ENG / RUS       12+

თემურ აბაშიძე: მცხეთა მოწინავე რაიონი ხდება

რესპოდენტის შესახებ


მცხეთის რეაბილიტაციის ყველაზე რთული ეტაპი - წყალკანალიზაციის სისტემების გამოცვლა დასასრულს უახლოვდება. 24-საათიანი წყალმომარაგების პრობლემა არა მხოლოდ ქალაქს, აღარც რაიონის სოფლებს შეაწუხებს. ადგილობრივებს მოეხსენათ გზების, გაზიფიკაციის და ბევრი სხვა პრობლემაც.

ისტორიულ ქალაქს ძველი იერსახე და სილამაზე უბრუნდება, რომელიც ისედაც არასდროს აკლდა. რეაბილიტაციის პროცესის საბოლოოდ დასრულებამდე ჯერ კიდევ სამი წელია, თუმცა მცხეთაში ტურისტების რაოდენობა უკვე თვალშისაცემად გაზრდილია. როგორ მიმდინარეობს რაიონის რეაბილიტაციის პროცესი და კონკრეტულად, რა პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი მის ფარგლებში - ამ თემაზე "ჯი-ეიჩ-ენი" მცხეთის გამგებელს, თემურ აბაშიძეს ესაუბრა.

- ბატონო თემურ, რა სტადიაზეა მცხეთის რეაბილიტაცია?

- ისტორიული ნაწილის ცენტრალური ქუჩა მთლიანად რეაბილიტირებულია. ასევე დასრულებულია ავტოსადგომის მოწყობა. ამჟამად სვეტიცხოვლის უკანა მხარეს მდებარე მამულაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარებს, რომელიც წელს დასრულდება. წლის ბოლომდე დავამთავრებთ ტაძრის გარშემო არსებული სხვა ქუჩების შეკეთებასაც.

რეაბილიტაციის ფარგლებში გზების შეკეთების გარდა, ხდება საცხოვრებელი სახლების მოპირკეთება. ამასთან, მთლიანად იცვლება საკომუნიკაციო სისტემები და შემდეგი 10-15 წლის განმავლობაში ქალაქში მათი შეცვლის პრობლემა აღარ იარსებებს. ვგეგმავთ, გაკეთდეს კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა, რომლის ამოქმედების შემდეგაც მდინარეში გაწმენდილი წყალი ჩავა. პროექტი უკვე მომზადებულია და მას, სავარაუდოდ, მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. სამუშაო მალე დაიწყება და წლის ბოლომდე, ალბათ, დასრულდება კიდეც.

- ამჟამად როგორ ხდება კანალიზაციის წყლის გაფილტვრა?

- ამჟამად ეს სისტემა მთლიანად მორღვეულია და ეს მარტო მცხეთის და რეგიონის კი არა, მთელი საქართველოს პრობლემაა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყალკანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციისთვის, რეგიონისთვის გამოყოფილი 35 მილიონი ამ მიმართულებით არ დახარჯულა და შესაბამისი სამუშაო არ ჩატარებულა არც მცხეთის რაიონში.

- არ ვიცი, რა 35 მილიონზეა საუბარი. რაიონის მუნიციპალიტეტს წყალკანალიზაციისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციისთვის თავდაპირველად 300 ათასი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა სამუშაო, საბოლოო ჯამში, 600 ათასი დაჯდა. ეს არის ის თანხა, რაც ჩვენ გვაქვს დახარჯული. ამ პროექტის შედეგად რაიონში წყალკანალიზაციასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები მოგვარებულია და პატარ-პატარა პრობლემები მხოლოდ რამდენიმე სოფელში რჩება. ამ სამუშაოს შედეგად მოსახლეობას წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება და ვფიქრობ, რომ ამ პროგრამის განხორციელების მიმართულებით მცხეთა ერთ-ერთი მოწინავე რაიონია.

- არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ რეაბილიტაციის დროს სისტემაში არსებული ლითონის მილების ამოღება და მათი ჯართში ჩაბარება მოხდა, ლითონის მილები კი პლასტმასის მილებით ჩანაცვლდა.

