რესპოდენტის შესახებ
- აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. კონკრეტულად, რა ახალი სტანდარტები დაინერგა?
- 2010 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დანერგა თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე ვალდებულების შესრულების განწილვადების სერვისი 12 თვემდე ვადით. აღნიშნული ცვლილებებით მოქალაქეებს შეუძლიათ სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე მოახდინონ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეებზე განწილვადება აღსრულების ეროვნული ბიუროს თანხმობით, ხოლო სხვა საქმეზე - კრედიტორის თანხმობით.
გარდა ამისა, შეიცვალა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან გასაჩივრების წესი. ასევე 2010 წლის 23 დეკემბრის ცვლილებებით, სააღსრულებო წარმოების მხარეს მიეცა უფლება ერთჯერადად გაასაჩივროს აღმასრულებლის მოქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან მოქმედების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, რომელიც მოქალაქეს საშუალებას აძლევს სწრაფად, ეფექტურად და სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე მოახდინოს თავისი უფლებების დაცვა, რაც გარკვეულწილად ამაღლებს ადმინისტრაციული ორგანოსადმი ნდობას.
ასევე კიდევ ერთი ცვლილებით, აღსრულების ეროვნული ბიურო ქონების შემძენს აძლევს საშუალებას სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე მოახდინოს თავისი უფლებების დაცვა, რაც გულისხმობს გამოითხოვოს სხვისი უკანონო მფლობელობიდან თავისი კუთვნილი ნივთი სააღსრულებო ფურცლის გარეშე.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების აღსრულებას, ეს დიდი ხანია პრობლემას აღარ წარმოადგენს. პირს, რომელსაც გააჩნია შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულების თაობაზე სააღსრულებო ფურცელი სახელმწიფოს მიმართ, სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების მიცემიდან 1 თვის გასვლის შემდეგ შეუძლია მიიღოს კუთვნილი თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით.
- როგორც ცნობილია, აუქციონები ელექტრონულ სისტემაზე გადადის. აღნიშნულის დადებითი მხარეები რაში მდგომარეობს?
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან აღსრულების ეროვნული ბიუროს აუქციონების ჩატარების ონლაინ სისტემაზე გადასვლით, აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველებს სასურველი ნივთის შეძენა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ელექტრონულად, სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად შეეძლებათ. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა ელექტრონულ ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაცია. ვებ-გვერდზე რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. რეგისტრაცია უფასოა. რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს უფასოდ მიიღოს სადებეტო ბარათი, რომლის მეშვეობითაც ისარგებლებს ყველაზე მარტივი ანგარიშსწორებით. ბარათის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.eauction .ge განაცხადის შევსების გზით. ელექტრონული აუქცინი ეს ნიშნავს უფრო მარტივ და მოქნილ სისტემას, აუქციონის პროცესის გამარტივებას. შედეგად კი, ელექტრონული აუქციონით ავიცილებთ კორუფციულ რისკებს, მივაღწევთ აუქციონის სრულ გამჭვირვალეობას, მოვახერხებთ უფრო მეტი მომხმარებლის ჩართვას აუქციონებში, შეიქმნება მეტად კონკურენტუნარიანი გარემო.
ამასთან, სააღსრულებო წარმოებისას - აუქციონზე უძრავი ქონების შემძენის ან ქონების ნატურით მიმღები განცხადებით ვახდენთ სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას. თუ აქამდე ქონების შემძენს ამ მიზნისთვის უწევდა სხვადასხვა ორგანოებში სიარული, დღეს ჩვენთან უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში ჩვენვე უზრუნველვყოფთ ქონების გადაცემას.
- რაც შეეხება კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტის დანერგვას, ეს სერვისი როგორ მუშაობს?
- 2009 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტი. რომლის საფუძველზე ქვეყანაში გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივა და დაინერგა ჯანსაღი კონკურენცია სააღსრულებო საქმიანობის სფეროში; საზოგადოებას მიეცა ალტერნატიული აღსრულების არჩევის საშუალება, რის გამოც უფრო გაიზარდა სასამართლო გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულების ხელმისაწვდომობა.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შექმნილი ყადაღადადებული ქონების შეფასების სამსახურის მუშაობის ეფექტურობა, რომლის შექმნით გაცილებით მარტივი და ეფექტიანი გახდა კონკრეტულ აღსასრულებელ საქმეებთან დაკავშირებით მოძრავი და უძრავი ქონების შეფასების პროცედურა.
ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის დანერგვა, რომლის ფარგლებშიც კრედიტორსა და მოვალეს შესაძლებლობა მიეცათ სახლიდან გაუსვლელად, ვებგვერდის მეშვეობით გადაამოწმონ თავიანთი საქმეების მსვლელობა. აგრეთვე ელექტრონული რეესტრი აღმასრულებელთა პროცედურული მონიტორინგის ეფექტური საშუალებაა.
