რესპოდენტის შესახებ
"ჯი-ეიჩ-ენი" წლის შედეგების შეჯამებას იწყებს. ამ მიზნით ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანს, ნესტან კირთაძეს დავუკავშირდით...
- ქალბატონო ნესტან, წელი იწურება და საუბარი სწორედ ამ წლის შედეგების შეჯამებით მინდა დავიწყოთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებული იყო ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის?
- წარმატება პირობითი ცნებაა. ის შეიძლება არც კი გამოვიყენოთ, ვინაიდან 2009 პოსტსამხედრო კონფლიქტის წელია. სამხედრო კონფლიქტმა ჩვენი სახელმწიფო სამ ნაწილად დაშალა და მიუხედავად ხელისუფლების ჯიუტი განცხადებებისა, რომ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის მხოლოდ რუსეთისა და კიდევ ორი სახელმწიფოს მიერ აღიარება არაფერს ნიშნავს, ეს ასე არ არის. მინდა თქვენი სააგენტოს მკითხველებს გულწრფელად ვუთხრა, რომ საქართველოს პოლიტიკურ რუკაზე სერიოზული ცვლილებები მოხდა და ერთი საქართველოს ნაცვლად მის ტერიტორიაზე უკვე სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობს, რაც ტრაგედიაა. შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნისთვის 2009 წელი ტრაგიკული წელია.
- რაც შეეხება შიდაპოლიტიკური ბრძოლის შედეგებს? 2009 წელი საპროტესტო აქციების სამზადისით დაიწყო, რომელსაც სამთვიანი მიტინგები მოჰყვა. პროტესტი წელსაც ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული და შედეგიც, გასული წლების მსგავსად, იგივეა _ ქვეყნის სათავეში ისევ სააკაშვილის ხელისუფლება დგას...
- მიაქციეთ ყურადღება მოვლენათა განვითარების დინამიკას: 2003 წლის 22 ნოემბერს სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში ე. წ. ვარდების რეჟიმი მოვიდა. ეს იყო არა ახალი ძალა, არამედ ყოფილი მოქალაქეთა კავშირი - კავშირი, რომელმაც ჯერ შიდაპარტიული, შემდეგ სახელმწიფო და კონსტიტუციური გადატრიალება მოახდინა. ამას ვიხსენებ იმიტომ, რომ დღეს ოპოზიციურ ფლანგზე განლაგებულნი არიან მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელები, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ყოფილი ელჩები... ასე რომ, ეს აღარაა მხოლოდ ერთი ფაქტი, არამედ ტენდენცია გახდა.
- და ამით რას უსვამთ ხაზს?
- ამით ხაზს ვუსვამ იმას, რომ ის იდეოლოგია, მმართველობა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აწარმოებს, აბსოლუტურად მიუღებელია არა მხოლოდ მისი ტრადიციული, ერთადერთი მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალის - ლეიბორისტული პარტიისთვის, არამედ მისი თანაგუნდელებისთვისაც კი.
წლევანდელ აქციებზე, იმის მიუხედავად, რომ ეს გაგრძელება იყო წინა წლებში დაწყებული მიტინგებისა, ჩვენ მივეცით შანსი მიხეილ სააკაშვილის ყოფილ თანაგუნდელებს, წარმდგარიყვნენ საქართველოს მოსახლეობის წინაშე, როგორც ოპოზიციონერები. თუმცა საქართველოს მოსახლეობამ მათგან მოითხოვა (და აბსოლუტურად მართებულად) სხვა მოქმედება, რისთვისაც ჩემი კოლეგები მზად არ აღმოჩნდნენ.
- უფრო რადიკალური?
- უფრო რადიკალური, უფრო ქმედითი, უფრო საქმიანი...
- უფრო რადიკალური რა შეიძლებოდა ყოფილიყო, სახელმწიფო გადატრიალებასაც გულისხმობთ?
- ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში ვარ, ორჯერ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და არც ერთ მათგანში არც ნესტან კირთაძეს, არც შალვა ნათელაშვილს და შემდგომ უკვე ლეიბორისტულ პარტიას მათში მონაწილეობა არ მიგვიღია და მადლობთ უფალს და საკუთარ თავს ამ პრინციპული პოლიტიკური დამოკიდებულებისთვის.
