დღეს, 7 დეკემბერს, ევროსასამართლოში გაიგზავნა სარჩელი სახელწოდებით "დაჩი ცაგურია საქართველოს წინააღმდეგ".
მოძრაობა "7 ნოემბერის" წევრი ხელისუფლებისაგან კომპენსაციის სახით 3 მილიონ ევროს ითხოვს.
ცაგურიას ადვოკატის მამუკა ნოზაძის მტკიცებით, 15 ივნისს, როდესაც თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მშვიდობიანი აქცია დაარბიეს, დაჩი ცაგურიას გამოხატვის თავისუფლება დაირღვა, რაც ევროკონვენციის მეათე მუხლით არის გარანტირებული.
ადვოკატი ასაჩივრებს ასევე ევროკონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. მისი მტკიცებით, ცაგურია დროებითი მოთავსების იზოლატორში არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდა. ნოზაძის თქმით, მათ აქვთ ფოტო და ვიდეომასალა, რითაცდასტურდება, რომ დაჩი ცაგურიას არაადამიანურად მოეპყრნენ დაკავების დროს.
გასაჩივრებულია ასევე ევროკონვენციის მე-5 მუხლი, უკანონო დაკავება. ადვოკატის თქმით, ცაგურიას დაკავების მიზეზები არ განუმარტეს. გასაჩივრებულია ევროკონვენციის მე-6 მუხლის დარღვევაც, კერძოდ, სამართლიანი სასამართლოს უფლება. ნოზაძის განმარტებით, ცაგურიას არც გამოძიების და არც სასამართლოს დროს დამცველის უფლება არ მიეცა.
ასევე ასაჩივრებს ევროკონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა და ადვოკარი აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საქართველოში სამართლიანი დაცვის საშუალებები არ მიეცა.
"დაჩი ცაგურიას მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლი. კონკრეტულად ევროპული კონვენციის მესამე მეექვსე მეხუთე მერვე, მეათე და მეცამეტე მუხლი", _ განაცხადა მამუკა ნოზაძემ.
დაჩი ცაგურიას განცხადებით, ის 30 დღის განმავლობაში საპყრობილეში არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდა და არ აპირებს ხელისუფლებას მისი უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა აპატიოს.
"არ ვაპირებ, რომ ხელისუფლებას შევარჩინო 15 ივნისის საშინელი ფაქტი, როდესაც მაწამეს, თავისუფლება უკანონოდ აღმიკვეთეს და 30 დღის განმავლობაში მამყოფეს არაადამიანურ პირობებში", _ განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
შეგახსენებთ, რომ დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისს პოლიციის შენობასთან აქციის დარბევის შემდეგ ოპოზიციის სხვა აქტივისტებთან ერთად დააკავეს. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.