"დღევანდელი დღე არის დიდი გაკვეთილი იმისა, თუ რა დაუნდობელია იმპერია რომელთანაც ჩვენ გვაქვს საქმე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოკუპაციის მუზეუმში კადეტთა კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
"ვისურვებდი, ეს მუზეუმი არ ყოფილიყო, მაგრამ ის არის აუცილებელი იმისათვის, რომ არასდროს დაგვავიწყდეს და არასდროს შევეგუოთ იმას, რაც ხდებოდა და რაც დღეს ხდება საქართველოს ტერიტორიაზე", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია თავისი მასშტაბით.
"ერთი მხრივ, ეს არის ჩვენი ერის უდიდესი ტრაგედიის დღე. ქვეყანამ დაკარგა ის, რასაც ჩვენი წინაპრების თაობები საუკუნეების განმავლობაში ეწირებოდნენ. 25 თებერვალს წაგვართვეს სუვერენიტეტი და უფლება - გვეცხოვრა დამოუკიდებლად და გვქონოდა ჩვენი სახელმწიფო", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ამავდროულად დღევანდელი დღე არის დიდი გაკვეთილი, რომელიც არასოდეს უნდა დავივიწყოთ.
"გაკვეთილი იმისა, რომ ადვილია სახელმწიფოებრიობის დაკარგვა; იმისა, თუ რა დაუნდობელია იმპერია, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საქმე, რომელიც დღემდე ეცილება ჩვენს უფლებას - ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს - ილიას სიტყვებით და ეს არის გაკვეთილი იმისა, თუ როგორ არასდროს არ უნდა მოვდუნდეთ, უნდა გავუფრთხილდეთ ყველა ატრიბუტს, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს", _ განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი მიმართვას ოკუპაციის მუზეუმში საქართველოს თავდაცვის მინისტრი და საქართველოს პირველი მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას შთამომავლები და იუნკერების ოჯახის წევრები ესწრებიან.