საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით "დიდი პოლიტიკური პრობლემა" რუსეთმა ქართველთა ეთნიკური წმენდის ლეგალიზებით, თავად შეიქმნა.
"რუსეთს დიდი პოლიტიკური პრობლემა აქვს სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, რადგან ოლიმპიადის ჩატარების ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ტერიტორიის ეთნიკური წმენდის ლეგალიზება პოლიტიკურ დონეზე მოახდინა. ქალაქი გაგრა გაწმინდეს იქ მაცხოვრებელი ქართველების 100%-ით და რეალურად, ახლა ამ ქონების 90 %-ს რუსეთის მოქალაქეები ფლობენ, რომელთა შორის რუსეთის მთავრობისა და ისტებლიშმენტის წარმომადგენლებიც არიან," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა "პირველი კავკასიურისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მისივე განმარტებით, რუსეთის პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ - "ოლიმპიადის ჩატარების ადგილთან ახლოს არის ადგილი, საიდანაც განდევნილია 400 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, სადაც ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები, სადაც ყოველდღიურად, პრაქტიკაში ხორციელდება ეთნიკური წმენდის აპარტეიდები".
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სოჭში ოლიმპიადის ჩატარების ნებისმიერი ხელისშემშლელი ძალის გზაზე წინააღმდეგობის აღმართვა მოითხოვა და რუსეთის უშიშროების საბჭოს ყურადღება საქართველოზე გაამახვილა.
"ყველას კარგად გესმით, რომ არის გარკვეული პრობლემები, რომლებიც ჩვენს მეზობელთან - საქართველოსთანაა დაკავშირებული. ამიტომაც ყველაფერი, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამართალდამცავი ორგანოებისა და ძალოვანი სტრუქტურების ხაზით, უნდა გაკეთდეს", _ განაცხადა მედვედევმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე და დასძინა, რომ "ძალა, რომელიც ცდილობს, ოლიმპიადის ჩატარებას შეუშალოს ხელი, უნდა გამოვლინდეს".