პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჩრდილოკავკასიის მაცხოვრებლებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება იმის დემონსტირებას წარმოადგენს, რომ კავკასიონის მთები ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობისთვის წინააღმდეგობა არასდროს ყოფილა.
"ამ მთების უკან ყაბარდო-ბალყარეთია და ძალიან ბევრი ოჯახია გაყოფილი, თუმცა გაყოფილნი არიან არა ამ დიდი მთების გამო, რომლებიც ადამიანებს შორის ურთიერთობებისათვის წინააღმდეგობა არასოდეს ყოფილა, არამედ საიმიგრაციო პოლიტიკის გამო, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობდა.", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა "პირველი კავკასიურისთვის" მიცემულ ინტერვიუში და აქვე აღნიშნა, რომ რუსეთს სავიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისათვისაც რომ გაეუქმებინა, მხოლოდ მიესალმებოდა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმებამ ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლებს, მათ შორის ათობით ათასობით ქართულ ოჯახს "დიდი შეღავათი" მისცა, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
"მე მსურს, რომ ვიდრე მათ ვინმე ეტყვის, რომ ტანკებით ჩამოვიდნენ აქ, საქართველოში, მათ ჩვენი ქვეყანა, როგორც ტურისტებმა მოინახულონ და ნახონ, რომ საქართველო სხვა ცხოვრებით ცხოვრობს, რომ საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა და რომ ჩვენ არ ვართ მტრულად განწყობილი არავის მიმართ", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.