რაც შეეხება რადიკალიზმს, ქმედებები რადიკალური უნდა ყოფილიყო, რომ ის კონკრეტული შედეგით, მინიმუმ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებით დამთავრებულიყო, მით უფრო, რომ ჩვენი საკანონმდებლო ორგანო არჩევნების ტოტალური ფალსიფიკაციის შემდეგ ერთპარტიულია. მხედველობაში არ მყავს ის პატარ-პატარა პერსონები ან ჯგუფები, რომლებიც ოპოზიციის სახელით გამოდიან, რადგან ისინი ვერ გამოხატავენ ოპოზიციურად განწყობილი ქართული საზოგადოების მანდატს და ვერ ფლობენ მას ვერც პროცენტულად და ვერც მანდატის სიძლიერით.
გაზაფხულის აქციების შედეგი ხელისუფლების მხრიდან მთელ რიგ პოლიტიკურ დათმობაზე წასვლა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის სრულიად მკაფიო შედეგით დასრულდა, რასაც უშედეგობა ჰქვია. მისი მთავარი შედეგი კი ყველაზე სავალალო იყო - აქციების დასრულების შემდეგ ჩვენმა საზოგადოებამ ყველაფერზე ხელი ჩაიქნია, სრულ დეპრესიულობაში გადავიდა და ამან, თავის მხრივ, საერთო პოლიტიკური ნიჰილიზმი გამოიწვია.
- და, ალბათ, ეს აისახა კიდევ ოპოზიციის რეიტინგზე, თან უარყოფითად...
- ცხადია, აისახა, მაგრამ ისევე როგორც წარმატება, რეიტინგიც პირობითია ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, დღევანდელი ვითარება ასეთია - საქართველოს მოსახლეობა არ ენდობა ხელისუფლებას და მის მიმართ ზუსტად იგივე პრეტენზიები აქვს, რაც ჰქონდა, მაგრამ ასეთივე წარმატებით არ ენდობა ის ოპოზიციას. არ ვგულისხმობ ლეიბორისტულ პარტიას, რომელიც რჩება ერთადერთ თუ არა, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ოპოზიციურ ძალად საქართველოში.
- თქვენ ახსენეთ, რომ გაზაფხულის აქციებზე ხელისუფლების ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებიც ახლა ოპოზიციაში არიან, შანსი მიეცათ საზოგადოების წინაშე წარმგარიყვნენ, როგორც ოპოზიციონერები. მიიღო ისინი საზოგადოებამ ხელსუფლების ოპონენტებად?
- ოპოზიციონერობა არ ნიშნავს მხოლოდ სააკაშვილის კრიტიკას. ოპოზიცია ზოგადადაც და კონკრეტულადაც უნდა იყოს სააკაშვილის პოლიტიკის ოპოზიცია, მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკის, მისი მმართველობის სტილის ოპოზიცია. ნინო ბურჯანაძე, როგორი მწვავე შეფასებებიც არ უნდა მისცეს სააკაშვილს, ოპოზიციონერად მანამ ვერ ჩაითვლება, ვიდრე არ წამოაყენებს სრულიად განსხვავებული საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსის პროგრამას. ირაკლი ალასანია, როგორი რბილიც არ უნდა იყოს დამოკიდებულებებში (და ეს მისი, როგორც პოლიტიკოსის სტილია), ოპოზიციურ რიგებს ვერ შემოუერთდება, ვიდრე არ იტყვის, რომ საზოგადოებას სთავაზობს საქართველოს მომავლისა და პერსპექტივის შანსის გაჩენის სრულიად ახლებურ გზას.
- ზურაბ ნოღაიდელი? ის ამბობს, რომ მას აქვს განსხვავებული სამოქმედო გეგმა, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით... რუსეთთან და სეპარატისტებთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებასაც კი აპირებს...