რაც შეეხება "მოვალეთა რეესტრს", აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოვალეთა რეესტრის წარმოება 2010 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. ის უზრუნველყოფს კრედიტორის ინტერესების დაცვას, რაც გამოიხატება პირის მოვალეთა რეესტრში დაუყოვნებლივ რეგისტრაციით, მას შემდეგ რაც მის მიმართ დაიწყება სააღსრულებო წარმოება. სერვისის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მოვალის ქონებრივი უფლებების, კერძოდ, რეგისტრაციას დაქვემდებარებული ნივთების განკარგვის და უფლებრივად დატვირთვის შეზღუდვა განაპირობებს ეფექტიან აღსრულებას.
- აღსრულების ეროვნული ბიურო სამუშაო პირობების გაუმჯობესებასაც გეგმავდა. ამ მიმართულებით რა გაკეთდა?
- თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობებით არის აღჭურვილი აღსრულების ეროვნული ბიურო და მისი 10 ტერიტორიული ბიურო. გარდა ამისა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეიძნა 35 ახალი ავტომანქანა, რაც უზრუნველყოფს აღმასრულელების უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ახალი, კომფორტული პირობების შექმნამ გაცილებით ეფექტიანი გახადა სისტემის თანამშრომელთა მაჩვენებლები, ასევე უფრო ამაღლდა მომხმარებელთა კმაყოფილების დონე.
უნდა აღვნიშნო სააღსრულებო სისტემაში სტაჟირების კომპონენტის დანერგვის თემაც. 2008 წლიდან დღემდე სამჯერ გამოაცხადდა სტაჟირების მსურველთა კონკურსი. მესამე შესარჩევ კონკურსზე ბიურომ მსურველებს ანაზღაურებადი სტაჟირება შესთავაზა. საერთო ჯამში 300-მდე გამოცდაგავლილ კანდიდატს მიეცა აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირების გავლის უფლება და დაინიშნენ ვაკანტურ ადგილებზე. წარმატებულ სტაჟიორთა კორპუსი არის კვალიფიციური საკადრო რეზერვი.
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რა ღონისძიებები გატარდა?
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაინერგა: მოქალაქეთა მისაღები, ე.წ. Front Desk _ უზრუნველყოფს მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიღებასა და რეგისტრაციას; ასევე იურისტ-კონსულტანტთა ჯგუფი _ უზრუნველყოფს ბიუროში მოსული მომხმარებლისათვის ადგილზე სრულფასოვანი იურიდიული კონსულტაციის გაწევას, ახალ ელექტრონულ სერვისებზე ინფორმააციის მიწოდებას, რაც გულისხმობს ელექტრონულ აუქციონზე დარეგისტრირებას და აუქციონში მონაწილეობის მიღებაში დახმარებას ; საინფორმაციო ცენტრი _ 749 649 უზრუნველყოფს ტელეფონით მოქალაქეთა ზოგადი და იურიდიული კონსულტაციების გაწევას.
- ბიურომ რამდენიმე უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. უფრო დეტალურად, რას ემსახურება შესაბამისი შეთანხმებები?
- მემორანდუმები გაფორმდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან. თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებს მიეცათ საშუალება, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაიარონ პრაქტიკული სწავლების სემესტრი. აღნიშნული კომპონენტის დანერგვით კიდევ უფრო გაიზარდა სააღსრულებო სისტემაში დასაქმების მსურველთა რაოდენობა.
რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უმაღლეს სასწავლებლებში სააღსრულებო სამართლის, როგორც სალექციო კურსის, დანერგვას. მომავალში იგეგმება იმერეთის, სამეგრელოს და სხვა რეგიონებში მემორანდუმების გაფორმება.
- რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას...
- შვედი და ჰოლანდიელი ექსპერტების მონაწილეობით 2011 წლის ივლისიდან TWINNING-ს ანუ დაწყვილების პროგრამას დავიწყებთ, რომლის მიზანია: სააღსრულებო სისტემის ეფექტურობის გაზრდა; სამართლებრივი ჩარჩოს და შიდა საქმიანობის მეთოდების გაუმჯობესება; აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების უნარ-ჩვევების გაძლიერება; აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით საქმიანობის გაძლიერება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება. პროექტის ბიუჯეტი: 1,200.000 ევროა.
გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ შვედეთის განვითარების სააგენტოსთან "SIDA". შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრობლობის ფარგლებში შემუშავდა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის პროექტი. პროექტის ფარგლებში მოხდება: პროფესიული ინფორმაციის გაცვლა; სტრატეგიული დიალოგი და კონსულტაციები საერთაშორისო შეხვედრების და კონფერენციების ფორმატში. პროექტის ბიუჯეტი: 13,244.000 შვედურ კრონს შეადგენს.
ამასთან, 2010 წელს ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ტვინინგის, ე.წ. დაძმობილების პროექტის ფარგლებში შერჩეულ იქნა შვედეთისა და ნიდერლანდების აღსრულების ეროვნული სააგენტოების მიერ შემდგარი კონსორციუმის წინადადება. დაძმობილების პროექტი ითვალისწინებს საქართველოში აღსრულების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების, აღსრულებლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ალექსანდრე ნაბახტეველი