რესპოდენტის შესახებ
საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის მხრიდან მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ზედმეტი ენერგიის ხარჯვად მიიჩნევს და უკვირს, "თუ მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დააყენებას აპირებენ, ცალ-ცალკე მინისტრებს რას ერჩოდნენ". უმრავლესობა ოპოზიციას მოუწოდებს, ეროვნული იდენტობის თემაზე მათი დამოძღვრის ნაცვლად, სოფლისა და სოფლის მეურნეობის ერთმანეთისგან გარჩევა ისწავლონ.
რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისთვის" მიცემულ ინტერვიუში მათ საკუთარი რეიტინგების გადახედვასა და რევოლუციების ისე დაანონსებას ურჩევს.
- სამთავრობო დებატების დროს ოპოზიციამ საუბარი დაიწყო ჯერ ცალკეული მინისტრების, შემდეგ კი უკვე მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად დასაბუთებული იყო ოპოზიციის პრეტენზიების მთავრობის მიმართ?
- არ იყო დასაბუთებული. შევეხოთ ორ კონკრეტულ თემას - სოფლის მეურნეობასა და დევნილებს. მათ, ერთი მხრივ, პირადი მოტივები ამოძრავებდათ, მეორე მხრივ, პოლიტიკის ნაწილია, რათა ოპოზიცია პრესაში უკეთესად გასულიყო და სატელევიზიო ეთერშიც მეტი დაფარვა ჰქონოდათ, რომ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ. ეს ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის სერიოზული "ივენთია".
რაც შეეხება კვეზერელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, მათი არგუმენტი იყო, რომ "ახლა კი ჩაიდო თანხები და ამის წინააღმდეგები არ ვართ, მაგარამ აქამდე რატომ გქონდათ მიგდებული ეს სფერო, ამიტომ ვაყენებთ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხსო".
ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის სფეროში მართლაც გარღვევა მოხდა, თუნდაც დაფინანსების მხრივ. ათობით მილიონი ჩაიდო ირიგაციაში, მექანიზაციაში, დღის წესრიგიდან მოიხსნა რთველის პრობლემა, რომელიც პოლიტიკურ და სოციალურ კრიზის წარმოადგენდა 2-3 თვის განმავლობაში. ამას ემატებოდა ციტრუსის რეალიზაციის პრობლემა, რომელიც დღეისთვის მოხსნილია. სოფლის მეურნეობაში არ არსებობდა უცხოური ინვესტიცია, რომლებიც ახლა წარმოდგენილები არიან. მათ ხალხი დაასაქმეს და ქართულ პროდუქციას ქმნიან. ასევე სუპერმარკეტებში გამოჩნდა ქართული პროდუქცია, მათ შორის ზეთი, ჩაი, საკონსერვო წარმოება. ეს ყველაფერი ბოლო 2-3 წელში გაკეთდა და ყველასთვისა თვალსაჩინოა.
ძალიან ბევრი დარჩა გასაკეთებელი, ამას არ უარვყოფთ და არ ვიძახით, რომ ყველაფერი გაკეთდა და ახლა გულზე ხელები უნდა დავიკრიფოთ და ბედნიერები ვიყოთ. პირიქით, ცოტა კეთდება უფრო მეტი სივრცე რჩება გასაკეთებელი, უფრო მეტი პრობლემა იჩენს თავს. ახლა ამ პრობლემებს უნდა შევეჭიდოთ. თუნდაც ხორბლით ბაზრის თვითდაკმაყოფილების ინდექსში ძალიან ცუდი მაჩვენებელი გვაქვს, სიმინდთან დაკავშირებით პროგრამა წამოვიწყეთ, ღორის ხორცთან დაკავშირებით ადრე უკეთესი მდგომარეობა გვქონდა, მაგრამ ე.წ. ღორის ჭირის შემდეგ გაუარესდა ადგილობრივი წარმოების იმპორტთან ბალანსი.