- არა, არავითარი მილები მიწიდან არ ამოგვიღია. მართალია, ძველი მილები ახალი, პლასტმასის ალტერნატიული მილებით შეიცვალა, მაგრამ დაზიანებული მილების ჯართში ჩაბარება ნამდვილად არ მომხდარა. მათთვის ხელი არ გვიხლია. ისინი იმდენად ამორტიზირებული იყო, რომ ჯართში ჩასაბარებლადაც არ ვარგოდა. მეორეც, ძველი მილების ამოღების უფლება ისედაც არ გვქონდა, ის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ ირიცხება და "მცხეთაწყალკანალის" კუთვნილებაა.

- გამოდის რომ ტყულიად გედავებიან და რაიონში არც მუნიციპალიტეტს თანხის არამიზნობრივად ხარჯვას აქვს ადგილი?

- პროცესი არის სრულიად გამჭვირვალე. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა გამოიწეროს. თანხის ხარჯვის პროცესს ექსპერტი აკვირდება, რომელიც დასკვნასაც ამზადებს, რა როგორ არის გაკეთებული და შეესაბამება თუ არა გაკეთებული სამუშაო მოთხოვნებს. გარდა ამისა, სახელმწიფო ექსპერტიზა ჩაუტარდება რეაბილიტირებული მცხეთის თითოეულ კვადრატულ მეტრს და შემოწმდება როგორც შესრულებული სამუშაოს ხარისხი, ისე თანხის ხარჯვის მიზანმიმართულობა. თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატაროს. ამის არ გვეშიანია. თითოეული თეთრი უმაღლეს დონეზე კონტროლდება.

- სოფლად რომ ცხოვრება ჭირს ეს ყველასათვის ცნობილია, მაგრამ რა კეთდება ადამიანების პრობლემების შესამსუბუქებლად? როგორსოფლის პროგრამები მუშაობს რაიონში? თქვენთან მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნების აყენებს?

- საერთო ჯამში, გლეხების მოთხოვნა მაინც წყალმომარაგებასა და გაზიფიკაციას უკავშირდება. ამ პრობლემების 90 % უკვე გადაჭრილია, თუმცა მაინცაა დარჩენილი უბნები, სადაც ეს საკითხები ჯერ კიდევ პრობლემად რჩება. ბუნებრივი აირის შეყვანის ვალდებულება თავის თავზე კომპანია "სოკარს" აქვს აღებული და თუკი 10-15 აბონენტი ქსელში ჩართვის სურვილს გამოთქვამს, შესაბამისი ჯგუფები საკითხზე მაშინვე იწყებენ მუშაობას. გარდა ამისა, ზოგიერთ სოფელში ჯერ კიდევ არსებობს გზის პრობლემა, რის გადაჭრასაც სწორედ სოფლის პროგრამის ფარგლებში ვცდილობთ.

ვფიქრობ, რომ წლევანდელი და მომავალი წლის სოფლის პროგრამებით, წყალმომარაგების 99 % მუნიციპალიტეტში მოგვარებული იქნება.

- პირველადი დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ამბულატორია, სკოლა და ა.შ. ყველა სოფელში არსებობს?

- კი. ამბულატორიებს რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან კარგი პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც ამბოლატორიის ექიმებს გამოეყოთ გარკვეული თანხა, რითაც მათ საკუთარი, ასე ვთქვათ, კაბინეტები გააკეთეს. ზოგმა საკუთარ სახლში გააკეთა სამედიცინო ოთახი, ზოგმა ფართი დაიქირავა და ა.შ.. მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. მოგეხსენებათ, ყველა სოფელში დამოუკიდებელი ამბულატორიების მშენებლობა ან თუნდაც ძველი შენობის რეაბილიტაცია და მათი შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

- რაიონს აქვს ჭაობის პრობლემაც, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვნად აწუხებს. წლიდან წლამდე ეს საკითხი მოუგვარებელია. სამუშაობები 2 წლის დაიწყო, ახლა რა მდგომარეობაა?

