ბიზნეს ასოციაცია TURKONFED-ს და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორისურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც ცნობილია, 1-ელ ივლისს, 10:00 საათზე, "ბათუმის შერატონში" ''საქართველოს მეწარმეთა კონფედერაცია'' შავი და კასპიის ზღვების აუზის ქვეყნების ბიზნეს ასოციაციების კავშირის (UBCCE) ორ დღიან ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს.
UBCCE აერთიანებს 16 ქვეყნის 19 ბიზნეს ორგანიზაციას და ყოველწლიური შეხვედრისთვის ირჩევს ერთ-ერთ წევრ ქვეყანას.
საქართველოში აღნიშნული ფორუმი პირველად ტარდება, რომლის მიზანია რეგიონში ეკონომიკური კავშრების გააქტიურება და ჩამოსული სტუმრებისთვის საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების გაცნობა. შავი და კასპიის ზღვების ქვეყნების კომპანიების და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან ქვეყანას და ექნებათ პირისპირ შეხვერდები ადგილობრივ კომპანიებთან.
ფორუმის პროგრამის ფარგლებში, ‘'საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციას'', თურქეთის ბიზნეს ასოციაცია TURKONFED-ს და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნების შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, ბიზნეს კავშირების ხელშეწყობას, ერთობლივი გამოფენების, ფორუმების და ა. შ. ორგანიზებას. TURKONFED -თურქეთის ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაციაა და აერთიანებს ქვეყნის 2000-მდე მცირე და საშუალო საწარმოს.
ფორუმის პროგრამა ასევე დაეთმობა, გერმანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო GIZ და UBCCE-ს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, საქართველოში განახლებადი ენერგიების შესაძლებლობების სტრატეგიის განხილვას.
ბიზნეს ფორუმის მონაწილეები გაეცნობიან, როგორც ქვეყნის პოტენციურ საინვესტიციო პროექტებს, ასევე საქართველოში ინვესტიციების განმახორციელებელი, მსოფლიოში ცნობილი კომპანიების: HiPP, Nurol, Heidelberg, RAKIA ფოთის ინდუსტრიული ზონა და ა.შ. გამოცდილებას.
ბიზნეს ფორუმს 16 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრება, რომელთა შორისაა: თურქეთი, გერმანია, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, და ა.შ. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია და მონაწილეობა მიიღოს ფორუმში.
შეგახსენებთ რომ, ‘'საქართველოს მეწარმეთა კონფედერაცია'' 2008 წელს დაარსდა, და ამ დროიდან აქტიურად მუშაობს წევრი კომპანიების განვითარების და მათი ბიზნეს კონტაქტების გაფართოების მიმართულებით. ‘'საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის'' ინიციატივით, ბიზნეს ფორუმის ჩატარების ადგილად სპეციალურად შეირჩა აჭარა, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული რეგიონი. ფორუმის ფარგლებში, აჭარაში დაიგეგმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების და ასევე ფოთის თავისუფალი ინდუტსრიული ზონის დათვალიერება.