ENG / RUS       12+

ნიკა მელია: ელექტრონული აუქციონის დანერგვით სხვადასხვა საფრთხეების რისკები განულდა

რესპოდენტის შესახებ

უკვე რამდენიმე თვეა იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონებს ელექტრონული ფორმით ატარებს და როგორც ბიუროს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, ის წარმატებული გამოდგა. როგორ მუშაობას ცოტა ხნის წინ დანერგილი ახალი სერვისი და რამდენად კმაკოფილია მომხმარებელი, რომელსაც ვაჭრობა სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად შეუძლია, "ჯი-ეიჩ-ენი" ნიკა მელიას ესაუბრა...

- ბოლო პერიოდში მთავრობა ელექტრონულ სერვისებს ანიჭებს უპირატესობას. საინტერესოა, რა დადებითი მხარე აქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს შემთხვევაში აუქციონის ელექტრონულ ფორმატში ჩატარებას?
- მომხმარებელთა თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საჭირო გახდა გადავსულიყავით აუქციონის ელექტრონულ ფორმაზე. როგორც იცით, ელექტრონული ვაჭრობა მსოფლიოში აპრობირებულია და წარმოადგენს პოტენციურ მყიდველთა მოზიდვის საუკეთესო საშუალებას. პროექტის განხორციელებამ მოითხოვა როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ასევე შესაბამისი ტექნიკური მხარის დახვეწა და განვითარება.
ელექტრონული აუქციონით ჩვენ შევქმენით მეტად კონკურენტუნარიანი გარემო, ამასთან მივაღწიეთ სრულ გამჭვირვალობას, განულდა კორუფციული რისკები, აუქციონში მონაწილეობა გამარტივდა, ვაჭრობა შესაძლებელია სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად. ამასთან ქონების შეძენის მსურველს საკუთარი სურვილის გამოხატვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია.
- ვებ-გვერდის ფუნქციონირება რამდენად გამართულია და უძლებს თუ არა სისტემურ პრობლემებს, მაგალითად აბონენტთა მხრიდან მისი გამოყენების გადატვირთულობას?
- ვებგვერდის მართვას ახორციელებენ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ფინანსთა სამინისტროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. საიტის ფუნქციონირება დაკავშირებულია აღსრულების ელექტრონული წარმოების პროგრამასთან, რომლის მეშვეობითაც აღმასრულებლები ახდენენ მათ მიერ დაყადაღებული ქონების აუქციონის მენეჯერებთან გადამისამართებას.
რაც შეეხება საიტზე განთავსებულ ქონებას, მასზე ვაჭრობის წარმოება შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურების გავლის შემდეგ, ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია. ინტერნეტაუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. აუქციონში როგორც ეს ზოგადად აუქციონის მთავარ პრინციპს შეეფერება, გამარჯვებული არის ის მომხმარებელი რომელიც ვაჭრობის განმავლობაში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს. ტექნიკურად აუქციონი არ მთავრდება კონკრეტულ დროს, თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება" მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება დამატებით ორი წუთით.
- ონლაინ გადახდის რა სისტემებია ინტეგრირებული ვებგვერდზე? უფრო კონკრეტულად ამის შესახებ...
-მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე საგარანტიო თანხის გადახდა და გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე თანხის გადახდა შეუძლია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე საკრედიტო ბარათის მეშვეობით. პლასტიკური ბარათის არ ქონის შემთხვევაში მომხმარებელს საშუალება აქვს უფასო ბარათი პირდაპირ საიტიდან შეუკვეთოს. ჩვენ ასევე ვუზრუნველყოფთ, რომ ინტერნეტაუქციონში დამარცხებულს საგარანტიო თანხა დაუბრუნდეს აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში.
- ელექტრონული აუქციონის სისტემის შექმნისას მოხდა თუ არა სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და კონკრეტულად რომელ სახელმწიფოებში მოქმედებს მსგავსი მოდელები?
ელექტრონული აუქციონის დანერგვისას ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებას დავეყრდენით, სადაც საიტზე www.govsales.gov ხდება სახელმწიფოს მიერ ამოღბული ქონების რეალიზაცია. პროექტის დაწყებამდე გავიარეთ კონსულტაციები ამერიკის შეერთებული შტატების ზოგადი სერვისების ადმინისტრაციის სახელით ცნობილ უწყებაში GSA-General Services Administration.
