მეცნიერთა აზრით, ბიბლიაში აღწერილი სოდომისა და გომორას უფლის მიერ განადგურება, სხვა არა არის, თუ არა თერმობირთვული იარაღის გამოყენების კვალი. ინდური ეპოსის რამაიანაში დეტალურად არის აღწერილი თერმობირთვული იარაღის მოქმედების შედეგები. ადამიანი ყოველთვის ილტვოდა საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის, მაგრამ ამისთვის შექმნილი ყველა დიდი გამოგონება საბოლოოდ საკუთარი სიცოცხლის გასანადგურებლად იქნა გამოყენებული. ეზოთერიზმისა და მისტიკის ფრანგი მკვლევარები, ლუი პოველი და ჟაკ ბერჟიე თავიანთ წიგნში, `მაგების განთიადი~ წერენ, რომ ჯერ კიდევ ომამდე გერმანიაში ატომური იარაღის გამოგონებაზე მომუშავე მეცნიერებს ერთი ალქიმიკოსი აფრთხილებდა, რომ ატომური ბომბის გაკეთება არ შეიძლება, რადგან ამ მეთოდით მიღებული უდიდესი ენერგია პრაქტიკულად უმართავი და დამანგრეველი იქნება. თქვენ პანდორას ყუთს გახსნით და მერე ვეღარასდროს დახურვათო, ამბობდა ალქიმიკოსი. ასეთი ენერგიის მიღების მეთოდიკა დედამიწაზე დიდი ხანია ცნობილია და იგი ზესუფთა რადიაქტიური ნივთიერებების გეომეტრიული განლაგებით შეიძლება თანაც ისე, რომ მისი გაკონტროლებაც ხდება. ამ წიგნში აღწერილი უფრო მისტიკის სფეროს განეკუთვნება, ვიდრე სამეცნიეროს, მაგრამ 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში აშშ-ს მიერ ატომური ბომბის ჩამოგდებამ უდიდესი მასშტაბების ნგრევა, ათეულ ათასობით ადამიანის წამიერად გაქრობა, ხოლო ასეულ ათასის კი სამუდამოდ დასახიჩრება გამოიწვია. ამ აქტით მსოფლიოს ისტორიაში ნამდვილად სრულიად ახალი ფურცელი გადაიშალა. პანდორას ყუთი ნამდვილად გაიხსნა და ახლა მხოლოდ დროის ფაქტორზეა დამოკიდებული, თუ როდის დატრიალება დიდი უბედურება დედამიწაზე.
1945 წელს მეორე ქვეყანა სსრკ კავშირი იყო, რომელმაც ატომური იარაღი შექმნა. როგორც მკვლევარები წერენ, 1945 წლის აპრილის ბოლოს, დანგრეულ ბერლინში ცალკე ამერიკული და ცალკე საბჭოთა სპეცსამსახურები გამწარებული დაეძებდნენ ქართველების ყოფილი სიძის, გერმანელი ფიზიკოსის და მეცნიერის, ჰელმუთ ვინერის და მისი ჯგუფის მიერ შემუშავებულ ატომური იარაღის შესაქმნელ ნაშრომებს. წლების შემდეგ, ატომური ბომბის ამერიკელი გამომგონებელი, ოპენჰეიმერი თავის მემუარებში წერდა, რომ მას შემდეგ რაც აშშ-ში პირველი ატომური ბომბი გამოსცადეს, იგი მიხვდა, ეს კატასტროფა იყო მთელი მსოფლიოსთვის და თვით ამერიკისთვისაც. ატომური იარაღის ერთ ხელში მოხვედრა მსოფლიოში ძალთა ბალანსს არღვევდა, ეს კი ახალი ომების უეჭველი საწინდარი გახდებოდა. შინაგანად ის მომხრე იყო იმისა, რომ ბომბი მეორე მხარესაც, კონკრეტულად კი სსრკ კავშირსაც უნდა ჰქონოდა და გარკვეულწილად მას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ ეს ასეც მომხდარიყო. ამით ბალანსი შედგა. ე.წ. `შეკავების~ თეორიამ მოქმედება დაიწყო. თუმცა ამის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და მასობრივი განადგურების იარაღმა უამრავი სახეცვლილება მიიღო და მისი უამრავი ვარიანტი შეიქმნა, ატომური, წყალბადის, ნეიტრონული თუ თერმობირთვული. მცირე- 600 კმ_მდე სიშორის, საშუალო 600-დან 1500 კმ-მდე სიშორის და საკონტინენტთაშორისო_ 15 000 კილომეტრამდე რადიუსში მოქმედების რაკეტები. თერმობირთვული იარაღის გავრცელების არეალი ძალიან გაფართოვდა და დღეისათვის ოფიციალურად ან არაოფიციალურად მფლობელი, ან კიდევ მასზე ადრე მომუშავე, თუ დამზადების სტადიაში მყოფი ბევრი ქვეყანაა.
