თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ სამარშრუტო ტაქსების ხაზები სინამდვილეში "ჯი-ემ-სი" ჯგუფის ხელში აღმოჩნდა.
მისი თქმით, ოთიხივე გამარჯვებული კომპანია რეგისტრირებულია ამ ბიზნესჯგუფის საკუთრებაში მყოფ რესტორნებში ("ძველი სახლი" და "ქალაქური") და ოთხივეს ემსახურება "ჯი-ემ-სი" ბიზნესჯგუფის იურისტი.
ხიდაშელი ორი პირის სახელსა და გვარს ასახელებს. კერძოდ, გია გაგოშიძეს, რომელიც ორ ყველაზე დიდ ლოტზე (ვაკე-საბურთალო და გლდანი-ნაძალადევი) გამარჯვებული კომპანია "თბილ-ლაინის" დირეტქორი და დამფუძნებელია და იმავდროულად "ჯი-ემ-სი" ჯგუფის შვილობილი კომპანია "ჯი-ემ-სი საწყობის" დირექტორია;
ასევე ნოდარ გიგინეიშვილს, რომელიც ძველი თბილისის ლოტზე გამარჯვებული კომპანიის დამფუძნებელი და "ჯი-ემ-სის" პარტნიორი და 14 პროცენტი წილის მფლობელია. ხიდაშელის ინფორმაცით, "ჯი-ემ-სი" ჯგუფის კომპანიებმა ტენდერში თბილისის მერთან წინასწარი გარიგების საფუძველზე გაიმარჯვეს. კერძოდ, უგულავა სამარშუტო ტაქსების ტენდერამდე კარგად იცნობდა აღნიშნულ პირებს და მათ საარჩვენო კამპანიაში იყენებდა.
"მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე აცხადებს, რომ სამარშუტო ტაქსებზე ფასი არ მოიმატებს, თუმცა რეალურად ამას ვერავინ განსაზღვრავს, რადგან ტენდერის პირობებში ფასის მომატებაზე არაფერი წერია. ხიდაშელი მოითხოვს, დაიწყოს მოკვლევა და გაირკვეს ტენდერის ჩატარების პირობები. ხიდაშელის თქმით, მისი სურვილი არაა, ქუჩაში კიდევ რამდნეიმე ასეული ადამიანი გამოსული იხილოს.
საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი მოითხოვს, თბილისის საკრებულომ შექმნას სპეციალური კომისია სამარშუტო ტაქსებზე ჩატარებული ტენდერის გარემოებების შესასწავლად; კომისიის დასკვნის მოსმენამდე ქალაქის მერმა შეაჩეროს ტენდერის შედეგების აღსრულება და უზურნელყოს, რომ სამარშუტო ტაქსების მძღოლებს დამატებითი გადასახადები არ დაეკისროთ; საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს საქმის გამოძიება დანაშაულის ფაქტებზე (სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და მონოპოლიური საქმიანობა და კონკურენციის შეზღუდვა).