- ნოღაიდელის შემთხვევა განსხვავებულია და მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება მაქვს - ვერ მივიღებ კონსტიტუციური თანამდეობის იმ პირისგან თვალებზე ცრემლის ღაპაღუპით წარმოდინებას იმის გამო, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გვქონდეს, მაშინ, როცა მას პრემიერობის დროს ყველა შანსი, მანდატი და საშუალება ჰქონდა, ეს გაეკეთებინა. ნოღაიდელი საქართველოს განიხილავს, როგორც ერთ ბიზნესპროექტს, რომლითაც მოგება უნდა ნახოს. მოსკოვში ვიზიტისას ნოღაიდელმა ერთი ასეთი ფრაზა თქვა: უნდა დავივიწყოთ ყველაფერი, რაც მოხდა და რუსეთთან არსებული ფაქტობრივი მდგომარეობიდან დავიწყოთ ურთიერთობა თავიდანო. მას ვეუბნები, რომ ვერაფერს დავივიწყებთ და დაშლილი საქართველოს ფაქტობრივი მდგომარეობიდან ვერ დავიწყებთ ურთიერთობებს. უნდა დავიწყოთ ურთიერთობები საქართველოს გამთლიანების საფუძვლებიდან. ნოღაიდელსა და მის ბიზნესპარტნიორებს მოსკოვში, რომლებიც პრემიერობის და ფინანსთა მინისტრობის დროს შეიძინა, როცა ფულთან ჰქონდა საქმე, თქვენი სააგენტოს მეშვეობითაც ვეტყვი: საქართველო არ არის ბიზნესპროექტი, საიდანაც ისინი მოგებას და მატერიალურ კეთილდღეობას მიიღებენ. საქართველო არის სამშობლო და რომელი პოლიტიკოსიც მას განცდით არ მოეკიდება, ის ვერასდროს მოიკიდებს ფეხს ქართველების გულში და ქართულ პოლიტიკაში.
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ვადაზე ადრე დანიშვნას ხელსუფლების ნებად აფასებთ, თუ ის ოპოზიციის ბრძოლის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს?
- არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ეს ოპოზიციის ბრძოლის შედეგად ჩაითვალოს. ვადამდელი თვთმმართველობის არჩევნები ხელისუფლების ინიციატივაც კი არ ყოფილა. ეს მას მისმა ლობისტმა უცხოურმა ორგანიზაციებმა ურჩიეს და შესთავაზეს, რაც სააკაშვილმა მიიღო. ჩვენს უცხოელ კოლეგებს უნდათ მუდმივად ფალსიფიცირებული არჩევნების შემდეგ კანონიერად მოიყვანონ ეს ხელისუფლება. გამოუვათ ეს? გეტყვით, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგის ახლანდელი საქციელით, მათ ეს გამოუვათ.
- იმას გულისხმობთ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო?
- დიახ, არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღებით ჩვენი მეგობრები ოპოზიციური რიგებიდან ათეთრებენ სააკაშვილის რეჟიმის უკვე გაყალბებულ არჩევნებს.
გიგი უგულავას ხმების 30 % ჯიბეში უდევს. გაგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მიხეილ სააკაშვილმა მაშინ მოახდინა ხმების 30 %-ზე მეტის მობილიზება, როცა თბილისი უკიდურესად ოპოზიციური ქალაქი იყო. ახლა კი დედაქალაქი აღარაა ისეთი ოპოზიციური, თუმცა არც სახელისუფლებო ქალაქია. აქედან გამომდინარე, მოქმედ მერს ხმების 30 % ჯიბეში უდევს. თუმცა, სააკაშვილის ფსიქოპორტრედიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ უგულავას გაყვანა იმაზე ნაკლები, თუნდაც 1 %-ით ნაკლები პროცენტული მაჩვენებლით მოხდება, რა რაოდენობაც საპრეზიდენტო არჩევნებზე თბილისში პრეზიდენტმა აიღო. მიხეილ სააკაშვილი არ დაუშვებს მასზე თუნდაც 1 %-ით მაღლა მდგომ მერს.
მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს და მოვუწოდო, სანამ კიდევ არის დრო, უთხრან ამ არჩევნებს "არა". ეს ხელისუფლება უნდა დადგეს ისეთი რეალობის წინაშე, რომ მისთვის უფრო მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწიოს.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად კონკურენტული იქნებიან გიგი უგულავასთვის კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური და ირაკლი ალასანია, რომლებსაც თბილისის მერობა სურთ, მით უმეტეს, იმის ფონზე, როცა გაზაფხულის აქციების შემდეგ ოპოზიციის რეიტინგი არც თუ სახარბიელოა?
- დააკვირდით გიგი უგულავას მოქმედებას: იგი უარს ამბობს პოლიტიკური განცხადებების, კომენტარების გაკეთებაზე. მთლიანად შეიცვალა იმიჯი და მეურნე მერი გახდა, რომელიც ყოველდღე მოსახლეობასთან დადის და გზების, გაზისა და შუქის საკითხების მოგვარებითაა დაკავებული. უგულავა უკვე ახდენს ამომრჩეველთა ხმების მობილიზებას. რაც შეეხება ჩვენს კოლეგებს, არ მესმის არჩევნებში მონაწილეობის აზრი მაშინ, როცა იცი, რომ ხელისუფლება თბილისში ვერ შეიცვლება, მათ შორის იმ მიზეზის გამოც, რომ მასში ლეიბორისტული პარტია არ მონაწილეობს. ჩვენი ამომრჩეველი კი სხვაგან არ წავა, არც ხელისუფლებას მისცემს ხმას და არც სხვა ძალას, არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს. ეს ნიშნავს პრინციპულ "არას", რომ დემოკრატიული არჩევნების სახელით სააკაშვილს ამ არჩევნებს არ "გავუთეთრებთ". დანარჩენი ჩვენმა კოლეგებმა თვითონ თვალონ, ჭრან და კერონ. მათ თავიანთი ინტერესები ბევრად უკეთესად ესმით, მაგრამ არის კიდევ ერთი განსხვავება: სხვა რამეა, როცა არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე მზადყოფნას გიორგი თარგამაძის, ჯონდი ბაღათურიას, გია თორთლაძის პარტიები გამოთქვამენ. მათთვის, როგორც გუშინ აღმოცენებული პარტიებისთვის, დიდი ფუფუნებაა საკრებულოში დეპუტაცია გაიყვანონ, რაზედაც, ალბათ, უკვე შეთანხმებულიც იქნებიან ამ ხელისუფლებასთან. ეს პრაგმატული მოსაზრებაა გუშინ შექმნილი პარტიების მხრიდან, მაგრამ იმ ძალებს, რომლებიც თავს გავლენიან პოლიტიკურ ძალებად მიიჩნევენ, არ უნდა შეეშალოთ ერთი რამ _ მათი გავლენა განისაზღვრება მათივე პრინციპულობით და პრინციპულობას მოაქვს შედეგი, რაც ხელისუფლების თანდათანობით შეცვლა უნდა იყოს. ეს არჩევნები ამ შედეგს ვერ მოიტანს.
- მაინც არ გვითხარით თქვენი მოსაზრება დავითაშვილის, ძიძიგურისა და ალასანიას რეიტინგებზე...
- დღეს თუკი ვინმეს აქვს რეიტინგი და მით უმეტეს თბილისში, პირდაპირ გეტყვით, ეს არის შალვა ნათელაშვილი. ამას გეუბნებით არა იმიტომ, რომ ის პარტიის ლიდერია, არამედ მოსახლეობის განწყობის მიხედვით ვლაპარაკობ. დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში თუკი ვინმეს აქვს უპირობო რეიტინგი, ეს არის შალვა ნათელაშვილი.
ხშირად საუბრობენ "ალიანსი საქართველოსთვის" რეიტინგზე. შეიძლება მას მართლაც აქვს რეიტინგი და პოლიტიკაში ირაკლი ალასანიას ჯერ კიდევ გამოუცდელობა საზოგადოებაში გარკვეულ ხიბლს ქმნიდეს, მაგრამ ყველაზე დიდი რეიტინგი მაინც შალვა ნათელაშვილს აქვს.
- ქალბატონო ნესტან, 1-ელ იანვარს იწურება ვადა, რომელიც პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოში დასაბრუნებლად იმ დეპუტატებს მისცა, რომლებმაც თავის დროზე მანდატზე უარი თქვეს. ხომ არ გიფიქრიათ პარლამენტში დაბრუნებაზე?