- მდინარე არაგვის პირზე 10 ჰა-მდე მიწა, რომელიც დაჭაობებულია, მცხეთას ახსოვს ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის აშენების დღიდან. შესაბამისი სამუშაოს ფარგლებში უკვე 5 ჰექტრამდე მიწა დამშრალი და რეაბილიტირებულია - მხოლოდ ჭაობის დაშრობა კი არ მომხდარა, ის ისე გაკეთდა, რომ მასზე ყველანაირი მშენებლობის წარმოება შეიძლება. ვფიქრობთ, ჭაობი საბოლოოდ მომავალ წელს დაშრება და იქ არსებულ მიწას კომერციული თვალსაზრისით გამოვიყენებთ.

- რაიონში დევნილთა რამდენიმე კომპაქტური ჩასახლება არსებობს. რა არის იძულებით გადაადგილებული პირთა ძირითადი პრეტენზიები?

- მაგალითად, სოფელ ფრეზეთში ჩასახლებული დევნილების ძირითადი პრობლემა ეზოების შემოღობვას უკავშირდება. იქ 300 ოჯახის ჩასახლება მოხდა და აქტიურად ეწევიან მესაქონლეობას. ამის გამო აღნიშნული პრობლემის წინაშე დგანან. ვფიქრობთ, შევუძინოთ მათ შემოსაღობი მასალა, სავარაუდოდ, მავთულის ბადე, რაც ყველაზე იაფი ჯდება და მათ საჩუქრად გადავცეთ. მოსახლეობა ითხოვს ე. წ. სათავსოების აშენებას სახლებთან ახლოს, რადგან მოგეხსენებათ სახლებს, რომლებიც მათ გადაეცათ, სარდაფი არ აქვთ.

- იძულებით გადაადგილებული პირების შემოსავლის ძირითადი წყარო რა არის, განსაკუთრებით იმათი, რომლებიც დასაქმებულნი არ არიან და რომლებსაც მთავრობამ, მართალია სახლები აუშენა, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო მიწების გარეშე არიან?

- არა. დევნილთა უმეტესობას სახლებთან ერთად სახნავ-სათესი მიწები გადაეცათ. ერთადერთი, რომლებსაც მიწები არ მიუღიათ, სოფელ საგურამოში ჩასახლებული დევნილები არიან და მათაც, შეძლებისდაგვარად, მიწის მცირე ნაკვეთები გამოეყოთ, რომ პატარა ბაღები გააკეთონ. რა თქმა უნდა, როგორც მათ, ისე ზოგადად რაიონის მოსახლეობას, სოციალური პრობლემები აწუხებთ, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ მათ დასაქმებას. უახლოს მომავალში მცხეთაში კიდევ რამდენიმე საწარმოს გახსნა იგეგმება, სადაც იძულებით გადაადგილებულ კიდევ რამდენიმე ადამიანს დავასაქმებთ.

- კონკრეტულად, რა საწარმოების გახსნა იგეგმება?

- ზაფხულში სოფელ ნატახტარში სასმელი წყლის გადამამუშავებელი დიდი ქარხანა გაიხსნება. იგეგმება წყლის გადამამუშავებელი კიდევ ერთი, შედარებით პატარა საწარმოს გახსნაც და კეთდება ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხანაც, ანუ მოსახლეობის დასაქმების პერსპექტივა არსებობს.

- რაც შეეხება ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესლს, რომლის გამოყენებაც მთავრობამ გლეხებს შესთავაზა. როგორია ადგილობრივი ფერმერების დაინტერესება?

- ამ ინიციატივას ჩვენი ფერმერების სერიოზული დაინტერესება მოჰყვა. ჰიბრიდული სიმინდის მისაღებად განაცხადების წარდგენა 570 ჰექტარზე მხოლოდ გლეხებისა და წვრილი ფერმერების მიერ მოხდა, დამატებით 400 ჰა-მდე მიწაზე მისი დათესვის სურვილი კი მსხვილი მეურნეობის მფლობელებმა გამოთქვეს. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, რადგან შარშან ამ მიწების მეათედიც არ იყო მოხნული, არათუ დათესილი. წელს, მიწა, რომელზედაც სამინისტროში განაცხადია შესული, მოხნულია და ამინდს ველოდებით, რომ ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის დათესვის პროცესი დაიწყოს.

- მცხეთის რეაბილიტაციის თემას რომ დავუბრინდეთ. ის, ყველაფერი, რაც კეთდება კარგია, მაგრამ რატომ გახდა მხოლოდ ფასიანი ავტოსადგომის გაკეთება საჭირო? რატომ არ სტავაზობთ ავტომაქანის მფლობელებს ალტერნატიულ სადგომებს?

- ფასიან ავტოსადგომზე მაქნანების გაჩერება ევალებათ ტურისტს, თორემ თავად მცხეთელებს ამ კუთხით არანაირი შეზღუდვა არ აქვთ. ადგილობრივ მცხოვრებლებს აქვთ სპეციალური საშვები, დაურიგდათ საკეტების გასაღებები და მათ ნებისმიერ ეზოსთან შეუძლიათ ავტომანქანის გაჩერება. ფასიანი ავტოსადგომის გაკეთება ისევ მცხეთელების მოთხოვნის გათვალისწინებით გადაწყდა, რადგან შაბათ-კვირას თითქმის შეუძლებელი იყო სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება, რაც პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივებს. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა გამოძახებული სასწრაფო დახმარება ადგილამდე მანქანით ვერ მისულა. ფასიანი ავტოსადგომის გაკეთებით კი ქალაქში მოძრაობა მოწესრიგდა. ეს წინგადადგმული ნაბიჯია. რაც შეეხება იმას, რატომ არის ის მაინცდამაინც ფასიანი, გიპასუხებთ, რომ ტერიტორია, რომელზედაც ავტოსადგომი გაკეთდა, კერძოა. ის ინვესტორმა (მართალია, სიმბოლურ ფასად გადაეცა) თანამედროვედ მოაწყო და მისი გაკეთება საკმაოდ დიდი თანხა დაჯდა. ჩადებულ ინვესტიციას კი, მოგეხსენებათ, ამოღება უნდა.

- მცხეთა ტურისტებისთვის ყოველთვის მიმზიდველი იყო, თუმცა საინტერესოა, გაიზარდა თუ არა მათი რაოდენობა ქალაქის რეაბილიტაციის შემდეგ?

- ტურისტების რაოდენობის ზუსტი აღრიცხვა შარშან ვერ მოვახდინეთ, რადგან პროცესს ხელი შეუშალა იმან, რომ სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ქალაქის ტურისტული ბიურო იყო განთავსებული, რეაბილიტაციის გამო გადათხრილი იყო. თუმცა ზეპირი დათვლებით, ვფიქრობთ, რომ თუ 2009 წელს ქალაქს 10 ათასი ტურისტი სტუმრობდა, შარშან მათი რიცხვი 100 ათასამდე გაიზარდა. წელს ველოდებით მეტ დამთვალიერებელს.

- კონკრეტულ პროგრამებს რაც შეეხება, წელს რისი განხორციელებაა გეგმაში?

- წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის გარდა, წელს თვითონ ქალაქში იგეგმება ახალი მუზეუმის მშენებლობის დაწყება. საქპატენტმა გამოთქვა სურვილი (და ეს აზრი ძალიან მოგვეწონა), რომ მცხეთის ისტორიულ ნაწილში განათავსოს თავისი ცენტრალური ოფისი. ამასთან, მცხეთის მუნიციპალიტეტი და სამხარეო ადმინისტრაცია ერთ შენობაში განთავსდება. ამავე ნაწილში გაიხსნება პოლიციის ახალი შენობაც. ყველაზე დიდი პროექტი კი არაგვზე ხიდის გაკეთებაა, რაც მცხეთელებს ყოველთვის უნდოდათ. ეს რამდენიმე კილომეტრით შეამოკლებს გზას თბილისიდან მცხეთაში მომავალი მგზავრებისთვის. ხიდი არაგვიდან დამთვალიერებლებს უშუალოდ იმ ავტოსადგურამდე მიიყვანს, სადაც ტურისტები ავტომანქანებს გააჩერებენ, ქალაქის სანახავად კი ტაძრისკენ ქვეითად გაემართებიან.


"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლელა ბაღდავაძე

ავტორი: . .