ამერიკამ ატომური ბომბის პირველი გამოცდა ნევადის შტატის პოლიგონზე 1945 წლის 16 ივლისს გააკეთა.
სსრკ-მ 1949 წლის 29 აგვისტოს ყაზახეთის სტეპებში გამოსცადა საკუთარი პირველი `სატანის~ იარაღი. საინტერესოა ისიც, რომ ნახევარტონიანი ბომბის ატომური შიგთავსი, მხოლოდ 485 გრამ გამდიდრებულ ურანს იწონიდა და მისი დამზადება სოხუმის ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტში მოხდა. ამის შემდეგ აკრძალული საზღვრები მოიშალა და მთელს მსოფლიოში დაიწყო ამ იარაღის გავრცელება.
1952 წლის 3 ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა განახორციელა ამ იარაღის გამოცდა
1960 წლის 13 თებერვალს ათოლ მუროროაზე ფრანგებმა გამოსცადეს საკუთარი იარაღი,
1964 წლის 16 ოქტომბერს ჩინეთმა,
1974 წლის 18 მაისს ინდოეთმა,
1998 წლის 28 მაისს პაკისტანმა.
2006 წლის 9 ოქტომბერს კი კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ.
ყველაზე საინტერესო და ბურუსით მოცული ისრაელის თერმობირთვული პროგრამაა. ოფიციალურად ისრაელს ასეთი იარაღი არ გააჩნია, მაგრამ მსოფლიოს მეცნიერები ფიქრობენ, რომ ისრაელმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან ერთად 1979 წელს სამხრეთ ატლანტიკაში განახორციელა თერმობირთვული იარაღის გამოცდა, რომელიც ისტორიაში ველას (კუნძულის სახელის მიხედვით) ინციდენტითაა ცნობილი. თვით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ 1990 წელს ოფიციალურად დახურა თერმობირთვული იარაღის შექმნის პროგრამა და ვალდებულება აიღო, რომ არასდროს ექნებოდა ამ ტიპის იარაღი. ოფიციალურად ამ იარაღის მქონედ აღიარებული ქვეყნების გარდა, ღიად თუ მალულად მის შექმნაზე ამჟამადაც მუშაობენ ან ადრე მუშაობდნენ შემდეგი ქვეყნები: სირია, რომლის ქარხანაც, სადაც ამ იარაღის შექმნაზე მუშაობდნენ, ისრაელის ავიაციამ გაანადგურა 2007 წლის 7 სექტემბერს. სირია ამტკიცებს, რომ ისრაელმა მხოლოდ ჩვეულებრივი ქარხანა დაბომბა და მეტი არაფერი; ლიბია - მისმა 40 წლის განმავლობაში უცვლელმა მმართველმა, მოამარ კადაფიმ 1980 წელს დაიწყო სსრკ-ს დახმარებით ამ იარაღის შექმნაზე მუშაობა, მაგრამ სსრკ-ს დაშლის შემდეგ მუშაობა შეაჩერა სპეციალისტების, ნედლეულის დ სახსრების უქონლობის გამო; ეგვიპტე; საუდის არაბეთი; მნიანმა(ყოფილი კამბოჯა-კამპუჩია) კი ექსპერტთა შეფასებით, თერმობირთვულ პროგრამას პაკისტანის და კსდრ-ს დახმარებით ავითარებს; ბრაზილია მსოფლიოს ერთ_ერთი წამყვანი ქვეყანაა თავისი ეკონომიკური სიმძლავრით და მას აქვს პრეტენზია, რომ თერმობირთვული არსენალი მასაც ჰქონდეს. არგენტინამ ამ იარაღზე მუშაობა დიდ ბრიტანეთთან 1977 წლის ფოლკლენდის კუნძულების ინციდენტის შემდეგ დაიწყო, თუმცა ჯერ მის შექმნამდე შორსაა; ერაყის ბირთვული პროგრამის შესახებ ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსია არსებობდა, თუმცა სადამ ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ ნატოს წევრი ქვეყნების სპეცსამსახურებმა ასეთი პროგრამის არსებობის შესახებ სერიოზული მამტკიცებელი საბუთები ვერ იპოვეს; სამხრეთ კორეის თერმობირთვული პროგრამის შესახებ ბევრი ეჭვები არსებობდა, მაგრამ გაეროს თერმობირთვული იარაღის გავრცელების და კონტროლის სპეციალურმა კომისიამ - მაგატემ, ოფიციალურად უარყო ასეთი პროგრამის არსებობა. უკრაინამ, ყაზახეთმა და ბელორუსიამ 1990 წელს ოფიციალურად გადასცეს საკუთარი თერმობირთვული არსენალი რუსეთს. სულ ბოლოს კი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ირანის ბირთვული პროგრამა მოხვდა. აშშ და დასავლეთის ზოგი ქვეყანა ამტკიცებენ, რომ ირანი თერმობირთვული ბომბის შექმნაზე მუშაობს, ხოლო ირანის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მას მხოლოდ მშვიდობიანი თერმობირთვული ენერგიის მიღება სურს.
