"ქართული დასის" ლიდერის, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაცია აბსურდულია.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას ბაღათურიამ აღნიშნა, ანალოგიური იქნებოდა სახალხო დამცველის ოფისი ვინმემ პროკურატურას შეუერთოს, ან კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტად იქცეს, რომელიც ერთი მხრივ, დაარღვევს ადამიანის უფლებებს და მეორე მხრივ, მის დაცვას შეეცდება.
ამიტომ, ბაღათურიას თქმით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გარემო სწორედ ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროებისგან უნდა დაიცვას, თუმცა მთავრობა გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციებს, სწორედ მათს გადასცემს, რაც ინტერესთა კონფლიქტია.