- თუმცა ოპოზიცია ხელისუფლებას დანაპირების არშესრულებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობაში დაპირებული 150 მილიონის ჩადების ნაცვლად, სამინისტროს დამატებით მხოლოდ 9 მილიონი ლარი გამოეყო.
- სოფლის მეურნეობის დაფინანსებაში არ ვგულისხმობთ სამინისტროს ადმინისტრაციულ ხარჯებს, ხელფასებს, საკანცელარო მასალას, რომელიც ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტშია გაწერილი, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ დაფინანსებაზე, აბა ეს სიმინდი საიდან გვაქვს? ასევე უცხოელი დონორებისგან ველოდებით ნაწილი თანხის მოზიდვას და ნაწილი თანხა ნაგულისხმევია პირდაპირი, კერძო სექტორის ინვესტიციებზე, რომელიც წლის განმავლობაში ჩაიდება. ანუ ჯამი არის 150 მილიონი და თუ ეს არ აისახება, სამ თვეშივე გამოჩნდება და მერე გვედაონ. ეს აბსურდული ბრალდება.
- "ქრისტიან-დემოკრატებმა" ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაბარება სთხოვენ და აცხადებენ, რომ ფეხზე დააყენებენ სოფლის მეურნეობას, ქართულ სოფელს და მერე უკან დაუბრუნებენ ბაკურ კევზერელს.
- არა მგონია, კვეზერელზე უკეთ გაართვას თავი ან ახვლედიანმა, ან თარგამაძემ. მაგათ სოფლის მეურნეობა და სოფელი ერთი და იგივე ცნება ჰგონიათ. ასეთ ხალხს რომ ჩააბარო სამინისტრო, კარგს ვერაფერს მოიტანენ. თარგამაძე ეროვნულ იდენტობაზე გვმოძღვრავდა, ამბობდა, რომ სოფელი და სოფლის მეურნეობა ეს არის ერთი და იგივე ცნება და ისე გამოვიდა, რომ სოფელში თუ ცხოვრობს ადამიანი, მხოლოდ სოფლის მეურნეობით უნდა იყოს დაკავებული, დასაქმების სხვა სფერო მათთვის თითქოს არ არსებობს. ეს არის მცდარი მიდგომა და სიღრმისეული შეცდომა, რომ ასეთი ხედვა გაქვს შენი საზოგადოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართ.
არც ერთი ქვეყანა იმ გზით არ წავიდა, რომ სოფლისთვის მხოლოდ სოფლის მეურნეობა იყოს. ეს ეკონომიკის განვითარების სტიმულაციას ვერ მოახდენს. უნდა იყოს დივერსიფიცირებული სფეროები, სადაც ყოველთვის არსებობს კონკურენტული დამოკიდებულება სოფლებს, თემებს შორის. ზოგ ადამიანს ეს საქმე კარგად გამოსდის და გაამსხვილებს თავის მეურნეობას, მაშინ როცა სხვა ტურიზმში დაკავდება, ან ინდუსტრიაში და ბუნებრივი რესურსების გადამუშავებაში. ყველა უნდა აკეთებდეს იმ საქმეს, რაშიც ძლიერია და არა ყველა თოხნიდეს. "ქრისტიან-დემოკრატებისთვის" კი ამ თემაზე მიდგომა ასეთია: სოფელში ხარ - თოხნე. ასეთი მიდგომით ვერც ქვეყანას მოუტან კარგს და ვერც აგროკულტურას, რომელსაც სოფლის მეურნეობა დაერქვა საბჭოთა კავშირის დროს.
- რაც შეეხება დევნილების განსახლების საკითხს, ყველაზე მეტი პრეტენზია საპარლამენტო ოპოზიციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მინისტრ კობა სუბალიათან ჰქონდა.
- დევნილების თემა ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. ბოლო 17 წლის განმავლობაში ეს ხალხი არავის ახსოვდა, არავინ საუბრობდა მათზე - არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია. ეს იყო ტაბუდადებული თემა. ახლა ეს თემა გავხსენით და დავძარით პროგრესისკენ. 80 ათასი ოჯახიდან აბსოლუტური უმრავლესობა მართლაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. არც იატაკი ჰქონდათ, თავზე აწვიმდათ და გათბობაზე ხომ საუბარიც არ იყო. ახლა 27 ათას ოჯახს პირობები გაუმჯობესეთ, აქედან 90% სახლით დაკმაყოფილდა, ნაწილმა თანხის აღება არჩია, ახლა კი დგანან და გვედავებიან.
ზოგიერთი არგუმენტი ოპოზიციის მხრიდან მართლა საქმიანი იყო, მაგრამ გამოჩნდა პროგრესიც - ადრე, როდესაც საერთოდ არ საუბრობდნენ დევნილთა გაუსაძლის ყოფაზე, ახლა გადავიყვანეთ გარემონტებულ შენობებში, ელექტროღუმელები დაურიგა სახელმწიფომ, დენის ფული გადაუხადა. ოპოზიცია კი გვედავება, ზამთრის პერიოდში მათი განსახლება რომ მოხდა, დასვალეთ საქართველოში ნესტია, ელექტროღუმელები ვერ ერევა სინესტეს და კედლები მაინც სველიაო. ახლა ასეთ საკითხებზე მიდის დავა.
ოპოზიციის მეორე ნაწილი იმას გვეუბნება, რომ 27 ათასი ოჯახის განსახლება რატომ მოხდა, ჯობდა იქ ყოფილიყვნენ და თან გვეუბნებიან, დანარჩენების განსახლება რატომ არ ხდებაო. 80 ათასი ოჯახი რომ იყო, მაშინ არ ახსოვდათ ეს ხალხი. ახლა შემცირდა და გაახსენდათ. ისინი პირველ რიგში ჩვენ გვახსოვს, მაგრამ ერთ თვეში და ორ კვირაში ყველას დაკმაყოფილება შეუძლებელია, ამას დრო სჭირდება.
რაც შეეხება სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხს, როგორც კი კარგი საქმე გაკეთა ამ ადამიანმა, უცებ ოპოზიციამ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. მაშინ, როცა დევნილების პრობლემების მოგვრება შუა პროცესშია, ეს კიდევ უფრო მტკივნეული საბოტაჟური ნაბიჯია ოპოზიციის მხრიდან. მოინდომეს, მოდით ახლა ეს კაცი გადავაყენოთ, რადგან რამდენიმე ადამიანის გვარი იციან, ვინც პროცესით ნაწყენი დარჩა და მათი სახელებისა და გვარების აფიშირებას ახდენენ და იკეთებენ პიარს, რომ საქმეში კარგად არიან ჩახედულები. 2 წლის წინ ეს ადამიანები კარგად ცხოვრობდნენ? მაშინ რატომ არ ახსოვდათ?
- ვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ერთჯერადი ვაუჩერების დარიგებას არანაირი შედეგი არ აქვს, რადგან მოსახლეობა დანარჩენი 11 თვე შიმშილით სიკვდილისთვის არის გაწირული.
- ასეთი ერთჯერადი აქციები საქართველოში არც პირველია და არც უკანასკნელი. ახლა თუ სასურსათო და ენერგოვაუჩერების დარიგება მოხდა, გასულ წლებში საწვევი, გვარჯილა და ა.შ. დარიგებულა ეკონომიკური სტიმულაციისთვის. ყოველთვე მისი დარიგება შეუძლებელია, რადგან ამას ვერც ერთი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ აიტანდა, მაგრამ გაწირა შიმშილისთვის რას ნიშნავს? ამ ხალხს ზოგს პენსია აქვს, ზოგს საკუთარი დასაქმებით აქვს შემოსავალი, ზოგი სოციალურ პროგრამაშია ჩართული.
