უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის ვარაუდით, თუკი აფხაზეთსა და ცხინვალზე ნარკოტრანზიტის გზა გადის, მათი გავლით შესაძლოა სხვა სახის კონტრაბანდული საქონლის გავრცელებაც ხდებოდეს.
"რატომ გადის აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ნარკოტიკები? იმიტომ, რომ ისინი, გარკველწილად, შავ ხვრელს წარმოადგენენ. თუ ამ ხვრელში, უხეშად რომ ვთქვათ, ნარკოტიკი ეტევა, სხვა რამეც შეიძლება გაეტიოს, მათ შორის ბირთვული ნარჩენები, იარაღი და სხვა ნივთიერებები, რაც საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულია", - განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, საუბარი იმაზე, რომ საქართველო ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარი კორიდორი ხდება, ქართველი სამართალდამცავების პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებს და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დგება.
"ამ პასუხისმგებლობას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავექცევით. მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს აქვს ოკუპირებული და ჩვენ, სამწუხაროდ, იქ კონტროლს ვერ ვახორციელებთ, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ არსებული დე-ფაქტო საზღვრები ვერ დაიცვას და იქ რისკები გაზარდოს", - განმარტა ექსპერტმა.
ამასთან, სესიაშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ დე-ფაქტო საზღვრის კონტროლი რთულია, საქართველომ დახმარება დასავლეთს უნდა სთხოვოს.
"რა თქმა უნდა, საზღვრების დაცვა რულია. ესაა დაახლოებით 800 ათას კილომეტრიანი პერიმეტრი, თუმცა ეს მთლიანი საზღვარია და "გასასვლელები", საიდანაც ნარკოტიკების გატანა ხდება, არც ისე დიდი - რამდენიმე ათეული კილომეტრია. ეს საზღვარი უნდა დავიცვათ, მათ შორის დასავლეთის დახმარებით. ამას საერთაშორისო მნიშვნელობაც აქვს, ამიტომაც ამ საკითხში დასავლეთი უნდა დაგვეხმაროს", - დასძინა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარი კორიდორი ხდება. ამავე დოკუმენტში აღნიშნულის მიზეზად ის გარემოებაა დასახელებული, რომ საქართველო ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს. აქვე აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მთავარი მარშრუტით ნარკოტიკები საბერძნეთიდან და თურქეთიდან საქართველოს გავლით დასავლეთ ევროპაში ხვდება.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ტერიტორიას საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და შესაძლოა, სწორედ ამ ტერიტორიებზე გადიოდეს ნარკოტრანზიტის გზა.