ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში მყოფი რვა მეტნაკლებად გავლენიანი ოპოზიციური პარტიისაგან შემდგარი ჯგუფი ("ახალი მემარჯვენეები", "ეროვნული ფორუმი", "თავისუფალი დემოკრატები", "კონსერვატიული პარტია", "რესპუბლიკური პარტია", "საქართველოს გზა", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და "ხალხის პარტია"), რომელსაც საზოგადოებამ ოპოზიციური "რვიანი" უწოდა, 12 მაისს აკეთებს საგანგებო განცხადებას, რომელშიც ამბობს, რომ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად "რვიანის" შეთავაზებებზე ხელისუფლების "წერილობით" პასუხს მაისის ბოლომდე დაელოდება. მოლაპარაკების ჩაშლაზე და მის შედეგებზე კი "რვიანი" პასუხისმგებლობას პირადად მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.
ხელისუფლება "რვიანის" მკაცრ განცხადებას იმავე დღეს ეხმაურება დაბალი რანგის წარმომადგენლის დონეზე (რაც ასევე ნიშანდობლივია), მოლაპარაკებების ჩაშლაში "რვიანს" ადანაშაულებს მის განცხადებას ულტიმატუმად განიხილავს და არ იღებს. ამავე დროს, შეურიგებელი ოპოზიცია, თვლის რომ "რვიანმა" წარმატებით შეასრულა თავის ფუნქცია "გაეშიშვლებინა" ხელისუფლების ნამდვილი სახე და აღარ სჭირდება ხელისუფლების "ლეღვის ფოთლის" როლი. "რვიანი" კი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მაგიდას არ მიატოვებს.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხნის მანძილზე "რვიანმა" სულ ცოტა რვა სერიოზული შეცდომა დაუშვა, რომლებიც შეიძლება ძვირად დაუჯდეს.
შეცდომა #1. "რვიანი" ეკლექტური შემადგენლობა. მისი სუბიექტების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ხელისუფლებასთან არის ის შენელებული მოქმედების ნაღმი, რომელმაც "რვიანში" ყველაზე უფრო შეუფერებელ დროს შეიძლება იფეთქოს. "რვიანში" თარგამაძის "ქრისტიან-დემოკრატთა" ყოფნა ფაქტიურად ხელისუფლების "ტროას ცხენის" ყოფნის ტოლფასია. საკმარისია გავიხსენოთ როგორ დაეხმარა ქდმ-მ სხვა სატელიტ ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლებას მისთვის სასურველი საარჩევნო კოდექსის მიღებაში 2010 წელს ადგილობრივი არჩევნების წინ, როდესაც "NDI"-ს ფორმატში მიმდინარე საარჩევნო დიალოგი "ნაციონალთა" მიზეზით ჩაიშალა. სად არის გარანტია იმისა, რომ უკანასკნელ მომენტში ქდმ იგივეს არ მოიმოქმედებს!?. სხვათა შორის, აპრილში, როდესაც მოლაპარაკებები შეწყდა იყო იდეა, რომ "რვიანის" სუბიექტთან მოლაპარაკებები "ნაცმოძრაობასთან" სწორედ ქდმ-ს შუამავლობით განახლებულიყო. დიდია ალბათობა, რომ დიალოგის საბოლოოდ ჩაშლის შემთხვევაში, "რვიანს" გაემიჯნონ ალასანიას "თავისუფალი დემოკრატებიც." არც მათთვის არის უცხო ხელისუფლებასთან გარიგებები, რასაც "ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას" უწოდებენ.
შეცდომა # 2. გაცხადებული მიზნისა და ბრძოლის მეთოდების შეუთავსებლობა. "რვიანის" წარმომადგენლები ერთის მხრივ აცხადებენ, რომ იბრძვიან ქვეყნის გადასარჩენად, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლების პოლიტიკა, მეორეს მხრივ კი ამბობენ, რომ ემხრობიან ხელისუფლების ეტაპობრივ ცვლილებას (?!) ეს ეტაპები კი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონიუნქტურის გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია რამდენიმე საარჩევნო ციკლზე გაიწელოს ისე, რომ ოპოზიციურ პარტიებს ქვეყნის მმართველობაში მოსვლა დიდხანს არ ეღირსოთ და მხოლოდ პარლამენტში ადგილებით დაკმაყოფილდნენ.
