საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიმიტრი მედვედევის მისალოც წერილთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის გაღიზიანებას ხსნის.
როგორც ჟურნალისტებს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა, რუსეთის პრეზიდენტის მიერ 9 მაისთან დაკავშირებით ქართველი ხალხისადმი გამოგზავნილმა მისალოცმა ბარათმა გრიგოლ ვაშაძის გაღიზიანება იმის გამო გამოიწვია, რომ წერილი მილოცვის აღიარებული ფორმის დაცვით არ ყოფილა მომზადებული.
"როგოც წესი, როცა ხალხისადმი მილოცვა გინდა, ამას აკეთებ ქვეყნის ლეგიტიმური მეთაურისა და ოფიციალური წარმომადგენლობისადმი. ეს არის მილოცვის ერთადერთი აღიარებული ფორმა ხალხებს შორის ურთიერთობაში. როცა მილოცვა ასეთი ფორმით არ ხორციელდება და როცა ამხელა სახელმწიფო მას არასეიოზულ სახეს აძლევს, ბუნებრივია, ეს გამოიწვევდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გაღიზიანებას", - განმარტა ნინო კალანდაძემ.
მისივე შეფასებით, რუსეთი არაადექვატურ და სრულიად შეუსაბამო პოლიტიკას აწარმოებს საქართველოსთან მიმართებაში, რაც როგორც ხალხებს შორის ურთიერთობაზე, ისე ქვეყნებს შორის მომავალში დიალოგის დაწყებაზეც უარყოფით გავლენას მოახდენს.
"ასეთი არასერიოზული მიდგომები უარყოფითად აისახება ხალხებს შორის ურთიერთობაზე და ის ორ სახელმწიფოს შორის მომავალში დიალოგის დაწყების მცდელობასაც აკნინებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 9 მაისთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის მიერ ქართველი ხალხისადმი გამოგზავნილ მისალოც წერილს "კლოუნადა" უწოდა და აღნიშნა, რომ მას ქართველი ხალხი არ მიიღებს.