"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" ახალ ეტაპზე გადადის და უფრო მასშტაბური ხდება. ნებისმიერ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც მშენებლობის დაწყება ან შეწყვეტილი სამუშაოს დასრულება სურს, მერია ნასყიდობის ხელშეკრულებას წინასწარ გაუფორმებს.
სიახლე ბანკებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს ქალაქის მერმა პირადად გააცნო.
"როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერი რთული სქემა ან კონკურსი ყოველთვის წარმოქმნის დამატებით კითხვებს და შეიცავს კორუფციის საფრთხეს. ამიტომ ახალ ფაზაზე შევიმუშავეთ სრულიად განსხვავებული მოდელი, რომელიც ბევრად მასშტაბურია, მაგრამ იმავდროულად უფრო მარტივიც და არ მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან დამატებით ხარჯებს", _ განაცხადა უგულავამ.
მისი განცხადებით, მერიის ახალი წინადადება მარტივია: თბილისის მერია მზადაა, გააფორმოს სამშენებლო კომპანიებთან წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება უკვე დასრულებულ და ექსპლუატაციაში მიღებულ საცხოვრებელ კორპუსებში ე.წ. თეთრი კარკასის შესყიდვის შესახებ ერთი კვადრატული მეტრისა - 400 აშშ დოლარად ეკვივალენტი ლარში.
"დღეს სამშენებლო სექტორის პრობლემა ისაა, რომ თუ ადრე მშენებარე ბინას ჰყავდა მყიდველი და ადამიანი მზად იყო წინასწარ განვადებით გადაეხადა თანხა, ანუ, პოპულარული ენით რომ ვთქვათ, ეყიდა ჰაერი, ამჟამად უკვე ნდობადაკარგულია: მყიდველი მხოლოდ დასრულებულ და ჩაბარებულ ბინაში იხდის ფულს. ნდობის დაბრუნებას დრო სჭირდება და იმედი მაქვს, რომ ამ ჩვენი ახალი პროგრამით ეს ნდობა მალე აღდგება", _ განაცხადა ქალაქის მერმა.
მისი თქმით, დღეს სურათი ასეთია: ბანკები თავს იკავებენ ამ სფეროს დაკრედიტებისგან, მყიდველი არ ყიდულობს დაუსრულებელ ბინას, მშენებელს არა აქვს საკმარისი ფული პროექტის დასამთავრებლად. აუცილებელია ამ მოჯადოებული და ჩაკეტილი წრის გარღვევა და სწორედ ამ მისიას იკისრებს სახელმწიფო - ამ შემთხვევაში თბილისის მერია.
"შეიძლება გვკითხონ: რა გათვლებს ემყარება ახალი პროგრამა და რა უმთავრეს მიზნებს ვისახავთ. როგორც ბაზრის კვლევამ დაადასტურა, უკვე დასრულებული ბინების რეალიზაციის პრობლემა ქალაქში არ არსებობს. დასრულებულ ბინას ე.წ. თეთრ კარკასს ყოველთვის ჰყავს მყიდველი. პრობლემა სწორედ ისაა, რომ მშენებელს ჰქონდეს აუცილებელი ფინანსური რესურსი, რათა მშენებლობა დასრულდეს. ჩვენი ახალი პროექტი ფაქტობრივად, მშენებლობის უფასო დაზღვევაა - ანუ - მერია ქმნის ვითარებას, როდესაც მშენებელს უკვე ჰყავს ბინის გარანტირებული მყიდველი სახელმწიფოს სახით. ეს ბევრად გააადვილებს თანამშრომლობას კომპანიებსა და ბანკებს, საფინანსო ინსტიტუტებსა და ჩვეულებრივ ინვესტორებს შორის, რადგან მხარეები დარწმუნებულნი იქნებიან, რომ მათი ფული არც ერთ შემთხვევაში არ დაიკარგება", _ აცხადებს უგულავა და აღნიშნავს, რომ ერთი კვადრატულ მეტრი მშენებლობის თვითღირებულება თბილისში 400 დოლარი და ცოტა უფრო მეტიც კია.
"ანუ სახელმწიფო ამით თავდებში უდგება სამშენებლო კომპანიებს, რომ ისინი აუცილებლად და უეჭველად შეძლებენ დასრულებული ბინის გაყიდვას მინიმუმ თვითღირებულების ფასად. ბანკი კი გარანტირებულად დაიბრუნებს კრედიტს", _ აცხადებს მერი.
უგულავა აღნიშნავს, რომ დასრულებული ბინები თბილისში 400 დოლარზე მეტი ღირს და ეღირება და ამიტომ "ეჭვი არ გვეპარება, რომ მათი რეალიზაციის პრობლემა მშენებლებს არ ექნებათ".
"სახელმწიფო მათ ამის გარანტიას უქმნის, რომ უკიდურეს შემთხვევაში ბინებს თვითღირებულების ფასად მაინც აუცილებლად იყიდის. ანუ თუ მერია თავის თავზე იღებს ვალდებულებას, იყიდოს ფართი, მშენებლისთვის გაყიდვა ნებაყოფლობითია და ეს რეალურად მხოლოდ დახმარებაა მშენებლობის დასასრულებლად", - განაცხადა მან.
უგულავას განცხადებით, ყოველწლიურად თბილისის მერია რამდენიმე მილიონ ლარს ისედაც ხარჯავს ავარიული ბინებიდან მოქალაქეთა გასახლებისა და მათთვის საცხოვრებლის დასაქირავებლად. ბევრად უფრო ხელსაყრელი იქნება ამ სახსრების მიმართვა უკვე დასრულებული ბინების შესასყიდად, შესაბამისად ახალი პროექტი მნიშვნელოვანია სოციალური პროგრამის გაძლიერების თვალსაზრისითაც.
"ამით ერთდროულად რამდენიმე მიზანს მივაღწევთ: დაიწყება ახალი მშენებლობები, რადგან პროგრამა ახალ მშენებლობებსაც სთავაზობს თანამშრომლობას. განახლდება შეჩერებული მშენებლობები, შეიქმნება ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი. გამოირიცხება ყოველგვარი გარიგება, ვინაიდან გასარიგებელი უბრალოდ არაფერია. ნებისმიერ ბიზნესმენს და არა მხოლოდ უკვე არსებულ სამშენებლო კომპანიას შეუძლია მოვიდეს მერიაში, გააფორმოს წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება და ჰქონდეს გარანტია, რომ დასრულებულ ბინებს გარანტირებულად ეყოლება მყიდველი სახელმწიფოს სახით", - განაცხადა მან.
გიგი უგულავას თქმით, აღნიშნული წინადადება მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.
"ჩვენი წინადადება ძალაშია მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, რადგანაც თბილისის მერია მხოლოდ 2012 წლის აპრილამდე აფორმებს წინსაწარი ნასყიდობის ხელშეკრულებებს მშენებებთან, რომლებიც შემდგომ გონივრულ ვადაში დაასრულებენ პროექტებს", _ განაცხადა ქალაქის მერმა ბანკებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.