პრეზიდენტ სააკაშვილის აზრით, საერთაშორისო და რეგიონალური სიტუაცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის წარმოებისთვის არახელსაყრელია.
"მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე თვალნათელი იყო 2008 წელსაც, ბოლომდე მაინც არ მინდოდა დაჯერება, რომ ისინი (რუსები) ამაზე წავიდონენ. ვფიქრობ, რომ ახლა საერთაშორისო და რეგიონალური სიტუაცია არახელსაყრელია ფართომასშტაბიანი ომის წარმოებისათვის", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "პირველი კავკასიურისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მისივე განმარტებით, "ამ ეტაპზე რუსეთი, წმინდა ფიზიკური თვალსაზრისით, მზად არ არის ომისთვის, პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ეს მისთვის თვითგანადგურება იქნება".
"მაგრამ ეს ჩემი ლოგიკაა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემთვის ძნელია ვიმსჯელო და გავთვალო ის, თუ რა შეიძლება მათ იფიქრონ. ამიტომაც ჩვენ მაინც უკიდურესად ფრთხილად ვართ" _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.