"სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს არანაირი ფიქსირებული და ზეგანაკვეთური გადასახადის გადახდა არ მოუწევთ", _ ამის შესახებ დღეს თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხის შესახებ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს უკვე ესაუბრა და ისინი დაარწმუნა, რომ ზედმეტი თანხის გადახდა არ მოუწევთ.
"მძღოლები დეზინფორმირებულნი იყვნენ. ზოგიერთები მათ არწმუნებდნენ, თითქოს ზედმეტი თანხის გადახდა ევალებოდათ, რაც სიმართლე არაა,"_აცხადებს აკაკი ჯოხაძე.
შეგახსენებთ, დღეს რესპუბლიკის მოედანზე სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ. ისინი გადასახადის სავარაუდო გაზრდას აპროტესტებდნენ. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანიები მძღოლებს ყოველდღიურ გადასახადს გაუზრდიან და იგი მარტის თვიდან დღეში 20-დან 40 ლარამდე იქნება.