დღეისათვის თერმობირთვული შეიარაღების არსენალი ასე ნაწილდება:
აშშ - 3500 ერთეული
რუსეთი - 2800 ერთეული
დიდი ბრიტანეთი_ 512 ერთეული
ჩინეთი - 400-ზე მეტი (ზუსტი ციფრი უცნობია მაგატესთვის)
საფრანგეთი - 384 ერთეული
ინდოეთი 70-120 (ზუსტი ციფრი უცნობია)
პაკისტანი - 30-90 (ზუსტი ციფრი უცნობია)
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა - 4-12 ერთეული (აქაც უცნობია ზუსტი ციფრი)
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ აღიარებს თერმობირთვული იარაღის არსებობას, სხვადასხვა მონაცემებით მის არსენალში 150-200 ერთეული თერმობირთვული ქობინია.
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ, როდესაც მსოფლიომ არ შეუშალა ხელი ამ ბომბის შექმნას და ამჟამად მისი არსენალი ყველაზე არაკონტროლირებად და არაპროგნოზირებად გლობალურ საფრთხედ ითვლება, ირანის ატომური პროგრამა მსოფლიოს თერმობირთვული საფრთხის ხარისხს ძალიან მაღლა სწევს. ირანი გაცილებით ძლიერი ქვეყანაა ყველა ასპექტით, ვიდრე კსდრ და ირანის ხელმძღვანელობის ფანატიკური ანტიდასავლური განწყობილებები ამ საფრთხეს კიდევ უფრო აძლიერებს. მაგატეც და ამ დარგის დიდი სპეციალისტებიც ერთ აზრზე დგანან, რომ ასეთი იარაღის მოხვედრა კერძო პირების ხელში უკვე რეალობაა და მხოლოდ დროის საკითხია, როდის მოხვდება მასობრივი განადგურების იარაღი საერთაშორისო ორგანიზებული ტერორისტული დაჯგუფებების ხელში.
1949 წლის `ბირთვული არსენალის ძალთა~ ბალანსის შედგენის შემდეგ საბჭოთა და ამერიკული ბირთვული დაპირისპირება სულ მუდამ ომის ზღვარზე გადიოდა, ხოლო კულმინაციამ კი კარიბის ზღვის კრიზისის დროს მიაღწია წინა საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში. მხოლოდ 1991 წლის 31 ივლისს, როდესაც სსრკ-ს ნანგრევებზე დარჩენილი რუსეთი ეკონომიკურ კოლაფსში ჩავარდა, იძულებული გახდა ხელი მოეწერა სნვ -1 ხელშეკრულებას, რომელიც თერმობირთვული არსენალის შემცირებას და მის კონტროლს ეხებოდა. ხელშეკრულება ძალაში კი 1994 წლის 5 დეკემბერს შევიდა.
რუსულ-ამერიკული ურთიერთობები ობამას აშშ-ს ადმინისტრაციის სათავეში მოსვლის შემდეგ ახალ ფაზაში შევიდა და `გადატვირთვის პოლიტიკის~ კონტექსტში სამ მთავარ გლობალურ საკითხზე დაფუძნდა. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედება, ირანის თერმობირთვული სავარაუდო საფრთხის წინააღმდეგ კონსოლიდირებული მოქმედება და სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების _ სნვ-3-ს ხელშეკრულების გაფორმება.
საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედება ორივე ქვეყნის ინტერესებში შედიოდა, თუმცა რუსებისთვის აშშ-ს უპირობო გამარჯვება ავღანეთში ყოვლად მიუღებელი მოვლენა იქნებოდა, რადგანაც ამით აზიის ამ სუბრეგიონში ამერიკული გავლენა სერიოზულად გაიზრდება. ამიტომაც რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ თუ ავღანეთში ამერიკული გამარჯვება იზეიმებს, მისი მთავარი ფაქტორი თვითონ იყოს. რუსეთი ცდილობს აშშ-ს ყველა გზა მოუჭრას ამ რეგიონში, იპოვოს სხვა დასაყრდენი ავღანეთის ომის საწარმოებლად მის გარდა. ამ კონტექსტის კლასიკურ მაგალითად ყირგიზეთი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ყირგიზეთის მანასის ბაზა ერთ-ერთი მთავარი ლოჯისტიკური ელემენტია ავღანური ოპერაციისათვის. ყირგიზეთში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს რუსული კვალის არსებობას ამ პროცესებში. აშშ-ს მანასის ბაზასთან დაკავშირებით უკვე სერიოზული პრობლემები უდგას. ამ კონტექსტში კი რუსეთი აშშ-ს ისევ სთავაზობს საკუთარ ტერიტორიას, რომელიც ორი წლის წინათ შესთავაზა, მაგრამ პრაქტიკულად არანაირი საშუალება არ მისცა მის გამოსაყენებლად. მხოლოდ სამი რეისი შესრულდა რუსული ბაზიდან ავღანეთის მიმართულებით.
ირანის წინააღმდეგ კონსოლიდირებული მოქმედებების პროცესები და სნვ-3 ხელშეკრულების რატიფიცირება პირდაპირ კავშირშია ერთმენთთან. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დაეთანხმა გაეროს ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, მან უარი არ თქვა ირანში ბუშერის ატომური ელექტროსადგურის დამთავრებასა და მის ექსპლოატაციაში გაშვებაზე. პრაქტიკულად, რის გამოც გაერომ დააწესა სანქციები, რუსეთის ნაბიჯმა ამ სანქციებს აზრი დიდწილად დაუკარგა. პარალელურ რეჟიმში რუსეთ - აშშ-ს შორის სნვ-3 ხელშეკრულების გაფორმების და მისი რატიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც ამერიკული საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ამ ხელშეკრულების დეტალების შესახებ, ექსპერტების სერიოზული ნაწილი თვლის, რომ ეს ხელშეკრულება აშშ-ს თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემას უდიდეს დარტყმას მიაყენებს. როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, აშშ ამ ხელშეკრულებით იძულებული იქნება იმდენად შეამციროს მისი სტრატეგიული შეიარაღება, რომ მის ერთ რაკეტაზე შესაძლებელია სავარაუდოდ ორი-სამი მტრულად განწყობილი და უკონტროლო რაკეტა მოვიდეს. ამან გამოიწვია უდიდესი დაპირისპირება ამერიკის სენატსა და კონგრესში და მისი რატიფიცირების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. არათუ რესპუბლიკელები, არამედ დემოკრატების ერთი ნაწილიც კი წინააღმდეგია ამ ხელშეკრულების რატიფიცირებისა.
ორი ნოემბრის შუალედურმა არჩევნებმა აშშ-ს კონგრესში ამ ხელშეკრულების რატიფიცირების შანსები მინიმუმამდე დაიყვანა.
ამერიკის სენატის რესპუბლიკელების ლიდერმა, ჯონ კაილმა მოახერხა და სნვ-3 საკითხი დღის წესრიგშიც კი არ დააყენა.
