ENG / RUS       12+

ნიკა ვაჩეიშვილი: ტაო-კლარჯეთის ძეგლების გადასარჩენად იუნესკოს მოლოდინი ამაოა

რესპოდენტის შესახებ

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი მიიჩნევს, რომ ოშკისა და იშხანის მდგომარეობა საგანგაშოა. მისი აზრით, მცდარია იუნესკოზე დაიმედება, რადგან ამ ორგანიზაციის საქმეში ჩართვა პროცედურულად რთულია, დრო კი არ ითმენს და ქართული მხარის საზიანოდ მუშაობს.

"გამოუვალი სიტუაცია შეიქმნა. სასაცილოა, ცოტა ხნის წინ თურქები გვაჩქარებდნენ, როდის მიხედავთ ამ ძეგლებსო, მაშინ, როცა ამაზე პასუხი კარგა ხანს არ გვქონდა", _ აცხადებს ვაჩეიშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.

_ სამი დღის წინ ტაო-კლარჯეთიდან დაბრუნდით. რა მდგომარეობაში დაგხვდათ ქართული ძეგლები?

_ ტაო-კლარჯეთიდან გუშინწინ ჩამოვედით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ამ ძეგლების რეაბილიტაცია საჩქაროა. გვსურს, ქართული საზოგადოება დარწმუნდეს, თუ როგორ ფიზიკურ მდგომარეობაშია ეს მრავალსაუკუნოვანი ნაგებობები, რომლებიც არასდროს განახლებულა და ჩვენს დახმარებას ელოდება. ესაა ისტორიული მომენტი, ესაა დრო, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. დახანება არ შეიძლება, საზოგადოებრივი აზრი კონსოლიდირებულია. პროფესონალები, ექსპერტები, ყველანი ერთ აზრზე ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მალე მივხედოთ ჩვენს სიძველეებს ტაო-კლარჯეთში.

_ ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პოზიცია თავშეკავებულია, ეკლესიების გადარჩენისთვის მეჩეთის აშენება გამართლებულია? სწორედ მეჩეთის აშენებას ითხოვს თურქული მხარე.

_ ის მეჩეთები, რომლებიც ხელშეკრულებაშია მოცემული, ქართული კულტურის ნაწილია. ეს მე-18-19 საუკუნის ნაგებობებია, რომლებიც ისედაც მოსავლელია. საუბარია ახალციხის მედრესეზე, სადაც ახლა მუზეუმია და მუზეუმად დარჩება. ამ ძეგლებს უბრალოდ რესტავრაცია ესაჭიროება. თუმცა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ვნებათაღელვას იწვევს, ესაა აზიზიეს მეჩეთი ბათუმში, რომელიც დამწვარია და თურქული მხარე ძველ მასალებზე დაყრდნობით მის აღდგენას ითხოვს. ესაა ორსართულიანი ხის ნაგებობა. თუ სად აშენდება, ეს ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უნდა გაირკვეს, რადგან იმ ადგილზე ახლა სახლი დგას და ალტერნატიული სხვა ტერიტორიაა მოსაძებნი. საქართველოში 400 მეჩეთი ფუნქციონირებს. ვფიქრობ, კიდევ ერთი მეჩეთი, თანაც ასეთი ხელშეკრულების ფარგლებში, სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. მაგალითად, კვირიკეს ჯამე ისეთი ლამაზი ხისგანაა აგებული, რომ შეგიძლიათ პირდაპირ ღის ცის ქვეშ მუზეუმში გადაიტანოთ და ნებისმიერ ქვეყანას დაამშვენებს. ჩვენს ექსპედიციაში ბათუმელი სპეციალისტებიც _ არქეოლოგები, ისტორიკოსებიც გვყავდა. უძველესი ძეგლების გადარჩენის ირგვლივ ყველას აზრი ერთიანია.

_ მაინცდამაინც ბათუმში მეჩეთის აშენება თურქებმა რატომ მოინდომეს?

_ აქამდეც იყო ბათუმში მეჩეთი, დაიწვა და ახლა საუბარია მის თავიდან აშენებაზე.

_ თურქულ მეჩეთებთან მიმართებით, ქართული ძეგლები ღირებული და უძველესია. სარესტავრაციოდ გამიზნული თურქული და ქართული ძეგლები რაოდენობის მხრივაც თანაბარია?

_ ძეგლების რაოდენობა თითქმის ერთი და იგივეა, მაგრამ გრანდიოზულობას რაც შეეხება, თავად შეადარეთ _ ორსართულიანი მეჩეთი და მის საპირწონედ ოშკი, რომელიც ყველაზე დიდია.


