ლიტვის ექს-პრეზიდენტი როლანდ პაქსასი თანამდებობიდან 2004 წელს გადააყენეს, რადგან მან უარი განაცხადა ქვეყანაში ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის საიდუმლო ციხის განთავსებაზე. ამის შესახებ თავად ექს-პრეზიდენტმა, ამჟამად კი ევროპარლამენტის დეპუტატმა როლანდ პაქსასმა განაცხადა.
ექსპერტების აზრით, 2004 წელს იმპიჩმენტის პროცედურის უკან სავსებით შესაძლებელია აშშ მდგარიყო, მით უმეტეს, რომ ამ პოლიტიკოსის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ვილნიუსთან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ობიექტი გაჩნდა. ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი' წერს.
გაზეთის ინფორმაციით, ეს სენსაციური აღიარება პაქსასმა ლისტვის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მიმდინარე მოსმენების დროს გააკეთა. სახელმწიფოს ახლანდელი მეთაურის დალი გრიბაუსაიტეს დავალებით დეპუტატები 2004-2005 წლებში ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი საიდუმლო ციხის არსებობის შესახებ გამოძიებას აწარმოებენ.
"პრეზიდენტობის თანამდებობაზე მუშაობიდან გამომდინარე, ვიცი, რომ ლიტვაში ტერორიზმში ბრალდებული პირების ჩამოყვანის სურვილი არსებობდა", _ განაცხადა პაქსასმა და დასძინა, რომ 2003 წლის გაზაფხულზე ლიტვის მაშინდელმა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა მეჩის ლაურინკუსმა მას ჰკითხა, შესაძლოა თუ არა ლიტვაში არაოფიცილურად იმ პირების შემოყვანა, რომელიც აშშ-ში ტერორიზმში არიან ბრალდებული.
ამასთან ერთად, ლაურინკუსმა ასევე მიახვედრა პრეზიდენტი, რომ ამ საკითხის დადებითი გადაწყვეტა დაეხმარებოდა "დასავლელ პარტნიორებს".
"კომერსანტი" ასევე აღნიშნავს, რომ მაშინ ლიტვა "აქტურად აკაკუნებდა ნატოს კარზე" და ვილნიუსის მრავალი პოლიტიკოსი მიჩნევდა, რომ ალიანსში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად აუცილებელი იყო რაიმე სახის მეგობრული ნაბიჯის გადადგმა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ალიანსში "პირველი ვიოლინოს როლს ასრულებდა".
ამის მიუხედავად, პაქსასმა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მეჩის ლაურინკუსის შეთავაზებაზე უარი განაცხადა, ხოლო ექვსი თვის შემდეგ ლიტვის ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკური სკანდალი აგორდა, რომელიც პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა. ამასთან, მეჩის ლაურინკუსმა 2003 წლის შემოდგომაზე როლანდ პაქსასი რუს მეწარმე იური ბორისოვთან კავშირში დაადაშაულა და განაცხადა, რომ პაქსასმა მას ლიტვის მოქალაქეობა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების სანაცვლოდ უკანონოდ მისცა.
2004 წლის აპრილში, როდესაც ლიტვა ნატოში გაწევრიანებას ზეიმობდა, ქვეყნის პარლამენტმა კენჭი პრეზიდენტ პაქსასის იმპიჩმენტს უყარა. მოგვიანებით კი ვილნიუსიდან 20 კმ-ის დაშორებით ანტივილაის დასახლებაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხე ამუშავდა.
ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტ პაქსასის იმპიჩმენტი აშშ-ს ხელს აძლევდა. პირველეს ყოვლისა, მრავალი მას პრორუსულ პოლიტიკოსად მიიჩნევდა. მეორე: 2003 წელს ამერიკულმა სპეცსამსახურებმა მეზობელ პოლონეთში საიდუმლო ციხე დაკარგეს და მის გამო ხმამაღალი სკანდალის მოხდა, არადა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ევროპაში ამგვარი ბაზა სჭირდებოდა. "ლიტვაში კი ამას ხელს მხოლოდ ჯიუტო პრეზიდენტი უშლიდა, რომლის წასვლითაც ეს პრობლემა მოგვარდა", _ აღნიშნავს "კომერსანტი".