7 დეკემბერს, მარტვილში მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. ვინაიდან ადგილობრივმა ხელისუფლებამ ღონისძიების ჩასატარებლად შენობის გამოყოფაზე უარი თქვა, დამფუძნებელი კონფერენცია ღია ცის ქვეშ, მოძრაობის რაიონული ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.
„როდესაც გაზაფხულზე ოპოზიცია ქუჩაში აქციებს მართავდა, სააკაშვილი მას დარბაზებში შესვლისა და აქციების ცივილიზებულად ჩატარებისკენ მოუწოდებდა, ახლა მას თავისი „შეთავაზება" უკვე აღარ ახსოვს" - აცხადებდნენ მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" მხარდამჭერები.
იმაში, რომ მოძრაობას პარტიული კონფერენციების დარბაზში ჩატარების საშუალებას არ აძლევენ, ზურაბ ნოღაიდელი ხელისუფლების სისუსტეს ხედავს და აცხადებს, რომ ამან უკუეფექტი უკვე გამოიღო.
„შეიძლება უკეთესიც კი არის, რომ დარბაზი არ დაგვითმეს - ახლა მთელი მარტვილი გვისმენს. მანქანები ჰყავთ გაჩერებული ქუჩაში და ისე გვისმენენ" - აღნიშნა მოძრაობის ლიდერმა.
თავის მხრივ, მოძრაობის გამგეობის წევრი ვახტანგ (ლოთი) ქობალია კმაყოფილებით დასძენს, რომ ხელისუფლების მხრიდან დაშინებებისა და პროვოკაციების მიუხედავად, ზურაბ ნოღაიდელთან შესახვედრად მარტვილში ხალხი მაინც მრავლად მივიდა.
„არ უნდა შევშინდეთ, ჩვენ ეს არ გვჩვევია" - მოუწოდა მან შეკრებილთ.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მონაწილენი საყოფაცხოვრებო საკითხებზე მეტად საზოგადოებრივ პრობლემებზე ამახვილებდნენ ყურადღებას. მათი განცხადებით, მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში არსებობდა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი. ამ მემორიალიდან 160 ქართველი მეომრის ფოტო ჩამოხსნეს და სკოლაში წაიღეს. მემორიალის ადგილზე კი... ბენზოგასამართი სადგური გააკეთეს. ანალოგიური სიტუაციაა ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშში. მოსახლეობა ითხოვს ამ მემორიალების აღდგენას.
მარტვილში გამართულ კონფერენციაზე მოძრაობის მხარდამჭერებს და აქტივისტებს პარტნიორი ორგანიზაცია „ქრისტიანული საქართველოს" ლიდერმა ავთანდილ დავითაიამაც მიმართა.
„სააკაშვილს ეგონა შეგვაშინებდა და სამეგრელოს ჯიბეში ჩაიდებდა, მაგრამ ასე არ მოხდება. ჩვენ მალე არჩევნების გზით მოვალთ ხელისუფლებაში" - აღნიშნა ავთანდილ დავითაიამ.
თანაპარტიელების წინაშე გამოსვლისას ზურაბ ნოღაიდელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთის ნდობის დაბრუნებაში სამეგრელოს როლი არის გადამწყვეტი. მან, ასევე, დეტალურად ისაუბრა საქართველოს ერთიანობის მიღწევის გზებზე, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის უალტერნატივობაზე და იმ ეკონომიკურ ჩიხზე, რომელშიც ხელისუფლებამ შეიყვანა საქართველო.
მოძრაობის მარტვილის რაიონული კონფერენციის მუშაობაში 200-მდე აქტივისტმა და მხარდამჭერმა მიიღო მონაწილეობა. მოძრაობის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩეულია გენო ჭოჭუა.
მასალის გამოყენების პირობები