_ რატომ არ შეიძლებოდა ეს ძეგლები იუნესკოს ნუსხაში შეეტანათ? მაშინ ხომ მეჩეთის აშენებაზე საუბარი საჭირო აღარ იქნებოდა? საპატრიაქროს განცხადებით, ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორიცაა ოშკი, ხანძთა, ოთხთა და იშხანი, იუნესკოს ეგიდითაც შეიძლებოდა აღდგენილიყო და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები აქამდეც უნდა გადადგმულიყო.

_ ეს ძალიან ხანგრძლივვადიანი პროცესია. წარმოიდგინეთ მთელი მსოფლიოს ქვეყნები რიგში დგანან. წინასწარი სიებიც არსებობს. ამასთან, თვითონ იმ ქვეყანამ უნდა განაცხადოს იუნესკოს ნუსხაში ძეგლის შეტანის თაობაზე, სადაც ის ძეგლი ამჟამად მდებარეობს, ანუ თურქეთმა.

_ ჩვენ არ გვაქვს იუნესკოს ნუსხაში ტაო-კლარჯეთის ძეგლების შეტანის უფლება?

_ ეს უფლება არ გვაქვს. ჯერ ჩვენს დღევანდელ ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებს მივხედოთ. ეს ძალიან ხანგრძლივი და ბიუროკრატიული პროცესია. რაც მთავარია, უკვე რესტავრირებული ძეგლები ხვდება იუნესკოს სიაში და არა დანგრევის პირას მყოფი ძეგლები. იუნესკო გეუბნება, ჯერ მიხედეთ, გვაჩვენეთ, რომ ეს თქვენთვისაც მნიშვნელოვანი ძეგლებია და მერე ვილაპარაკოთ, ვაღიარებთ მათ თუ არა. ასე რომ, იუნესკო არ აფინანსებს რესტავრაცია-კონსერვაციას. ილუზია ნურავის ექნება, რომ შენ მაგივრად ვინმე ფულს დადებს, განსაკუთრებით, იუნესკო. სინამდვილეში, იუნესკო ეს არის ქოლგა, პრესტიჟი, აღიარება და მხოლოდ მცირედი ტექნიკური დახმარება. ვერავითარი იუნესკო, საერთაშორისო ორგანიზაციები ამ საქმეში ვერ ჩაერთობიან, რადგან ტაო-კლარჯეთის ძეგლები იუნესკოს ნუსხაში არაა. თურქული მხარე მოითხოვს, გველაპარაკოს როგორც სახელმწიფო სახელმწიფოს. რისკის მიუხედავად, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში მოხვედრის შანსი ამ ძეგლებს არ აქვს. ჩვენ არ დაველოდებით ხელშეკრულებას და გავაგრძელებთ სამუშაოს. თუნდაც ძალოვანი ხარაჩოების დადგმის პროექტს მოვამზადებთ, ეს ძვირი სიამოვნებაა. ხარაჩოსთვის უკვე დასაწყობებულია ძირითადი მასალა.

_ სავარაუდოდ, ამ ძეგლების რესტავრაცია რა თანხა დაჯდება?

_ თუ არ იქნა ზუსტი პროექტი, გათვლა ძნელი იქნება. შესაძლოა, 12-13-14 მილიონზე ავიდეს ამ მთავარი პრობლემის მოგვარება. ოთხი ეკლესიისთვის ეს არ იქნება ისეთი თანხა, რასაც ჩვენი სახელმწიფო ვერ შესწვდება. მაგრამ ზუსტი თანხები გამოიკვეთება პროექტირების სტადიის გავლის შემდეგ.

_ თურქულ მხარესთან ხელშეკრულების დადებას როდის აპირებთ?

_ ეს ხელშეკრულება ორ მინისტრს შორის უნდა გაფორმდეს. მაისის ბოლოსთვის თუ დავდებთ ხელშეკრულებას, კარგი იქნება. ივნისში უკვე დავიწყებთ სამუშაოს.

_ საპატრიარქო ამ მოლაპარაკებებში ჩართვას მოითხოვს. მათთან კონსულტაციები მიმდინარეობს?

