რეჟისორ ბაკურ ბაკურაძისა და პროდიუსერ არჩილ გელოვანის მიერ რუსეთში შექმნილი ფილმი "მონადირე" მონაწილეობს 2011 წლის კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში "განსაკუთრებული ხედვა", რომელიც 1978 წელს კანის კინოფესტივალის პრეზიდენტმა ჟილ ჟაკობმა დააარსა.
ბაკურაძის კონკურენტები იქნებიან ისეთი ცნობილი ოსტატები, როგორებიც არიან კორეელი კიმ კი-დუკი (საუკეთესო რეჟისორი ფილმისთვის "Samaritan girl" ("სამარიტელი ქალი") და ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი გას ვან სენტი (მისი ფილმები არაერთხელ იყო წარდგენილი ოსკარზე, ბერლინალეზე, 2003 წელს მისი ფილმი "Elephant" ("სპილო") კანის ფესტივალზე ოქროს პალმით დაჯილდოვდა.
ბაკურ ბაკურაძე 1969 წლის 16 მარტს თბილისში დაიბადა. 1986 წელს სკოლის დასრულების შემდეგ მოსკოვის სამანქანო-საგზაო ინსტიტუტში ჩააბარა.
80-იანი წლების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა კონკურსში ქართველი რეჟისორი მონაწილეობს. 1987 წელს "ოქროს კამერით" დაჯილდოვდა ნანა ჯორჯაძე ფილმისთვის "რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა". ამავე წელს, თენგიზ აბულაძის ფილმმა "მონანიება" ჟიურის სპეციალური გრან-პრი,"FIPRESCI"-ს და ეკუმენური ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისთვის მიიღო. წინა წლებში, კანის კინოფორუმის საკონკურსო პროგრამაში, რამდენიმე ქართველი რეჟისორის ნამუშევრებიც იყო წარდგენილი.
წელს კანის კინოფესტივალის პროგრამის „Un Certain Regard" ჟიურის თავმჯდომარე არის ცნობილი სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა.