ENG / RUS       12+

ანდრეი პიონტკოვსკი: ქართველებო, თუ ტერიტორიების დაბრუნება გსურთ, ცოტა ხნით დაივიწყეთ მათ შესახებ - ყველაფერი დაბრუნდება

რესპოდენტის შესახებ


იმ შემთხვევაში, თუ ქართველებს მართლაც გსურთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება, დროებით დაივიწყონ მათ შესახებ და კიდევ ერთი - ქართველებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ, - ასეთი რჩევა მისცა ქართულ საზოგადოებას რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სისტემური ანალიზის ინსტიტუტის წამყვანმა მკვლევარმა ანდრეი პიონტკოვსკიმ საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

- საქართველოს კონფლიქტურ ეგიონებთან დაკავშირებული სიტუაცია მიუხედავად მისი მრავალწილიანი განხილვისა საერთაშორისო არენაზე, მაინც ჩიხშია შესული. თქვენი აზრით, აქვს თუ არა საერთოდ საქართველოს პერსპექტივა (თუნდაც შორეული), აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და ტერიტორიები დაიბრუნოს?

- პარადოქსულ პასუხს გაგცემთ ამ კითხვაზე - იმ შემთხვევეაში, თუ თქვენ მართლაც გინდათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება და ეს მართლაც არის მორალური, პოლიტიკური ემოციური ამოცანა ქარული საზოგადოებისთვის, უბრალოდ დროებით, გარკვეული დროის განმავლობაში, დაივიწყეთ მათ შესახებ.

საუკეთესო საშუალება მათი დაბრუნებისა არის საქართველოს დინამიკური, კულტურული პოლიტიკური განვითარების მაგალითის ჩვენება. რასაც თქვენ ახლა აკეთებთ კიდეც. ადამიანებმა ნახონ, რა კეთდება მდინარის ერთ და მეორე მხარეს და ყველაფერი ეს დაბრუნდება.

- ვისი იმედი შეიძლება გვქონდეს დახმარების თვალსაზრისით ამ საქმეში?

- შორს ვარ გულუბრყვილობისგან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ.

- მედიაში აქტიურად განიხილება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრემლი აფხაზეთს 160 კილომეტრი აფხაზეთის ტერიტორიის დათმობას სთავაზობს და გაგრის რაიონს ართმევს. თქვენი აზრით, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს პროცესი?

- ამის არ მჯერა, მაგრამ თუკი ეს მართლაც ასეა, შეგიძლიათ მხოლოდ იოცნებოთ მოვლენების ამგვარ განვითარებაზე. არა მგონია ეს მოხდეს, იმიტომ რომ მოვლენების ასე განვითარების შემთხვებაში, აფხაზეთის ხელმძღვანელობა საკუთარი მოსახლეობის თვალში მოღალატე იქნება.

მეტიც, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი რუსული მედიიდან, ბოლო დროს დაძაბულობა ამ აფხაზეთის მარიონეტულ ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის იზრდება. მათ შორის არის წინააღმდეგობები იმიტომ, რომ აფხაზები თავიანთ "დამოუკიდებლობას" ნამდვილ დამოუკიდებლობად აღიქვამენ, მათ შორის არა მხოლოდ საქართველოსგან, არამედ რუსეთისგანაც. ამ დროს კი კრემლის აზრი საერთოდ სხვაა - ის ფიქრობს, რომ ეს მათი ტერიტორიაა.

- თქვენი აზრით, რა ელის აფხაზეთს რუსეთის ხელში?

- მიმაჩნია, რომ ეს ორი პროცესი დაეხმარება ერთმანეთს - აფხაზების სულ უფრო და უფრო დიდი იმედგაცრულება ელით თავიანთ ფსევდოდამოუკიდებლობაში, სინამდვილეში ხომ ისინი კოლონიალური დამოკიდებულებაში იმყოფებიან კრემლის მიმართ და მეორე, წარმატებული და აყვავებული საქართველოს მაცდუნებელი მაგალითი.

ჩემი აზრით, სამწუხაროდ, ეს ამბავი კილომეტრების დათმობის შესახებ - ეს სატყუარაა. ეს ძალიან კარგი იქნებოდა საქართველოს გადასახედიდან კრემლის ხასიათის ჩვენების თვალსაზრისით და ელვის უსწრაფესად გამოიწვევდა ფუნდამენტალურ კრიზისს აფხაზეთის შიგნით.

- მიგაჩნიათ თუ არა ოკუპაციად ის ქმედებები, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

- რა თქმა უნდა, სიტყვებზე დავა შეიძლება, მაგრამ ფაქტობრივად კი. თუმცა ვიმეორებ, ეს მუშაობს ხანგრძლივადიან გეგმაში საქართველოსთვის აფხაზეთის დაბრუნებაზე. საქართველოს სჭირდება ორი რამ - აჩვენოს აფხაზეთს და არ მხოლოდ აფხაზეთს, რუსეთსაც დემოკრატიული განვითარების მაგალითი იგი მკვეთრ გავლენას მოახდენს (და უკვე ახდენს) მოვლენათა მიმდინარეობაზე.

ახლა ყველა ლაპარაკობს, რომ პოლიციის რეფორმით აღფრთოვანებულინი არიან - ისინიც კი, ვინც სააკაშვილის და საქართველოს მტრებად მიიჩნევიან. ყველა, ვინც ჩამოდის საქართველოში და ბრუნდება უკან - კომუნისტები, მთავრობის ხალხი, ყველა - საყოფაცხოვრებო ადამიანურ დონეზე აღფრთოვანებულია ამ რეფორმით.

- არის გამოთქმა, რომ არსებობს ორი რუსეთი - მტრული და მეგობრული. როდის გაიცნობს საქართველო მეგობრულ რუსეთს და როგორია რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივა?

- მიმაჩნია, რომ მეგობრული რუსეთი - ეს რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობაა. იმიტომ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფ და მათთან დაახლოებული პირებს მოიცავს.

სწორედ ამიტომაც ჩვენი ხელისუფლების გაცოფებას იწვევს საქართველოს წარმატებები. მათ არ აცოფებთ ბალტიისპირეთის წარმატებები, იმიტომ, რომ ბალტიისპირელები რაღაც უცხოები არიან, მათ საბჭოთა კავშირშიც კი უცხოებად აღქვამდნენ და ამიტომაც მათი წარმატებები რუსეთში არსებულ ტვინებზე მაინცდამაინც არ მოქმედებს.

ხოლო თუკი დავინახავთ, რომ საქართველო წარმატებით მიიწევს წინ ევროპულ გზაზე, ეს ყველაფერს შეცვლის რუსეთში, რადგან რუსეთის მოქალაქეების შეგნებაში საქართველო მათთვის ძალიან ახლოა.

"ჯი-ეიჩ-ენი". ესაუბრა ეკა მომცელიძე

ავტორი: . .