- ერთი კორექტირება მინდა მოვახდინო. ლეიბორისტულ პარტიას საპარლამენტო მანდატზე უარი არ უთქვამს. ჩვენმა პარტიამ უბრალოდ სოლიდარობა გამოუცხადა დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს და ჩადგა პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში. პოლიტიკური ბოიკოტი არის კონტიტუციით, კანონით, რეგლამენტით გათვალისწინებული აქცია. შალვა ნათელაშვილი, გიორგი გუგავა, სოსო შატბერაშვილი და კახა ძაგანია ისევ დეპუტატები არიან. ჯამაგირს იღებენ, მანდატებს ფლობენ, ანუ საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას თავისი საპარლამენტო ჯგუფი ჰყავს. არ არის ეს სახიფათო თემა და ვწუხვარ, რომ ჩემი კოლეგები გაურბოდნენ ამაზე ჟურნალისტებთან საუბარს. მე მათ პირდაპირ ვუთხარი, რომ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა კონსტიტუციით, კანონით, რეგლამენტით მონიჭებული უფლებაა, რითაც ისინი, ერთი მხრივ, იმ ამომრჩევლის გადაწყვეტილებას სცემენ პატივს, რომლებმაც არჩევანი ჩვენი პარტიის სასარგებლოდ გააკეთეს და მეორე მხრივ, ოპოზიციურ ძალებს სოლიდარობას უცხადებენ.
- ალბათ, გეცოდინებათ, პარლამენტის რეგლამენტი მუდმივად ანიჭებს დეპუტატს ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის უფლებას?
- რეგლამენტის დეტალებში ჩახედული არ ვარ, მაგრამ სანამდეც კანონი მიანიჭებს უფლებას, ჩემი კოლეგები ამ რეჟიმში იქამდე დარჩებიან.
- მაინც საინტერესოა, შემდეგ რას იზამენ _ პარლამენტში დაბრუნდებიან?
- შემდეგისა შემდეგ ვილაპარაკოთ...
- დაბოლოს, ქალბატონო ნესტან, საქართველოს საპატრიარქოსა და კონკრეტულად მისი უწმინდესობის წინააღმდეგ ბოლო დროს დაწყებულ კამპანიაზე მინდა გკითხოთ. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? რასთან გვაქვს საქმე?
- საქართველოში პატრიარქი უყვართ, პატრიარქს ენდობიან. არც ერთ ქართველ ლიდერს არ აქვს მსოფლიოში ისეთი ავტორიტეტი, როგორიც ილია მეორეს. იმ ადამიანთა ჯფუფს კი, რომლებმაც პატრიარქის წინააღმდეგ კამპანიის წარმოება დაიწყეს, მებრძოლ ათეისტთა ჯგუფს ვეძახი. მათ სურთ დაასუსტონ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი, შეურაცხყონ პატრიარქი, წმინდა სინოდი, თუმცა გავა წლები და ილია მეორეს საქართველოს განმანათლებლობის, მოქცევის და ქრისტეს წიაღში დაბრუნებისთვის, ალბათ, მეორედ მოციქულსაც უწოდებენ.
იმას, რასაც დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის სახელით დღეს აქვს ადგილი, საკმაოდ დიდი ჯგუფი აწარმოებს. პირდაპირ გეტყვით - მთელი ხელისუფლება, მათი იდეოლოგია. მათ ერთობლივად სურთ საქართველოს ეკლესიის გავლენის შესუსტება, რათა თავიანთი გავლენა გააძლიერონ. ამიტომაც არიან წახალისებულნი და წინაურდებიან ის ადამიანები, რომლებიც ქართლის დედას შეაგინებენ, პოპულარულები ხდებიან ისინი, ვინც ქართულ სუფრას, ქართულ სარწმუნოებას შეურაცხყოფენ, მაგრამ ვერც ერთი ასეთი ჯგუფი ვერ გაიმარჯვებს. საქართველოს ეკლესიის გავლენის შესუსტებით მათი გავლენის ზრდა ვერ იქნება მიღწეული. აქედან გამომდინარე, ძალიან სახიფათო თამაშში არიან ჩართულები ეს უსამშობლო, უგვარო, უსქესო, უიდეო ახალგაზრდები, რომლებსაც, უბრალოდ, იყენებენ.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლელა ბაღდავაძე