ENG / RUS       12+

"Washington Post": ნატოს მიერ ლიბიის ინტერვენცია, შესაძლოა, ალიანსის დასასრულის მიზეზი გახდეს


ნატოს მიერ ლიბიის ინტერვენცია შესაძლოა ალიანსის დასასრულის მიზეზი გახდეს. ამის შესახებ "Washington Post"-ი წერს.

ჟურნალისტი ენ აპელბაუმი ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს იმის გამო აკრიტიკებს, რომ ინტერვენციის დაწყებამდე "ნატოს ოპერაციასთან დაკავშირებით არანაირი დისკუსიები არ გაუმართავს; არ ყოფილა არც დებატები, არც კენჭისყრა, არც ერთობლივი დაგეგმვა".

"ფორმალურად, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაიწყოს, თუკი ალიანსის წევრ-სახელმწიფოს ვინმე თავს დაესხმება. ავღანეთის ომი ასეთი თავდასხმის შემდეგ დაიწყო და თავდაპირველად მას აღიქვამდნენ დიდწილად როგორც ომს საერთო მტრის წინააღმდეგ. ლიბიაში ყველაფერი სხვაგვარადაა: არანაირი თავდასხმა არ ყოფილა, არ არსებობს საერთო მტერი, ახლა კი ერთსულოვნებაც გაქრა. ნატოს ორი ძალიან მნიშვნელოვანი წევრი, გერმანია და თურქეთი, ღიად ეწინააღმდეგებიან ლიბიის მისიას და უარს ამბობენ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე. ბევრმა უფრო პატარა წევრმა ქვეყანამ კულუარებში უკმაყოფილება გამოთქვა და უარი განაცხადა ოპერაციაში რაიმე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანაზე. ისინი მხოლოდ რამდენიმე კონსერვის გაგზავნით შემოიფარგლნენ. ნატოს გენერალური მდივანი ბოლო დღეებში მეორეხარისხოვან ევროპულ დედაქალაქებში მოგზაურობს და თვითმფრინავებს ითხოვს. მან უკვე არაერთხელ მიიღო უარი. ისინიც კი, ვინც მისიას მხარს უჭერს, აქტიურობით არ გამოირჩევა. შვედეთის პარლამენტმა დიდი ზარზეიმით მიიღო უცხოეთში შვედური თვითმფრინავების გაგზავნის გადაწყვეტილება - პირველად ბოლო 40 წლის განმავლობაში. თუმცა, შვედ მფრინავებს მხოლოდ არასაფრენი ზონის უზრუნველყოფის უფლება მისცეს. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ლიბიის სამთავრობო ძალების თვითმფრინავების ჩამოგდება, მაგრამ არ შეუძლიათ ხმელეთის სამიზნეების დაბომბვა. ხოლო იმის გამო, რომ მთავრობის შეიარაღებულ ძალებს თვითმფრინავები აღარ დარჩათ, შვედებს დიდი გარჯა აღარც უწევთ. მსგავსი შეზღუდვების პირობებში მოქმედებენ ჰოლანდიელი მფრინავებიც. ნორვეგიელ პილოტებს მხოლოდ ავიაბაზების დაბომბვის უფლება მისცეს. იტალიის სამხედრო ავიაციამ 100 მეტი ფრენა განახორციელა, მაგრამ ჯერ არცერთი ბომბი არ ჩამოუგდია. კანადელები ოდნავ მეტს აკეთებენ, კი ეს ასეა - მაგრამ კანადელი პოლიტიკოსები მთელი ძალით ცდილობენ როგორმე თავი აარიდონ ამ თემაზე ზედმეტ საუბრებს", - ნათქვამია სტატიაში.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, სტატიის ავტორის თქმით, ბევრს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამერიკელი სამხედროები საერთოდ არ არიან ნატოს წევრები.

"საკმაოდ უცნაური და არაბუნებრივია ამერიკელი ხელმძღვანელების ბოლოდროინდელი განცხადებები, რადგან ისინი ალიანსზე როგორც უცხოზე ისე საუბრობენ. ამერიკის პრეზიდენტმა საკმაოდ გასაგებად აგრძნობინა ყველას, რომ ლიბიაში ოპერაციას ახლა ნატო უხელმძღვანელებს. მისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელი სამხედროები ოპერაციაში მონაწილეობას ემიჯნებიან. „არასაფრენ ზონას ჩვენი თვითმფრინავები არ უზრუნველყოფენ", - თქვა პრეზიდენტმა ობამამ ავიადარტყმების დასაწყისში. და მართლაც, რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა თვითმფრინავებმა ფრენა შეწყვიტეს. ეს რაღაც არაორდინარულია, რადგან ბოლო დრომდე ადამიანების უმრავლესობას ნატო იმ ალიანსად მიაჩნდა, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობდა", - წერს ჟურნალისტი.

მისივე შეფასებით, სინამდვილეში, ლიბიის ექსპედიცია ანგლო-ფრანგული პროექტია და თავიდანვე ასე იყო.

"მაგრამ არც ბრიტანეთს და არც საფრანგეთს ამ ოპერაციაზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა და ვერცერთი მეორეს იმედზე ვერ არის. ფრანგები ბუზღუნებენ, რომ ამერიკელების წასვლამ მუამარ კადაფი გააძლიერა; ბრიტანელები ფიქრობენ, რომ ფრანგების ყურადღებას ახლა მის ყოფილ კოლონიაში კოტ დივუარში ომზე გადავა. ის რომ კოორდინაციაში ასეთი უუნარობა ვლინდება, გასაკვირი არ არის. ბოლოს და ბოლოს, ეს პირველი ანგლო-ფრანგული სამხედრო ოპერაციაა 1956 წლის სუეცის არხის ოპერაციის შემდეგ, რომელიც ძალიან სამწუხაროდ დასრულდა. მაგრამ თუკი არასაიმედო, როგორც ამას ისტორია გვიჩვენებს, ანგლო-ფრანგული კოალიცია გახანგრძლივებულ ოპერაციას ვერ გაუძლებს, რა იქნება შემდეგ? მას ევროპაში ვერცერთი ძალა ვერ შეცვლის, ეს ცხადია. ევროპას კი საგარეო პოლიტიკაც არ აქვს: დიპლომატიური ძალისხმევების, დებატების და წევრ-ქვეყნებში დაუსრულებელი რეფერენდუმების წლები რამდენიმე წლის წინ ორი უხელისუფლებო, ნომინალური ხელმძღვანელის არჩევით დასრულდა, რომელთაგან ერთი ევროკავშირის „პრეზიდენტი", მეორე კი მისი „საგარეო საქმეთა მინისტრი" გახდა. ერთიანი ევროპული არმიის შემქნის მცდელობა რამდენიმე სუფთა სიმბოლურ ჟესტს ვერ გასცდა. თუკი ბრიტანეთს და საფრანგეთს თვითმფრინავები, საწვავი, ფული და ენთუზიაზმი დაუმთავრდა - კარგად იყავი. ყველაფერი კი ნატოს დაბრალდება, რომელსაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ დაუგეგმავს, არ მოუმზადებია და კენჭისყრაც კი არ ჩაუტარებია ლიბიის ოპერაციასთან დაკავშირებით. ლიბიაში ამ ორგანიზაციის სახელის გამოყენება მხოლოდ ფიქციაა. მაგრამ ნატოს რეპუტაციის შესუსტება შეიძლება შემაშფოთებლად რეალური აღმოჩნდეს", - წერს "Washington Post"-ი, სადაც დაბეჭდილი სტატიის ქართულ თარგმანსაც "Foreignpress"-ი აქვეყნებს.

ავტორი: . .