ე.წ. ღორის გრიპთან დაკავშირებით ექიმის გამოძახება უფასო ხდება.აღნიშნული ინიციატივა დედაქალაქის მერიას ეკუთვნის, რომელიც გიგი უგულავამ დღეს მედიკოსებს გააცნო.
როგორც უგულავამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ექიმების გამოძახების ხარჯებს თბილისის მერია საკუთარ თავზე აიღებს.
"იმის გამო, რომ ამ ვირუსთან დაკავშირებით პოლიკლინიკებისა და ოჯახის ექიმების გამოძახება გაიზარდა, მივიღეთ გადაწყვეტილება დავაფინანსოთ ექიმები და პოლიკლინიკები და გამოძახება, რომელიც აქამდე 12-20 ლარი ღირდა, იქნება უფასო", - განაცხადა უგულავამ, რომლის განმარტებითაც, აღნიშნული შეღავათით მოსახლეობა მხოლოდ ე.წ. ღორის გრიპთან დაკავშირებით ისარგებლებს.
მისივე განმარტებით, პაციენტებისთვის უფასოდ მომსახურების გამო ექიმები ყოველთვიურად დანამატის სახით მერიისგან 225 ლარს მიიღებენ, რაც შეეხება პოლიკლინიკებს, მათ ანგარიშზე ყოველთვიურად თითო ექიმზე 50 ლარი გადაირიცხება.
უგულავას თქმით, აღნიშნული შეღავათი 4 თვის განმავლობაში იმოქმედებს, რომლის დროსაც მერია დანამატის სახით 1000-მდე ექიმს დააფინანსებს.