რესპოდენტის შესახებ
_ ბ-ნო ბაკურ, პრეზიდენტის ინფორმაციით, 2011 წელს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისათვის 150 მლნ. ლარის დახარჯვა იგეგმება. კონკრეტულად რა მიმართულებით დაიხარჯება ეს ფული?
_ 150 მლნ ლარის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შემდეგნაირად გამოიყურება: ეს არის, უპირველესად, პროექტები, რომლებიც უკვე მიმდინარეობს და წელს უფრო ფართომასშტაბიანად განხორციელებას ვგეგმავთ. ეს არის მექანიზაციის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, ხელმისაწვდომობის გაზრდას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე. საუბარია, ახალი ტრაქტორების, მისაბმელების, კომპანიების და ამღები ტექნიკის შემოყვანაზე. გარდა ამისა, საუბარია, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რომელიც მოემსახურება სხვადასხვა მეცხოველეობის სექტორის განვითარებას. პროექტის ფარგლებში იგეგმება მეცხვარებისთვის გადასარეკი ტრასების მოწესრიგება და იმ პრობლემების მოგვარება, რაც ცხვრის გადარეკვასთანაა დაკავშირებული. რეგიონებში გაიზრდება ასევე ხელოვნური დათესვლის სადგურების ხელმისაწვდომობა. იცით რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილია შპს "კავკასიის გენეტიკა", რომელსაც სახელმწიფომ უსასყიდლოდ დანადგარები გადასცა, რითაც ის პირუტყვში ხელოვნურ დათესვლას ახდენს. ჩვენი მიზანია, რომ ესეთი პროექტებით მეტი სოფელი და რეგიონი მოვიცვათ.
_ როგორც ვიცი ასეთი ცენტრი უკვე გაიხსნა კახეთში. კახეთის გარდა, კიდევ სად ამოქმედება პირუტყვის ხელოვნურად განაყოფიერების ცენტრები?
_ კახეთის გარდა, ის ხელმისაწვდომი იქნება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ასევე შიდა ქართლში, იმერეთში, ანუ იმ რეგიონებში, სადაც სულადობის მიხედვით მეტი მსხვილფეხა პირუტყვია თავმოყრილი. მნიშვნელოვანია, ასევე, ასეთი ცენტრების მოწყობა სამეგრელოსა და მთიანეთში. ეს იქნება ახალი ტიპის სერვისის შეთავაზება ჩვენი გლეხობისათვის, რაც პროდუქტიულობას გაზრდის, როგორც მეხორცულ პირუტყვში, ასევე რძის წარმოებაში.
_ ასეთი ცენტრების მშენებლობა სახელმწიფოს თანადაფინასებით მოხდება, თუ მხოლოდ ცალკეული ინვესტორებს ელოდებით?
_ პროექტი სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდება, რათა 150 მლნ გახდეს უფრო დიდი თანხა. ვფიქრობთ, რომ იგივე რაოდენობის თანხით თანადაფინანსდება ეს პროექტები და,საბოლოო ჯამში, უფრო მეტი დოვლათი შეიქმნება ამ თანხის ინვესტირებით სექტორში.
ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი პროექტის განხორციელება, ესაა ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობა. ლოჯისტიკური ცენტრი არის ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიცავს საბითუმო ვაჭრობას ადგილობრივი ფერმერებისათვის, დამაფასოებელ და მასორტირებელ ხაზს. ეს კი ჩვენი პროდუქციის სასაქონლო ფასს გაზრდის და ექსპორტიორებისათვის ეს მეტად მნიშვნელოვანია.
ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობა განხორციელდება ინვესტორის მიერ, თუმცა პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოს როლიც დიდი იქნება.
გარდა ამისა, იქნება იმის საშუალებაც, რომ საექსპორტო პროდუქციის საკონტეინერო გადაზიდვა მოხდეს. დღეს თუ ჩვენი ექსპორტი ძირითადად სარკინიგზო გადაზიდვებზეა დამოკიდებული, მომავალში მასში ჩაერთვება საკონტეინერო გადაზიდვები, რომელიც უფრო მოქნილია.
_ თუ უკვე არის მოლაპარაკება რომელიმე კომპანიასთან, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს?.