"ყველას კარგად ესმის, რომ სწრაფი ცვლილება უშედეგოა ან სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს.."აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში. უცნობია იყო თუ არა ალასანიას საპირველაპრილო ხუმრობა, როდესაც 1 აპრილს სააგენტო "პირველს" განუცხადა "რეალისტები უნდა ვიყოთ და კარგად ვაცნობიერებდეთ, რომ სააკაშვილი დღეს ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტია და მისი ხელისკვრით გადმოგდება არ შეიძლება."
ის რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების დათმობას დიდხანს არ აპირებენ, ყველა თვალნათლივ ხედავს. ამიტომაც, ვიდრე "რვიანი" საზოგადოებას ბოლომდე არ დაარწმუნებს იმაში, რომ რეალურად იბრძვის მათთვის მიუღებელი ხელისუფლების დაუყონებლივ შესაცვლელად, მაშინ საზოგადოება იძულებული იქნება დაიჯეროს ის, რაც ახლახანს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ჯგუფის" განცხადებაში ითქვა. კერძოდ, განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლების, ოპოზიციასა და ფსევდოპოზოციას შორის "სტაბილური დაბალანსებული ურთიერთობები" არსებობს, რომ ხელისუფლებამ "მანიპულაციებით მიაღწია იმას, რომ ფსევდოოპოზიციას, საპარლამენტოსაც და არასაპარლამენტოსაც შესანიშნავად მართავს" და "ეს ვითარება სამთავრობო გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის სავარაუდო წინაპირობაა"
შეცდომა # 3 არათანმიმდევრული ქმედებები და მიდრეკილება გარიგებისკენ. "რვიანის" განცხადებები რომ ის ბოლომდე იჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან და რომ არჩევნები მათი ერთადერთი გზაა, საზოგადოებას აშკარად აბნევს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც იგივე "რვიანის" წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ქუჩის აქციებსაც არ გამორიცხავენ, თუმცა მხოლოდ "ზეწოლის მიზნით".
მას შემდეგ რაც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები შეწყდა, და "ნაციონალებმა" "რვიანს" მოლაპარაკებების გაგრძელება ინდივიდუალურ რეჟიმში შესთავაზეს, თავდაპირველად "რვიანმა" უარი განაცხადა რადგან ეს მისი დაშლის მცდელობად შეაფასა.. თუმცა მეორე დღეს გაირკვა რომ "რვიანის" წარმომადგენლებს მაინც ჰქონდათ კულუარული ინდივიდუალური შეხვედრები ხელისუფლებასთან "ტექნიკური საკითხების" დასაზუსტებლად. ალბათ სჯობდა რომ ეს შეხვედრები ან საჯარო ყოფილიყო, ან მათ შესახებ "რვიანის" მონაწილეებს წინასწარ განეცხადებინათ. საპროტესტო ელექტორატი ყოველთვის ნეგატიურად აღიქვამს ოპოზიციის კულუარულ კონტაქტებს ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით როდესაც ამას პოსტ-ფაქტუმ ატყობინებენ.
12 მაისის განცხადებაში კი "რვიანმა" განაცხადა, რომ იგი არც ინდივიდუალური მოლაპარაკებების ფორმატს გაურბის, რადგანაც თვითოეული პარტია "რვიანის" სახელით ისაუბრებს. ქართული პოლიტიკური რეალობებიდან გამომდინარე სწორედ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე მოხდება ალბათ"რვიანის" წევრებისთვის ხელისუფლების გარკვეული შეთავაზებების გაკეთება და შესაბამისად, ყველა მონაწილე სუბიექტი შეეცდება ამ მოლაპარაკებებში რაც შეიძლება მეტი პირადი დივიდენდი მოიპოვოს.
შეცდომა # 4. საკუთარი ამომრჩეველის იგნორირება. "რვიანი" ისე გაერთო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით და დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიურ მისიებთან კონტაქტებით, რომ ამ პროცესში პრაქტიკულად მოწყდა საკუთარ ამომრჩეველს, თუ არ ჩავთვლით რეგიონებში ერთ-ორ საჩვენებელ გასვლას. არადა "რვიანს" უნდა ესმოდეს, რომ "ნაციონალური მოძრაობასთან" მოლაპარაკებებში არგუმენტებად ინტელექტი და კარგად დაწერილი საარჩევნო ინიციატივები არ არის საკმარისი. ზურგს სხვა უფრო ანგარიშგასაწევი ფაქტორებიც უნდა გიმაგრებდნენ, უპირველესად კი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ბოლო სოციოლოგიური კვლევებით კი "რვიანში" შემავალ ხუთ პარტიას უბრალოდ რეიტინგიც კი არ ეზომებათ! ხოლო ორის (ეროვნული ფორუმის და თავისუფალი დემოკრატების) პოპულარობა ერთ წელიწადში 18-20% დან 2-3% მდე დაეცა. "რვიანი" ეხლაღა გეგმავს "ხალხში გასვლას", რაც ალბათ უკვე დაგვიანებულია, რადგანაც მათი ელექტორატის დიდი ნაწილი ან იმედგაცრუებულია, ან უკვე გადანაწილებულია ე.წ. "რადიკალურ" ოპოზიციურ პარტიებზე.
შეცდომა # 5. "დასავლეთის ფაქტორის" და დასავლეთის მხარდაჭერის გადაჭარბებული ხაზგასმა "რვიანი" არც მალავს რომ მისი უპირველესი ამოცანა დასავლეთის ნდობის და ლეგიტიმაციის მოპოვებაა. სიმბოლური იყო რომ 12 მაისს საგანგებო განცხადების შემდეგ "რვიანი" შეხვდა არა ადგილობრივ საზოგადოებას, არამედ დიპლომატიურ კორპუსს. ეს ყოველივე საზოგადოების ერთ ნაწილში ქმნის განცდას, რომ "რვიანში" შემავალი პარტიებიც, ისევე როგორც სააკაშვილი და "ნაცმოძრაობა" დასავლეთის მარიონეტები არიან და რომ არჩევნების ბედსაც ქვეყანაში დასავლეთი წყვეტს. საზოგადოება ეს ნაწილი ძნელად თუ გახდება "რვიანის" ამომრჩეველი. სავარაუდოდ "რვიანი" ან არასწორად იგებს დასავლეთიდან წამოსულ გზავნილებს, ან სასურველს სინამდვილედ ასაღებს. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ნებისმიერი ინიციატივის მხარდაჭერა არ ნიშნავს ავტომატურად ამ ინიციატივის ავტორთა მხარდაჭერასაც. ხვალ-ზეგ შეიძლება "ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკუთარი ახალი ინიციატივებით გამოვიდეს და დასავლეთის მხარდაჭერა და მოწონება დაიმსახუროს. "რვიანის" აპელირება 1990-წლის არჩევნებთან როდესაც "მრგვალმა მაგიდამ" შეძლო კომუნისტები არჩევნებით დაემარცხებინა, სრულიად უადგილოა. დღეს ქვეყანაში სრულიად განსხვავებული ვითარება და ძალთა ბალანსია და საერთაშორისო კონიუნქტურაც სხვაა. "რვიანს" ხელისუფლებაზე ზემოქმედების სერიოზული ბერკეტები არ გააჩნია. მათი ერთადერთი ბერკეტი ეს არის დასავლეთის წრეების სურვილი საქართველოში იყოს დღევანდელზე ოდნავ უკეთესი დემოკრატია. ხელისუფლებამ კი იცის როგორ უპასუხოს ამ სურვილებს კოსმეტიკური ცვლილებებით, რაც არაერთხელ წარმატებით გაუკეთებია.
შეცდომა # 6. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებისადმი შერჩევითი მიდგომა. "რვიანი," რომელიც თავდაპირველად მთლიანი საარჩევნო გარემოს რეფორმას მოითხოვდა, სასამართლოსა და პოლიციის დეპოლიტიზაციის ჩათვლით, მოგვიანებით დავიდა მხოლოდ სამ საკითხზე - ბიომეტრიული პარამეტრებით ხმის მიცემაზე და იმ საარჩევნო მოდელის შეთავაზებაზე, რომელიც "რვიანს" აწყობს. ასეთი მიდგომის უპერსპექტივობა "რვიანს" დაანახა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ოთხმა წამყვანმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ახალი თაობა - ახალი ინიციატივა). ამ ოთხეულის 2 მაისის ერთობლივ განცხადებაში მკაფიოდ არის დასაბუთებული საარჩევნო გარემოს სრულყოფის რვა(!!!) პრობლემა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ამ პრობლემების მხოლოდ ნაწილის მოგვარება ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნას ქვეყანაში." ძნელი მისახვედრი არ არის თუ როგორი შედეგით დასრულდება მომავალი საპარლამენტო არჩევნები თუკი ხელუხლებელი დარჩა ნაცმოძრაობის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები, პოლიტიზებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასეთივე სასამართლო მოსამართლეებად გამწესებული "ნაცმოძრაობის" აქტივისტებით და ის ხილული თუ უხილავი ადმინისტრაციული ბერკეტები, რასაც დღეს ხელისუფლება ფლობს.
