19 ოქტომბრის ღამეს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას პარტნიორებისგან თავდასხმის შესახებ წინასწარი გაფრთხილება კვლავ არ მიუღია.
ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა კიევსა და კიევის ოლქზე მიზანმიმართული იერიში 16 ბალისტიკური რაკეტით მიიტანა. თავდასხმის სამიზნეები ენერგეტიკული ობიექტები და ინფრასტრუქტურა იყო. დაზიანდა ასევე სამედიცინო კლინიკა, სკოლა, მეტროს სადგური და საცხოვრებელი სახლები.
გარდა ამისა, რუსეთის არმიამ სხვადასხვა ტიპის 200-ზე მეტი დრონი გამოიყენა, მათ შორის რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატები. დარტყმები უკრაინის რამდენიმე რეგიონზე განხორციელდა, მათ შორის ხარკივის, დნიპროპეტროვსკის, ვოლინის, რივნესა და ოდესის ოლქებზე.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსეთის თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა.
დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 10 ობიექტი, ელექტროენერგიის გარეშე კი სულ მცირე 550 ათასი ოჯახი დარჩა.
„უკრაინას არასდროს სურდა ეს ომი და ჩვენ დადებითად შევხვდით პარტნიორების ყველა მცდელობას, ღირსეულად დასრულებულიყო ეს ომი. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თითოეულ წინადადებას ჩვენი თანხმობა მოჰყვა. ბალისტიკური რაკეტები, „შაჰედები“ და მკვლელობები - ასეთია რუსეთის პასუხები, რომლებიც კვლავ და კვლავ მეორდება.
პუტინს არა მხოლოდ ამ ომის დასრულება არ სურს, არამედ დეესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმაც კი არ უნდა. როდესაც უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი რაკეტების მიწოდება ფერხდება, რუსეთი კი სანქციების შემსუბუქებას ან გადავადებას იღებს, ეს, სამწუხაროდ, პარტნიორების მხრიდან რეალობის უარყოფას ნიშნავს.
სინამდვილეში, ომი გრძელდება და ის მხოლოდ რუსეთის დარტყმებისა და ამ ომის გაჭიანურების რუსეთის სურვილის გამო გრძელდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.