სეპარატისტული სამხრეთ ოსეთში საწვავის დეფიციტია. დახურულია ყველა ბენზინგასამართი სადგური. საწვავის მარაგი ამოიწურა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოქმედი ნავთობბაზის დირექტორი ალან ჯიოევი აცხადებს, რომ საწვავის კრიზისი რუსეთიდან მოვიდა.
"საწვავის კრიზისი სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან მოვიდა, რადგან საწვავის ყველა სახეობა იქიდან მოდის. დღეისათვის სამხრეთ ოსეთში არსებული ყველა ბენზინგასამართი სადგური დახურულია, იმის გამო, რომ რაც კი გვქონდა საწვავის მარაგი რუსეთიდან შემოტანილი, ყველაფერი ამოიწურა", _ აცხადებს ჯიოევი და აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, უახლოეს დროში საწვავის ფასი ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოიმატებს.
მისი თქმით, თუკი ადრე, ე.წ. სამხრეთ ოსეთში შემოტანილი ერთი ტონა საწვავის განბაჟება 239 აშშ დოლარი ღირდა, ამიერიდან ერთი ტონა განბაჟებული საწვავის ფასი 408 აშშ დოლარი იქნება.
"საწვავზე ფასი არსებითად მოიმატებს, რაც სავარაუდოდ მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს", _ აცხადებს ჯიოევი.
მისი თქმით, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანა ხვალიდან იგეგმება და ერთი ლიტრის ფასი 31,7 რუსული რუბლი იქნება.