გარდა ამისა საარჩევნო სისტემის შეცვლა როგორც ამას "რვიანი" მოითხოვს, არა მხოლოდ საარჩევნო კოდექსის, არამედ კონსტიტუციის შეცვლასაც მოითხოვს რაც უფრო მრავალმხრივ კონსესუსს მოითხოვს. ჯერჯერობით "რვიანს" საზოგადოებისთვის გარკვევით არ უთქვამს ბიომეტრიული პასპორტების გამოყენება გულისხმობს საარჩევნო სიების ბიომეტრიული მონაცემებით შედგენას თუ არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ბიომეტრიული პარამეტრებით ვერიფიკაციას. როგორც ექსპერტები, აცხადებენ, ტექნიკური თვალსაზრისით ბიომეტრიული პასპორტების გამოყენებისგან შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა და საკმაო რისკებიც არსებობს. მაგალითად, "მარკირების" და ვიდეო-კამერების პროცედურამ ვერ მოხსნა ე.წ. "კარუსელების" პრობლემა. რაც მთავარია, ბიომეტრიული პასპორტების შემოტანა ვერ ცვლის ადამიანური მონიტორინგის ფაქტორს.(დამკვირვებლები და პარტიის წარმომადგენლები). ამ სფეროში კი "რვიანი" სერიოზულად მოიკოჭლებს, თუმცა ამის აღიარება ბუნებრივია არ აწყობს.
შეცდომა # 7. პოლიტიკური პიარისა და პოლიტ-ტექნოლოგიების სუსტი ცოდნა. მაგალითსთვის ორი ახლახანს მომხდარი კონკრეტული ეპიზოდიც გამოდგება.
საკმარისი იყო "რვიანს" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოტივით მაჟორიტარული" არჩევნების "მაჟორიტარ-პროპორციული" სისტემით ჩანაცვლება მოეთხოვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მათ მყისვე რეგიონების მოსახლეობის ინტერსების უგულვებელყოფა დააბრალა, რომ თითქოს ოპოზიციას არ სურს რაიონებს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეთ. მაშინ როდესაც "რვიანი" მოკლებულია ნაციონალური ტელევიზიებით საკუთარი პოზიციების განმარტებას, ადვილი წარმოსადგენია რა გავლენას მოახდენდა მთელი თვის მანძილზე მიმდინარე ეს "შავი პიარი" რეგიონის მოსახლეობაზე.
ტელეკომპანია "კავკასიაზე" ოპოზიციური "რვიანის" ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილისა და "ქართული პარტიის" თავმჯდომარის სოზარ სუბარის მიერ ერთმანეთის ლანძღვა, "რვიანის" წინააღმდეგ მორიგი "შავი პიარის" კარგი საბაბი გახდა. "რვიანის" წარმომადგენლებს, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ ოპოზიციის ფლაგმანობაზე, სოლიდურობაზე, პრო-დასავლურობასა და ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაზე, ალბათ მეტი წინდახედულება მართებთ. მითუმეტეს როდესაც იციან ხელისუფლება მცირე შეცდომასაც არ აპატიებთ.
შეცდომა # 8. "რვიანი" კვლავ ჯიუტად არ აცნობს საზოგადოებრიობას საარჩევნო კომპრომისის იმ კრიტიკულ ზღვარს რომელსაც აღარ გადააბიჯებს. საზოგადოებაში ბევრი უკვე ფიქრობს, რომ "რვიანის" მხრიდან ასეთი ზღვარის დაუწესებლობა ნიშნავს იმას, რომ "რვიანში" შემავალი ცალკეული პარტიები ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ეს ეჭვები მით უფრო ძლიერდება, როდესაც "რვიანის" წარმომადგენლებისგან ამ საკითხზე ორაზროვანი განცხადებები გვესმის. შეიძლება სწორედ ეს გახდეს მიზეზი იმისა, რომ "რვიანის" კარგმა იდეამ "საარჩევნო რეფორმის პროცესმა საყოველთაო სახალხო ხასიათი შეიძინოს", ხორცი ვერ შეისხას სწორედ საზოგადოების მხრიდან "რვიანისადმი" უნდობლობისა და არჩევნებისადმი ზოგადი ნიჰილიზმის გამო. ათიოდე არასამთავრობო ორგანიზაციის მორალური მხარდაჭერა ჯერ კიდევ არ ნიშნავს საერთო სახალხო თანადგომას.
"ჯი-ეიჩ-ენი", ზაალ ანჯაფარიძე