ENG / RUS       12+

ლინკოლნ მიტჩელი: ბაღაფშის მოულოდნელი სიკვდილი გაყინული კონფლიქტის ნარატივის შეცვლის შესაძლებლობას აჩენს

აფხაზეთის დე ფაქტრო ლიდერის, სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. ხელისუფლებაში მოსალოდნელ ცვლილებებს კიდევ ერთი უცხოური გამოცემა ეხმაურება. Eurasianet-ის აზრით, ბაღაფშის მოულოდნელი სიკვდილი გაყინული კონფლიქტის ნარატივის შეცვლის შესაძლებლობას აჩენს.

სტატიის ავტორი კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელია, რომლის აზრითაც. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის გარდაცვალება პოლიტიკური გამოწვევაა, როგორც სეპარატისტული ტერიტორიისთვის, ასევე მისი პოლიტიკური პატრონის, რუსეთისთვის.

"ვინც არ უნდა იყოს ბაღაფშის მემკვიდრე, ის შემდეგი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება: მას მოუწევს ასიამოვნოს როგორც კრემლს, ასევე საკუთარ ხალხს და ამავდროულად არ დაუშვას საქართველო, რომელიც მიისწრაფვის 1992 წლამდე არსებული საზღვრების აღდგენისკენ", - წერს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი.

რაც შეეხება უშუალოდ ე.წ. არჩევნებს, სტატიის ავტორის აზრით, არჩევნებს ის პოტენციალი გააჩნია, რომ აფხაზეთის პოლიტიკურ კურსში წყალგამყოფი დააფიქსიროს.

„თუკი არჩევნებს როგორც ფიქციას განვიხილავთ, რომელშიც მოსკოვი თავს მოახვევს აფხაზ ხალხს მის ფავორიტ კანდიდატს, შედეგები სერიოზულად დაასუსტებს აფხაზეთის პოზიციას, რომელიც დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის. შესაბამისად ეს გააძლიერებს საქართველოს მთავრობის პოზიციას, რომლის თანახმად აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსული ექსპანსიონიზმის ფასადია. მეორეს მხრივ, თუკი აფხაზ ამომრჩევლებს მისცემენ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას დაშინების და მუქარების გარეშე, კანდიდატებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება მედია-საშუალებები და რუსეთი მხოლოდ უმნიშვნელოდ ჩაერევა პროცესში, ეს მსოფლიოსთვის აფხაზეთის შესახებ აბსოლუტურად განსხვავებული გზავნილი გახდება", - წერს ლინკოლნ მიტჩელი.

ამასთან, მისივე აზრით, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები არ შეცვლის საქართველოს, ამერიკის ან ევროპის შეხედულებებს აფხაზეთზე და თბილისს არ ათქმევინებს უარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ძალისხმევაზე, მაგრამ ის აფხაზ ლიდერებს მისცემს შანსს შეცვალონ ნარატივი ე.წ. გაყინული კონფლიქტის შესახებ.

„სამართლიანი არჩევნები აფხაზ ლიდერებს მისცემს შესაძლებლობას უარყონ ის განცხადებები, თითქოს ისინი მოსკოვის მარიონეტები არიან. ეს აჩვენებს იმასაც, რომ აფხაზ ხალხს საკუთარი პრიორიტეტები აქვს და შესაბამისად უნდა განიხილებოდნენ იმ დროსაც კი, როდესაც სახელმწიფოებრიობისადმი მათი მისწრაფებები ევროპაში დღემდე აღიარებული არ არის. დამატებით კარგი არჩევნები აფხაზეთში შეარყევდა ამერიკის დეკლარირებულ პოლიტიკას სტრატეგიული მოთმინების, ე.წ. „სთართფეთის" (stratpat) შესახებ აფხაზეთთან მიმართებაში. ეს პოლიტიკა იმ მოსაზრებას ეფუძნება, რომ მაშინ როდესაც საქართველო უფრო მდიდარი და დემოკრატიული გახდება, აფხაზი ხალხი დაინახავს თბილისთან თანამშრომლობის ფასს და საბოლოო ჯამში გაერთიანებას მიანიჭებს უპირატესობას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „სთართფეთმა" დაკარგა მისი ელვარება, რადგან საქართველოს მთავრობა დაშორდა "ვარდების რევოლუციის" იდეალებს. გარდა ამისა, თბილისი მთელი ძალით ებრძვის გლობალურ ეკონომიკურ ვარდნას. „სთართფეთი" სერიოზულ დარტყმას მიიღებს, თუკი აფხაზეთი თავის მომდევნო ლიდერს შედარებით სამართლიან არჩევნებში აირჩევს, მაშინ როდესაც საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი იმის გზებს ეძებს, როგორმე ხელისუფლებაში დარჩეს და პრემიერ-მინისტრი გახდეს მას შემდეგ, რაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. მოვლენების ასეთმა განვითარებამ შეიძლება შეერთებულ შტატებს აიძულოს „სთართფეთზე" ზოგადად უარი სთქვას და საქართველოსა და აფხაზეთისთვის უფრო სერიოზული და ქმედითი პოლიტიკა შეიმუშაოს. ბოლოს და ბოლოს, ეს შეერთებული შტატების განცხადებას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ტრივიალურ განცხადებად აქცევს, რომელსაც რეალიზაცია არ უწერია", - ნათქვამია სტატიაში.

გარდა ამისა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, აფხაზეთის სადავო სტატუსის გამო, დასავლეთში ჩვეულებრივ აფხაზური არჩევნების მიმართ ინტერესი მცირეა.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უნდა აფხაზეთი თბილისის კონტროლს დაუქვემდებაროს, იმ ფაქტთან ერთად, რომ აფხაზური დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ სცნო, ეს არჩევნები ამ ტერიტორიაზე ჩატარებული წინა არჩევნების მსგავსად, სავარაუდოდ არ მიიზიდავს დამკვირვებლებს ისეთი მულტილატერალური ორგანიზაციებიდან, როგორიცაა მაგალითად ეუთო. როგორც სჩანს ამ არჩევნების მონიტორინგზე უარს იტყვიან საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებიც, თუ არ ჩავთვლით ისეთ ჯგუფებს, რომლებსაც მოსკოვთან მტკიცე კავშირები აქვთ. შესაბამისად, აფხაზეთისთვის ამ მნიშვნელოვანმა მოვლენამ დასავლეთისთვის შესაძლოა შეუმჩნევლად ჩაიაროს, თუმცა თუკი ამ ვადამდელ არჩევნებს ამ ტერიტორიის ამომრჩევლები აღიქვამენ, როგორც შედარებით კონკურენტულს და სამართლიანს, ეს განამტკიცებს მათ მისწრაფებას დამოუკიდებლობისკენ და აფხაზეთს და საქართველოს შორის გაამზაფრებს კონტრასტს", - აღნიშნულია მასალაში, რომლის ქართულ თარგმანსაც „Foreingpress"-ი აქვეყნებს.

ავტორი: . .