„ქართული პარტიის" საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მევლუდ შარვაძის განცხადებით, ის მძღოლები, რომლებიც 14 მაისს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე წასვლის მსურველებს საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით მოემსახურნენ, საჩხერის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს.
„სამართალდამცავებმა მძღოლები დააშინეს და მათგან კატეგორიულად მოითხოვეს, ოპოზიციასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტონ და მათ აქციებზე ხალხი არ წაიყვანონ", - აცხადებს მევლუდ შარვაძე.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ მძღოლს ემზარ გოგოლაძეს პოლიციელებმა დააბრალეს, თითქოს, ავარია მოახდინა, გელა გაბრიჭიძეს კი ტექნიკური დათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი დაუმალეს, ხოლო ლევან ნადირაძეს და შოთა ცერცვაძეს მანქანები ჩამოართვეს და შესაბამისად, 200 და 110-ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს.
როგორც „ქართული პარტიის" დასავლეთ საქართველოს რაიონული ორგანიზაციების კოორდინატორმა ირაკლი დოლაბერიძემ გვაცნობა, სამართალდამცავებმა ჭიათურაშიც დაიწყეს იმ მძღოლების დევნა, რომლებმაც აქციის მონაწილეები გადაიყვანეს.
„შვიდი მიკროავტობუსის მფლობელს მანქანები ჩამოართვეს და ზესტაფონში საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს. სამართალდამცავებმა ეს ქმედება იმით ახსნეს, თითქოს მანქანები ძებნაძე იყო გადაცემული", - „ქართული პარტიის" ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის როსტომ ცარციძის ინფორმაციაზე დაყრდნობით, აცხადებს ირაკლი დოლაბერიძე.
აღსანიშნავია, რომ მათ შორის, ვისაც მანქანა ჩამოართვეს, აღმოჩნდა ნავარზეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა ლაზარე, რომელიც ბათუმში გამართულ აქციაზე იმყოფებოდა და მისი მონაწილეები დალოცა.