"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" სასჯელაღსრულების სისეტემაში ალტერნატიული სასჯელების შემოღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ქდმ-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნდა დაპატიმრებებისა და აღმკვეთი ღონისძიების მზარდი ტენდენციის დამადასტურებელი მონიტორინგის შედეგები, რომლის თანახმადაც გამოირკვა, რომ ყველა დაკავებულ პირს უფარდებენ აღმკვეთ ღონისძიებას -პატიმრობას და საერთოდ არ მოქმედებს ალტერანტიული სასჯელის მექანიზმები.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო ვალდებულია ბრალდებული და მსჯავრდებული უზრუნველყოს საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით, სამედიცინო მომსახურებით, სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით, ყოველდღიურად ერთი საათით გასეირნებით და ა.შ., თუმცა სასჯელაღსრულების უმეტეს დაწესებულებაში ეს ვალდებულებები ნაწილობრივაც არ სრულდება.
"გაკვირვებას იწვევს სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადება, რომლის თანახმადაც ხელისუფლების მიზანი არ არის ყველა ადამიანი ციხეში მოხვდეს. მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე და 73-ე, ასევე პატიმრობის კოდექსის 43 -ე მუხლები ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. თუ ქალბატონ კალმახელიძეს ასე შესტკივა გული ადამიანების ბედზე, მას დღესვე შეუძლია მსჯავრდებულების გათავისუფლება პირობით ვადამდე ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის საფუძველზე" - აცხადებს ქდმ-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ გენერალურმა პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობას მიმართოს როგორც გამონაკლის ზომას და ეს ნორმა უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარა საფრთხე ემუქრება უსაფრთხოების დაცვასა და მართლმსაჯულების აღსრულებას.
მსჯავრდებულისთვის სასჯელის ალტერნატივად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრის მხრივ, ახალი ინიციატივები დეპუტატებმა გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოისმინეს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტი ფართო მხარდაჭერას მოიპოვებს.