_ დიახ, ახლა მეუფეებს ვხვდებით. პატრიარქს კი მომავალ კვირას შევხვდებით. განწყობას რაც შეეხება, ვგრძნობ, რომ დადებითად გადაწყდება ჩვენი ეკლესიების ბედი. ვფიქრობ, გაუგებრობის შედეგია, რომ საქართველოს საპატრიარქომ უპირველესად მიიჩნია, არდაშენისა და ხახულის ტაძრების აღდგენა. როგორ შეიძლება, ყველაზე ჯანსაღი ტაძარი, ხახულის სახით, შეიტანო იმ ხელშეკრულებაში, რომელიც დანგრევის პირას მდგარ ძეგლებს უნდა ეხებოდეს. არადა, ცნობილია, რომ ხელშეკრულება ეხება კატასტროფის წინაშე მდგარ გრანდიოზულ ქართულ ძეგლებს. ხახული არის ყველაზე კარგად მოვლილი ტაძარი ტაო-კლარჯეთში. რაც შეეხება მეორე ძეგლს, არდაშენს, საერთოდ არ გაგვიგია მის შესახებ. საერთოდ, ეს ძეგლი ქართულია თუ არა, ესეც დასადგენია. ამასთან, უკვე მოგვიანებით გასარკვევი იქნება ძეგლების მფლობელის ვინაობა. რადგან პარიტეტულია ხელშეკრულება, როგორიც იქნება აზიზიეს მეჩეთის იურიდიული რეჟიმი, ისეთი რეჟიმი უნდა იყოს სხვა ძეგლებთან მიმართებითაც. ეს ყველაფერი ხელმოწერის შემდეგ დადგინდება.

_ უფრო რომ დაგვიკონკრეტოთ, თურქული მხარე ოთხი ქართული ეკლესიის სანაცვლოდ რომელი მეჩეთის აღდგენას მოითხოვს?

_ ესაა აზიზიეს მეჩეთი ბათუმში; ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე, სადაც მუზეუმია და მუზეუმი იქ დარჩება; ეს არის კვირიკეს ჯამე ქობულეთის რაიონში ხის ჩუქურთმებით, ლაზების მიერ აშენებული და შუა საუკუნეების ორი აბანო ახალციხეში, ჩვენი ჭრელი აბანოს მსგავსი, ოღონდ ჩუქურთმებით. ყველა ეს ძეგლი კონსერვაცია-რესტავრაციას მოითხოვს. ფუნქციონირება მხოლოდ აზიზიეს მეჩეთზე მოითხოვეს. შესაბამისად, ფუნქციონირებას ვითხოვთ მხოლოდ ერთ ძეგლზე, რომელიც უნდა დადგინდეს.

_ ტაო-კლარჯეთის ძეგლების აღდგენის შემთხვევაში, საქართველოში არსებული ტაძრების სარესტავრაციო სამუშაო შეჩერდება და დაფინანსება იქით წავა?

_ ეს თანხები მოიძებნება, საქართველოს ძეგლებს არაფერს მოვაკლებთ. უბრალოდ, ტაო-კლარჯეთში პროფესიონალებს გავგზავნით, კერძოდ, კედლის მხატვართა ბრიგადებს, რომლებიც ცოტა ხანს შეისვენებენ საქართველოში და ტაო-კლარჯეთში გააგრძელებენ მოღვაწეობას.

_ არასაჯარო ინფორმაციის თანახმად, თურქული მხარე ცდილობს, ამ ძეგლების ქართული წარმომავლობა მიჩქმალოს და ისინი ტურისტული მიზნით გამოიყენოს.

_ ახლა ეს ძეგლები მათია. ჩვენს ტერიტორიაზე რაც არის, ჩვენი სახელმწიფო ყველა მათგანს უვლის _ სომხურს, თურქულს, აზერბაიჯანულს. შესაბამისად, თურქული მხარეც დაინტერესებულია მათი მოვლით, თუნდაც ტურისტული მიზნით. თურქეთი კულტურების ოაზისი გახლავთ. ამჟამინდელ თურქეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურა ძალიან პრეზენტაბელურია. ამიტომ მათი სურვილი, რომ ეს ძეგლები მოვლილი იყოს, გასაგებია.

_ ამ ხელშეკრულების შემდეგ შესაძლებელია სხვა ქართული ტაძრების რესტავრაციის საკითხიც დაისვას?

_ რა თქმა უნდა, პუნქტში პირდაპირ წერია, რომ თანამშრომლობას ამ ძეგლების რესტავრაციით დავიწყებთ. ეს ღია ხელშეკრულება იქნება, რასაც შემდეგ სხვა ძეგლების რესტავრაციაც დაემატება. საუკუნეების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტაძრების აღდგენა ურთიერთთანამშრომლობით ხდება.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მანანა ნოზაძე

ავტორი: . .