მათ თუ ჰგონიათ, ყველა ზის და ელოდება, სახელმწიფო ვაუჩერს როდის მომცემსო, ცუდი წარმოდგენა ჰქონიათ ჩვენს ხალხზე, რადგან საქართველოს მოსახლეობა ყოველთვის ცდილობს, რაღაც გააკეთოს, შექმნას, მოიპოვოს სამსახური. შემოსავლისთვის ყველა იბრძვის. ჩვენი ხალხი არის მონდომებული და შრომისუნარიანი, ბევრი ერი ვერ დაიკვეხნის მოიფიქროს, რაც ჩვენ შეგვიძლია მოვიფიქროთ სოფლის მეურნეობაში, ბიზნესის კეთებაში თუ შემოსავლის მოპოვებაში და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ თავი დაისაქმონ.
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" რომ ჰქვია ყველგან ლიბერალურ-მემარჯვენე ხედვასთან ასოცირდება, პარტიის სახლი და მათი საუბრებიდან და რიტორიკიდან გამომდინარე, რა მესიჯებსაც აჟღერებენ, ულტრამემარცხენე ხედვაა: თურმე ხალხი უნდა დასვა სახლებში და უთხრა, საკუთარი შემოსავლისთვის არ იბრძოლოთ, ჩვენ დაგირიგებთ ყოველთვეო.
- აპრილის ბოლოდან საპროტესტო აქციების დაწყება იგეგმება, ორგანიზატორები არც რევოლუციის მოწყობის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას გამორიცხავენ. როგორ ფიქრობთ, "ვარდების რევოლუციიდან" 7 წლის შემდეგ რამდენად არის შესაძლებელი, კიდევ ერთი რევოლუცია მოხდეს?
- ძალიან კარგად იცინ, რომ არანაირი რევოლუცია არ მოხდება და ამის არც საფუძველი და არც მხარდაჭერა არ არსებობს. რუსული ფული რომ მონაწილეობას მიიღებს სახალხო კრების აქციებში და აქტიურობაში, ყველამ კარგად ვიცით და ამას არც სახალხო კრების ლიდერები მალავენ. საკმარისია, თვალი გადავავლოთ მათ აქტიურობას და შემოქმედებას, სად დადიან და ვისთან მართავენ კონსულტაციებს. მაგრამ ის, რომ რევოლუცია დააანონსო წინასწარ, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ გათვლილი მზაკვრული ნაბიჯი.
საქართველო არ არის ის სახელმწიფო, რომელიც ბოლო 10-12 წლის განმავლობაში იყო შევარდნაძის დროს, როდესაც რეგიონებში კრიმინალური ბანდები თარეშობდნენ, მართავდნენ სიტუაციას და თბილისში და დიდ ქალაქებში კანონიერი ქურდები იყვნენ ყველაფრის გამრჩევები და გადამწყვეტები. არც ჯარი არსებობდა, არც პოლიცია და არც ეროვნული იდენტობა იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული, კორუფციას ჰქონდა ქვეყანა შეჭმული, ბიუჯეტი არ არსებობდა, ხელფასები არ გაიცემოდა, დენი არ იყო და ერთი შევარდნაძე და მისი რამდენიმე ნათესავი ცხოვრობდნენ ნორმალურად, რომელებმაც ხალხის ხარჯზე ბიზნესსფეროები გაინაწილეს.
სად იყო მაშინ ან ტურიზმი, მძიმე მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა, ან სოფლის მეურნეობას რა წვლილი მიუძღოდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ რუსეთს ემბარგო არ ჰქონდა გამოცხადებული, დაახლოებით 7-8-ჯერ ნაკლები ღვინო იყიდებოდა, დოლარებში გადანგარიშების მიხედვით.
პროგრესი, მართლაც, ბევრ საკითხში განვიცადეთ. ოპოზიციას ამის დანახვა არ უნდა, მაგრამ ქვეყნის გარედან ბევრი ხედავს და ამბობს კიდევაც. ერთი მხრივ, დადებითი დინამიკაა, ხოლო მეორე მხრივ, ის რევოლუციური გამოხტომები, რაზედაც ეს ხალხი საუბრობს.
ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ქვეყნის ეკონომიკა შეაფერხონ, დააკნინონ, ინვესტორებს იმედი ჩაუკლან და მოტივაცია გაუქრონ ქვეყანაში ფულის ჩადების და არა მხოლოდ უცხოელ ბიზნესმენებს, ასევე ადგილობრივს. ამან ეკონომიკური დამუხრუჭება შეიძლება გამოიწვიოს და ამაზე აქვთ გათვლილი. თუ ეკონომიკის განვითარება შეფერხდება და დამუხრუჭდება, სოციალურად მეტ დაძაბულობას გამოიწვევს. ამაზე თვლიან და ამიტომ აკეთებენ ამ განცხადებას.
რევოლუციის მოწყობაზე სიზმრები ელანდებათ და წამქეზებლებიც ეუბნებიან, ამდენი ხანია, გაფინანსებთ, რაღაცა ხომ უნდა გააკეთოთ, წამოიწყოთ მაინც, რომ სხედხართ გაყუჩებულები და მარტო ფულს ჭამთო.
- გამოითქვა მოსაზრება, რომ საქართველოში თუ დემონსტრაციები დაიწყება, ეს, შესაძლოა, რუსეთმა საბაბად გამოიყენოს. ამით რუსეთი დასავლეთზე ლიბიაში მიმდინარე მოვლენებში სამხედრო ჩარევის გამო რევანშს აიღებს.
- ამ ნაბიჯზე ვერ წავა რუსეთი, იმიტომ, რომ საქართველო ლიბია არ არის და ეს ოპოზიციური პარტიები ლიბიური სამხედრო დაჯგუფებები არ არიან. ასე რომ, ამ ორი სცენარის შედარება კატეგორიულად მიუღებელია.
- რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, საუბარია უკვე არა მხოლოდ რუსეთის მხრიდან მათ ოკუპაციაზე, არამედ აფხაზეთის გარკვეული ნაწილის მიერთებაზედაც. რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება, რომ ანექსია აიცილოს თავიდან?
- ამისთვის გვჭირდება დიპლომატიური მუშაობა. უმრავლესობა კმაყოფილი ვართ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიურობითა და გაწეული სამუშაოთი, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე თითეულ ქვეყანასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებში - გაეროდან დაწყებული, ევროსაბჭოთი დასრულებული. ყველგან აქტიურად მუშაობენ და კარგად აყალიბებენ არგუმენტაციას. სერიოზული უნარი აქვს ჩვენს საგარეო უწყებას - დაარწმუნოს ჩვენი კოლეგები საქართველოს სიმართლეში და ის ტერმინები ჩაიდოს, რომელიც არის სამართლიანი და სჭირდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპების დაცვას, რათა ის, რაც საქართველოში მოხდა აღარსად განმეორდეს.
საზღვრების ურღვევობის პრინციპი არის უმთავრესი. სამი წელია შენარჩუნებულია არაღიარების პოლიტიკა აფრიკის კონტინეტიდან დაწყებული, ლათინური ამერიკის ჩათვლით, გარდა ორი-სამი გამონაკლისისა. ეს უკვე წარმატებაა.
ამას დაემატა ისიც, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად დაფიქსირდა, ხოლო რუსეთი - ოკუპანტად. ოკუპანტობა ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და ახლა უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა, მაგრამ ამას ექნება დასასრულიც. სხვანაირად შეუძლებელია, რუსეთი ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი გახდეს. ყველა მეგობარი ქვეყანა მოახდენს მასზე ზეწოლას, რადგან არავის უნდა მეგობრობა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობები ოკუპანტთან. არადა, რუსეთს მისწრაფება აქვს, რომ ყველასთან კარგი იმიჯი დატოვოს და ცივილიზებული, მოდერნიზებული ქვეყნის იმიჯით წარდგეს. ეს მისწრაფება ერთი მხრივ და მეორე მხრივ ოკუპანტის სტატუსი ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის.
