„ქართული პარტიის" ინიაციტივით, 16 მაისს, 14 საათზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
პარტიის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განმარტებით, აქცია საქართველოში დღეს არსებული ავტოკრატიული რეჟიმისადმი ოფიციალური ვაშინგტონის მხარდაჭერის გამო ტარდება.
„საქართველოში ავტოკრატიას კი არა, დემოკრატიას სჭირდება მხარდაჭერა. საქართველოს სახელმწიფო და ქართული დემოკრატია იდენტური ცნებებია. ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი და ვერ შედგება სახელმწიფოდ, თუ არ იქნება დემოკრატია", - აცხადებს სოზარ სუბარი.
მისივე თქმით, საქართველოში ავტოკრატიას, საბედნიეროდ, შინაგანი რესურსი არ გააჩნია, ვინაიდან ხალხი ასეთ რეჟიმს არ ეგუება. ამასთან, პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში ავტოკრატიის დამყარებას ისიც უშლის ხელს, რომ ჩვენ ქვეყანას არ აქვს საკუთარი ენერგორესურსები, რომელიც, როგორც წესი, ავტოკრატიის ფინანსურ წყაროს წარმოადგენს.
„საქართველოში ავტოკრატიის ძირითად წყაროს გარედან შემოსული დახმარებები წარმოადგენს. ეს დახმარებები უნდა შეწყდეს, თუ საქართველოში არ იქნება დემოკრატია და არ გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები- როგორც კი ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან ამის შესახებ მკაფიოდ გაცხადდება, დამერწმუნეთ, მაქსიმუმ, ერთ თვეში საქართველოში ვითარება შეიცვლება", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მისი განცხადებით, აშშ-ს საელჩოსთან 16 მაისს გამართულ აქციაში მონაწილეობას „ქართული პარტია" და საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ.