შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ლიბიის პრობლემის მასშტაბური განხილვა იწყება. სხვადასხვა ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელები იკრიბებიან ლიბიაში შექმნილი ვითარების განსახილველად და სიტუაციის გამოსასწორებლად.
როგორც ჟენევაში გამგზავრებამდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, ევროპელ პარტნიორებთან ის ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელებს.
ლიბიაში კრიზისი კვლავ გრძელდება. ქვეყნის დატოვება ათასობით მიგრანტს სურს, რომელთაგან უმეტესობა ეგვიპტელია. ისინი ტუნისის საზღვართან არიან შეკრებილნი და ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებას ცდილობენ. გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ გუშინ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე კვირაში ლიბიიდან 100 000 ადამიანი გაიქცა.
ოპოზიციამ კონტროლი დაამყარა აღმოსავლეთ ლიბიის ქალაქებზე. მათ შორის სიდიდით მეორე ქალაქ ბენგაზზე. ოპოზიციამ გუშინვე შექმნა ალტერნატიული მთავრობა, რომლის ლიდერადაც იუსტიციის ექს-მინისტრი დაამტკიცეს.
ლიბიაში არეულობები ორი კვირაა გრძელდება. ოპოზიციის მხარდამჭერები მუამარ კადაფის 42-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ. არეულობებს, რომელიც შემდეგ სამოქალაქო ომში გადაიზარდა, გაეროს ოფიციალური მონაცემების თანახმად 1000 ადამიანი ემსხვერპლა.