ამასთან, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შვედეთის აღსრულების ეროვნულ სააგენტოსთან, მათი წარმომადგენლები ხშირად გვაძლევენ კონსულტაციას სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც პრობლემურია დღეს ჩვენი სამსახურისთვის. ელეტრონულ აუქციონთან დაკავშირებით კი ჩვენ მათზე წინ აღმოვჩნდით, რადგან შვედეთში აღნიშნული პროექტის განხორციელება დიდი ხანია რაც სურთ და ეს ერთი კვირის წინ შეხვედრის დროსაც დაგვიდასტურეს, თუმცა საკანონმდებლო პრობლემების გამო ამას დღემდე ვერ ახერხებენ.
- საინტერესოა, რა დონეზეა დაცული მომხმარებლის უსაფრთხოება?
- ალბათობა იმისა, რომ მომხმარებლის მიერ საგარანტიო თანხის სახით ან საფასურის სახით გადახდილი თანხა არ დაფიქსირდეს ან რაიმე სახის სხვა ტექნიკური პრობლემა შეიქმნას ფაქტობრივად ნულის ტოლფასია. ჩვენი სამსახური მთლიანად ორიენტირებულია მომხმარებელზე და ამდენად ნებისმიერი წამოჭრილი პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, თუმცა რეალურად რაც ელექტრონული აუქციონის მეშვეობით დავიწყეთ ქონების რეალიზაცია ასეთი პრობლემის წინაშე არცერთხელ არ დავმდგარვართ. უსაფრთხოების მხრივ მნიშვნელოვანია, რომ საიტს გააჩნია წვდომა საჯარო რეესტრის ბაზასთან და რეგისტრირებულ მომხარებელს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს მისი საიდენტიფიკაციო ნომრით ამოიცნობს და შემდგომ აძლევს რეგისტრაციის საშუალებას. დაცულობის თვალსაზრისით აქვე აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, რომ მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა, სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას და ამდენად სრულ ანონიმურობას. ჩვენ ამასთანავე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით ვალდებულება ავიღეთ საკუთარ თავზე, რომ დავიცავთ მომხარებლის მიერ რეგისტრაციისას გაცემული ინფორმაციის კონფიდენციალობას.
- სამომავლოდაც უნდა ველოდოთ თუ არა სიახლეებს www.eauction.ge-ზე?
ჩვენ სიახლეების ძიებისა და დანერგვის მუდმივ პროცესში ვიმყოფებით და ამდენად რასაკვირველია მუშაობის პროცესში საიტის განვითარებასა და ზოგადად ელექტრონული ვაჭრობის დახვეწაზე და გამარტივებაზეც ვიმუშავებთ. პირველ რიგში ეს შეეხება საიტის ინტერფეისს და ლოტის შესახებ მომხარებლისთვის საინტერესო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
- დაბოლოს, უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა ცვლილებები გაატარა ელექტრონული პროექტების განვითარების მიმართულებით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ?
აღსრულების ეროვნული ბიურო თავისი საქმიანობის პროცესში დროის მენეჯმენტის მექანიზმების აქტიურ დანერგვას ახორციელებს, ამ მიზნით რიგი პროცესების ელექტრონიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. უკანასკნელ პერიოდში შეიქმნა და სამუშაო პროცესში ჩაეშვა სამი მასშტაბური ელექტრონული სისტემა, ესენია მოვალეთა ელექტრონული რეესტრი, ელექტრონული სააღსრულებო საქმის წარმოების პროგრამა, რომელიც მოვალესა და კრედიტორს აძლევს საშუალებას მათი საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით იხილოს, კანცელარიის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ ელექტრონულად, აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით მიიღონ იურიდიული ძალის მქონე პასუხი განცხადებაზე და, რასაკვირველია, ელექტრონული აუქციონი. მუდმივად მიმდინარეობს უკვე არსებული სისტემების დახვეწა და ფუნქციონალური გაფართოვება. ჩვენი სამსახური ორიენტირებულია ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვაზე და ამდენად გვსურს უახლოეს პერიოდში მივაღწიოთ სააღსრულებო წარმოების მაქსიმალურ დემატერიალიზაციას. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ვგეგმათ წარმოებაში გავუშვათ აღრიცხვა-ანგარიშსწორების ახალი ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებს დროის დაზოგვის მეტ საშუალებას მისცემს და მინიმუმამდე დაიყვანს გადახდების აღრიცხვისას შეცდომების დაშვების ალბათობას.

 

ავტორი: . .