ამ ყველაფერს დასასრული ექნება. დიპლომატიური მუშაობით ერთი მხრივ და მეორე მხრივ ქვეყნის შიგნით გატარებული დემოკრატიული რეფორმებითა და ეკონომიკური განვითარების კუთხით დავანახებთ მსოფლიოს, აფხაზებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და თვითონ რუსებსაც, რომ ერთიანი საქართველო ყველას ინტერესში შედის.
- თუმცა რუსეთის მხრიდან დათმობებზე წასვლის მზადყოფნა არ შეიმჩნევა და კრემლი ხისტ პოლიტიკურ კურსს ინარჩუნებს.
- კი, ხისტი პოლიტიკა შენარჩუნებულია. ყველაფერს დრო სჭირდება და სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში მუშაობს ჩვენი დიპლომატიაც.
- რამდენად საკმარისია რუსეთზე დასავლეთის მხრიდან ზეწოლა? ხომ არ არის დრო, ეს ზეწოლა გაძლიერდეს?
- ჩვენს ინტერესებში შედის, რომ დასავლეთმა ზეწოლა გააძლიეროს და ამას დრო სჭირდება. ერთ და ორ კვირაში ვერ მოხდება, რომ ყველამ დაუწყოს - რუსეთო, დეოკუპაცია მოხდინე საქართველოსიო. თუმცა მისი ოკუპანტად დაფიქსირება ჯერ ფურცელზე მოხდა, ამაზე დაყრდნობით, დიპლომატიური ურთიერთობების დროს, გაგრძელდება ამ საკითხის წინ წამოწევა და შეთავაზება, რომ თუ სურს ცივილიზებული სამყაროს წევრი იყოს, მაშინ საქართველოს დეოკუპაციის დროში გაწერვა უნდა მოხდეს.
- ბოლო დროს კრემლში ხშირად აცხადებენ, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთს გაწევრიანება საქართველოს გვერდის ავლით შეუძლია. ქართული მხარე ამას ადასტურებს, თუმცა იმედი აქვს, რომ ორგანიზაცია მსგავს პრეცედენტს არ დაუშვებს.
- ესეთი პრეცედენტი არ ყოფილა. თუ ახლა დაუშვებენ, რუსეთისთვის დაუშვებენ, რაც თავისთავად ორგანიზაციის რეპუტაციისთვის კარგი არ იქნება. ის ადამიანები, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებენ, ამას კარგად აცნობიერებენ. ასეთი გადაწყვეტილება ორგანიზაციის რეპუტაციას ჩრდილს მიაყენებს.
მეორე მხრივ, საქართველოს მკვეთრად გამოხატული პოზიცია აქვს და არავის სპეციალურად დაბლოკვას არ ვაპირებთ, თუ ჩვენი ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
საქართველოს თავისი ეროვნული ინტერესები აქვს წინა პლანზე წამოწეული და ეს არც არავის უკვირს. აქედან გამომდინარეა, რომ არ ხდება განუსაზღვრელი პოლიტიკური ან ეკონომიკური ზეწოლა, გინდა თუ არა რუსეთს დაუთმე და შემოიყვანე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშიო.
რაც შეეხება ჩვენს წინადადებას - საბაჟო-გამშვები პუნქტების კონტროლისა და ზედამხვედველობის საკითხებთან დაკავშირებით - ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, შევთანხმდეთ და კომპრომისზედაც წავიდეთ გარკვეულ ნაწილში, მთავარი პრინციპის დაცვით.
საუბარი შეიძლება იყოს უცხოელი დამკვირვებლების ჩართვაზე ამ პროცესში, რადგან ორივე მხარისთვის გარკვეული უნდობლობის ფაქტორი არსებობს, ეს კი გამჭვირვალე ვითარებას შექმნის.
თუ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს გვერდის ავლით უნდა დაუშვან ასეთი პრეცედენტი, სერიოზული შეცდომა იქნება და არასწორი ნაბიჯი ამ გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფის მხრიდან.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა თამარ მამუკაშვილი