10 აპრილს და 27 მაისს საქართველოს მოსახლეობამ ისევ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში გაიღვიძა. თუმცა, ხალხმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა _ 9 აპრილს და 26 მაისს, ოპოზიციის მოწოდებაზე, ჯერ პარლამენტის წინ შეიკრიბა, შემდეგ სტადიონზე. ორივე აქციის მთავარი ლოზუნგი იყო და რჩება _ "სააკაშვილი გადადგეს".
_ როგორ გამოიყენა ოპოზიციამ საზოგადოების ერთობის ძალა?
_ 26 მაისს, 27 მაისამდე რამდენიმე საათით ადრე, მოსახლეობამ დაპირებული ახალი ქვეყანა მოითხოვა. საკუთარი უუნარობით გაღიზანებული ლიდერებისგან კი პასუხად ვერც სიმშვიდის მაგალითი მიიღო და ვერც ღირსეულობის.
ოპოზიციის წარმომადგენელთა აგრესიული რეაქციებიდან უკვე ჩანს, როგორი რეაგირება ეხერხებათ, როდესაც მათგან დანაპირების შესრულებას ითხოვენ. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მათი ხვალინდელი პერსპექტივა, უკვე თვალსაჩინოა _ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ბედის გაზიარება.
შესაბამისად ჩნდება შეკითხვა _ არის თუ არა მთავარი პრობლემა ხელისუფლებიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლა? თუ მთავრი ის უფროა, რომ ქვეყანა ემოციურ მუხტზე მოსულმა ხელისუფლებამ აღარასოდეს მართოს? ისინი, ვინც პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობას იღებენ აცხადებენ, რომ ძალაუფლებაზე პრეტენზია არა აქვთ და ამტკიცებენ, რომ ხელისუფალთა ვინაობას, ვადამდელ არჩევნებზე მიღებული ხალხის არჩევანი გადაწყვეტს.
მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, არჩევნები ან შემოდგომაზე, ან გაზაფხულზე დაინიშნება. იქნება თუ არა საზოგადოება იმ დროისთვის საკმარისად ინფორმირებული საიმისოდ, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს? ან მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას ისეთი პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც წესიერი პოლიტიკური წარსული აქვს. თუ ყველაფერი ისევ მასობრივი კონცერტების და ქუჩის სპექტაკლების ფონზე გადაწყდება, რომელშიც, ლამის სექტად ქცეული, თეატრალური სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას და საზოგადოებას არჩევანს ზომბირების ფონზე გააკეთებინებენ? სხვათაშორის, სპექტაკლის მთავარი გმირებისთვის ფონი და ნიღბები უკვე შემზდებულია _ გმირად ქცევის სურვილის ტყვეობაში, უცნობი გიორგი გაჩეჩილაძე უკვე აშკარად მოექცა. სპექტაკლები, რომელიც ხალხში მის გამოჩენას უკავშირდება ხოლმე, სწორედ ამ მიზნით იდგმება. გმირი როგორც წესი, ან თავგანწირულია ან იდეოლოგი. გაჩეჩილაძის როლი გარკვეულია _ ის თავგანწირვისკენ იხრება. საკან #5-ში ნებით ჩაჯდა, რკინის ღობიდან პოლიციის სამმართველოს ეზოში `სიცოცხლის~ ფასად გადავიდა, დასავლეთ საქართველოდან საზოგადოებრივ მსვვლელობას უხელმძღვანელა და 26 მაისს სტადიონზე საქართველოს დროშაზე დაემხო. M
უცნობი გიორგი გაჩეჩილაძე, ხალხის კერპი უკვე გახდა. ამ მიზნის მისღწევად მას მხოლოდ თეატრალური ნიღბებისთვის არ მიუმართავს, პატრიარქის სახელსაც მშვენივრად ამოეფარა. როცა კერპთაყვანისმცემლებზე ორიენტირებულ ფიგურებს ბრბოზე ძალაუფლების მოპოვება სჭირდებათ, ავტორიტეტებზე ამოფარების აპრობირებულ ფორმას ხშირად მიმართავენ ხოლმე.
ბოლო 20 წლის გმირები თუ გაკერპებული ლიდერები _ ძმები გაჩეჩილაძეები, ძმები ხაინდრავები, ძმები ბერძენიშვილები, ოჯახური წყვილები: ხიდაშელი _ უსუფაშვილი და ბურჯანაძე - ბიწაძე, ასევე, ძიძიგური, ზურაბიშვილი თუ მათი დანარჩენი მეგობრები, ირწმუნებიან, რომ პოლიტიკური ამბიციები არა აქვთ და მხოლოდ დაშვებული შეცდომის გამოსწორების შანსს, ასევე საზოგადოებისგან პატიებას ითხოვენ. შეცდომების პატიება ძნელი ნამდვილად არ არის. უბრალოდ ამ ადამიანებს ლიდერობის უფლება აღარავინ უნდა მისცეს და ხალხი მათ ტაშით არ უნდა ხვდებოდეს.
საზოგადოებას შეცდომების გამეორების უფლება აღარ აქვს, რადგან მათ თვალწინ, ბოლო 20 წლის მანძილზე, სხვადასხვა როლი არა მხოლოდ პროფესიით მსახიობებმა, არამედ პოლიტიკურმა ფიგურებმაც ბევრჯერ მოირგეს. ცხოვრება მათ ერთ დიდ ექსპერიმენტულ სცენად მოიწყვეს, სადაც ერთობის ნიღბის ქვეშ სიამოვნებით სძულდათ ხელისუფლებაც, ხალხიც და ერთმანეთიც კი. ამიტომაც, საზოგადოება ვალდებულია გამოცდილი მაყურებელი იყოს და ნიღბების თეორიაში თუ არა პრაქტიკაში მაინც უკვე ერკვეოდეს. თვალი კარგად ჰქონდეს შეჩვეული, ადამიანები სხვადასვა დროს, სხვადასხვა როლს, რატომ ან რა მიზნებისთვის ერგებიან ხოლმე.
სოფო აბრამიშვილი