კანის კინოფესტივალზე წარდგენილ რეჟისორ კიტ ალენის დოკუმენტურ ფილმს "არაკანონიერი მკვლელობა", რომელიც ლედი დაიანას დაღუპვას შეეხება, მთელ მსოფლიოში აჩვენებენ. თუმცა ამ ფილმის პრემიერა დიდ ბრიტანეთში არ შედგება. ამის შესახებ The Telegraph-ი იტყობინება.
კიტ ალენის ადვოკატის თქმით, იმისთვის, რომ ბრიტანეთში ეს ფილმი უჩვენონ, სურათიდან 87 ეპიზოდი უნდა ამოჭრან.
ფილმი ძირითადად ეგვიპტელი მილიარდერის მუჰამედ ალ-ფაიედის შეხედულებას გამოხატავს, რომლის ვაჟიც პრინცესა დაიანასთან ერთად დაიღუპა. მუჰამედ ალ-ფაიედი მიიჩნევს, რომ პრინცესა დაიანა ედინბურგის ჰერცოგ ფილიპის ბრძანებით მოკლეს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, სურათი ბიზნესმენის ფულით გადაიღეს და იგი 4 მილიონი დოლარი დაჯდა.
ფილმის მიხედვით, ედინბურგის ჰერცოგი "ფსიქოპატთანაა" გაიგივებული. კერძოდ, მას ბრიტანელ სერიულ მკვლელ ფრედ უესტომს ადარებენ, ხოლო დედოფალი ელიზაბეტ მეორე და მისი ოჯახის სხვა წევრები "განგსტერებად" მოიხსენიებიან.
როგორც ალ-ფაიედის წარმომადგენელმა The Telegraph-ს განუცხადა, ბიზნესმენი ამ ფილმით აღტაცებულია. თავის მხრივ, ბუკინჰემის სასახლე კომენტარისგან თავს იკავებს.