_ ჩვენ ექვსი კომპანიის წინადადება უკვე გვაქვს და მას ცალკეულად ვიხილავთ. ამ ეტაპზე ველოდებით მოლაპარაკებების დასრულებას და ეს კომპანიები არის როგორც დასავლეთ ევროპიდან ასევე აღმოსავლეთ ევროპიდან, ისრაელიდან და მარტის ბოლომდე გამოვაცხადებთ კონკრეტულ კომპანიას, რომელიც ჩვენი პარტნიორი იქნება.
სოფლის მეურნეობის სექტორს პრობლემა გააჩნია მებოსტნეობის კუთხით, კერძოდ ჩითილების გამოყვანაში. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რომ საჩითილე მეურნეობების განვითარებით ხელი შევუწყოთ მებოსტნეობის განვითარებას საქართველოში და ამ პროექტისვისაც პარტნიორს ვეძებთ.
_ როგორ ხდება ინვსტორების მოძიება ამ საქმეში მარტო სოფლის მეურნეობის სამინისტროა ჩართული, თუ კონკრეტული პროექტი მზადდება საინვესტიციო სააგენტოს მიერ, რომელიც შემდგომ პროექტს უკვე ინვესტორებს სხვადასხვა ქვეყანაში სთავაზობს.
_ ამას აკეთებს სოფლის მეურნეობის კორპორაცია, რომელიც ინტერესთა გამოცხადებას აქვეყნებს საერთაშორისო მედიაში და ეს პროექტები ხვდება ასევე საელჩოებში. გარდა ამისა, ჩვენ სადემოსტრაციო აქტიობებსაც ვაგრძელებთ. იმის გარდა, რაც დღეს საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენს, ჩვენი მიზანია, რომ ახალი საექსპორტო პროდუქცია ვაწარმოოთ. ანუ ვაწარმოოთ პლანტაციური ტიპით მოცვი, ნუში, ზეთისხილი, ბროწეული, კივი. ანუ ის პროდუქცია, რომელზედაც დიდი მოთხოვნა და მისი პოტენციალი საქართველოში არსებობს. ჩვენი ტრადიციული საექსპორტო პროდუქციის ღვინის, თხილისა და ციტრუსის გვერდით უკვე ვიხილავთ, როგორც ზეთისხილს, ასევე ნუშსა და სხვა პროდუქტებს.
_ როგორც მახსოვს, შარშან თურქული კომპანია საქართველოში ზეთისხილის პლანტაციის გაშენებით დაინტერესდა.
_ კი პროექტები გრძელდება და ამ კომპანიის გარდა, პროექტში სხვა კომპანიებიც ჩაერთვნენ ისრაელიდან და სხვა ადგილობრივი ინვესტორები. წელს დაახლოებით 500 ჰექტარზე გაშენდება ზეთის ხილის პლანტაცია და შესაბამისად ეს ახალ ინვესტიციებს სტიმულს მისცემს, რადგანაც ბევრმა არ იცის, რომ საქართველოს კლიმატიდან გამომდინარე ქვეყანაში ზეთის ხილის წარმოების უდიდესი პოტენციალია.
_ როგორია მთავრობის გეგმები, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისათვის?
_ ჩვენ გასული წლის სექტემბერში, როდესაც მთავრობამ, შექმნილ მდგომარეობაზე, პრეზიდენტისგან პირველი დავალება მიიღო, იცით რომ დეფიციტი შექმნა სხვადასხვა ტიპის სურსათის განსაკუთრებით კი ხორბლზე, ჩვენ შევიმუშავეთ გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც პრეზიდენტს წარვუდგინეთ. მოკლევადიანი გეგმა ითვალისწინებდა იმპორტის დივერსიფიკაციას, რათა არ ვყოფილიყავით დამოკიდებული რომელიმე ერთ მომწოდებელზე. გეგმა წარმატებით შევასრულეთ, რადგან ქვეყანაში არის საკმარისზე მეტი მარაგი და მოსავლის აღებამდე პრობლემა არ შეიქმნება.
გარდა ამისა, ჩვენ შევიმუშავეთ გრძელვადიანი გეგმები, რომელიც მარცვლეულის წარმოების ზრდას ითვალისწინებდა, ანუ ერთი მხრივ, ჩვენ დავთესეთ მაღალხარისხიანი სახორბლე მასალა 2000 ტონის რაოდენობით 10 ათას ჰექტარზე და რომლის მოსავალსაც ზაფხულში ავიღებთ და უკვე დავიწყეთ სიმინდის პროგრამის განხორციელება.
_ თქვენი მხრიდანაც გაკეთდა განცხადება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საკვებ პროდუქტებზე ფასები ხელოვნურად იყო გაბერილი, ამის მიუხედავად რეალობაა, რომ ფასები იზრდება. რა მექანიზმები არსებობს არსებული ტენდენციის დასარეგულირებლად?
_ კი ბაზარზე გარკვეული სპეკულაციები იყო და ალბად დღესაც არის ასეთი გამოვლინებები, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ იყოს ღია ბაზრის პრინციპი და იყოს კონკურენტული გარემო და შესაბამისად ფასების ზრდა ხელოვნურად იყოს შეუძლებელი. კონკრეტული პროდუქციის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ რამდენიმე დასახელების პროდუქციაზე ჩვენი აქტიური მონაწილეობით ხელოვნური ფასების ზრდა არ დავუშვით.
_ პრეზიდენტმა გააჟღერა ინიციატივა ფოთში ხორბლის ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით. კონკრეტულად თუ არის სათანადო ინვესტორი?
- პროექტი უკვე დაწყებულია და წლის განმავლობაში ამ მიმართულებით დაახლოებით 5 მლნ. ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ მიმართულებით ინვესტირება მომავალ წელშიც განხორციელდება.
_ ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება ვეტერინარიაა. პრობელემას ქმნის სეზონურ ვაქცინციაზე უარის თქმა. გასულ წელს აღნიშნულ საკითხს არაერთი მასალა დაეთმო. რატომ ვერ ხერხდება ვაქცინაციის სათანადო ვადებში და ქვეყნის სრული მასშტაბით ჩატარება?
_ პირუტყვის ვაქცინაცია მართლაც ძალზედ მნიშვნელოვანია, სხვადასხვა დაავადებების პრევენციისთვის. თუმცა ეს პროცესი სახელმწიფოს დახმარებით მხოლოდ ბუფერულ ზონებში მიმდინარეობს, ხოლო რაც შეეხება ორგანიზებულ ფერმებს, ფერმები თავად არიან ვალდებულნი იზრუნონ საკუთარი ცხოველის ჯანმრთელობაზე.
_ რამდენად არსებობს ქვეყანაში სათანადო ვაქცინების მარაგები და რამდენად ხელმისაწვდომია ის მოსახლეობისთვის?
_ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს ვაქცინების მარაგი, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში ხვდებიან იმ ტერიტორიებზე, სადაც არის გავრცელების ყველაზე დიდი საფრთხე. ხოლო რაც შეეხება კერძო საკუთრებაში არსებულ პირუტყვს, რომელიც არის თავმოყრილი ორგანიზებულ ფერმერულ მეურნეობებში მათ თავადაც აქვთ შესაბამისი ვაქცინაციების სისტემა და მარაგები.
_ იგეგმება თუ არა რაიონებში ვეტერინარების რაოდენობის ზრდა, რადგან არსებული ფორმით ერთი ვეტერინარისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია ყველა იმ ადმინისტრაციული და პროფესიული საქმიანობის სათანადოდ წარმართვა რომლის წინაშეც ადგილებზე ეს სამსახურები დგანან. აღნიშნული რიგ შემთხვევაში კორუფციული გარიგებების მიზეზი გამხდარა, რის საფუძველზეც გასული ორი წლის განმავლობაში ვეტერინარებიც დააკავეს.
_ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, რათა გავაძლიეროთ, რეგიონებში კერძო ვეტერინარიის ინსტიტუტი და შეიქმნას სათანადო რესურსი, უპირველესად, ცოდნის თვალსაზრისით, რომელიც შეძლებს ადეკვატურად უპასუხოს იმ გამოწვებს, რომელიც არის ვეტერინარიის სექტორში ქვეყნის მასშტაბით.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მაია არაბიძე