ხელშეკრულების მომხრეებს თავისი არგუმენტები გააჩნიათ. 2002-2009 წლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სნვ-ს კონტროლის საკითხებში, პოლა დესატერი ამბობს, რომ თუ ხელშეკრულების რატიფიცირება არ მოხდება, ეს ახალ `გამალებულ შეიარაღებას~ გამოიწვევს. ამ უკანასკნელის გამო კი აშშ-ს მოუწევს შპიონ_თანამგზავრების და სხვა უმაღლესი დონის ტექნიკური საშუალებების მიმართვა ახალი საფრთხეების დაკვირვებისათვის. ამით ყურადღება მოაკლდება ერაყისა და ავღანეთის მხარდაჭერის პროგრამას, რაც უაღრესად დიდი საფრთხის მატარებელია. თავის დროზე, სნვ-1 რატიფიცირებამ დესატერის აზრით, აშშ-ს საშუალება მისცა სხვა საფრთხეებისთვის უფრო მეტი ყურადღება მიექცია და ეს პროცესი ფინანსური თვალსაზრისითაც მომგებიანი იყო. პოლა დესატერი ამ შემთხვევაში `დაბალორბიტალური შპიონ-თანამგზავრების~ გამოყენებას გულისხმობდა, რომლებიც 480 კმ სიმაღლეზე დაფრინავენ და უმაღლესი ხარისხის სადამკვირვებლო ტექნოლოგიური საშუალებები გააჩნიათ.
სნვ-3 რატიფიცირების მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამ ხელშეკრულებით აშშ-ს და მაგატეს წელიწადში 18 შემოწმების ჩატარება შეუძლიათ და ეს დიდწილად დაეხმარება რუსული თერმობირთვული საფრთხის შესაკავებლად. თუმცა აშშ-ს პოტომაკის პოლიტიკური ინსტიტუტის მეცნიერი, ჰელინგტონი, რომელსაც ასეთი შემოწმებების დიდი გამოცდილება აქვს ამტკიცებს, რომ ეს ნაკლებად ეფექტური საშუალებაა, რადგან რუსეთი ყოველთვის ახერხებდა კანონიერად თუ უკანონოდ ბევრი რამის დამალვას. თანაც სენატის რესპუბლიკელების ლიდერის, ჯონ კაილის აზრით, რატიფიცირების შემთხვევაშიც კი მისი აღსრულება მხოლოდ 7 წლის თავზე უნდა მოხდეს და მანამდე კი ამის კონტროლი ძალიან გაჭირდება.
სნვ-3 რუსეთისთვის სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს, რადგანაც ამის საშუალებით რუსეთს შეეძლება ყოველწლიურად გამოათავისუფლოს საკუთარი სამხედრო ბიუჯეტიდან 5-7 მილიარდი დოლარი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი 42 მილიარდი დოლარია, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა შვებას მიიღებს რუსული ბიუჯეტი და რუსული თავდაცვა. სტაციონარული სტრატეგიული საკონტინენტთაშორისო რაკეტების შენახვა ყველაზე ძვირი უჯდება რუსეთს, ხოლო თერმობირთვული შეიარაღების მქონე წყალქვეშა ნავები და სტრატეგიული ბომბდამშენები ყველაზე სუსტი წერტილია მისთვის. სნვ-ს მიხედვით კი, სწორედ ეს რაკეტები მცირდება ყველაზე მეტად. აშშ-ს კი მთავარი თერმობირთვული შეიარაღება სწორედ ამ ორ სექტორში ჰყავს გადანაწილებული. ხელშეკრულების მიხედვით, შემცირება ხდება ასეთი პროპორციით: სტაციონარული საკონტინენტთაშორისო რაკეტები 1100-დან 700 ერთეულამდე და წყალქვეშა ნავებზე დისლოცირებული საკონტინენტთაშორისო რაკეტებზე დამაგრებული თერმობირთვული ქობინები 4900-დან 1500-მდე მცირდება. რუსეთმა უნდა შეამციროს 154 საჰაერო გადამტანზე განლაგებული ათმუხტიანი ქობინები 1540 დან 800-მდე. აშშ-ს ასეთი შეიარაღება არ აქვს, მაგრამ მას ამ კვოტით უმცირდება წყალქვეშა გემებზე, სტრატეგიულ ბომბდამშენებზე და ბალისტიკურ საშუალო და დიდი სიშორის რაკეტებზე დამაგრებული ქობინების რიცხვი. სამაგიეროდ იზრდება საშუალო სიშორის თერმობირთვული ქობინების გადამტანების რაოდენობა 1660- დან 2200-მდე. ასევე იზრდება 880-დან 1600-მდე 600 კმ-მდე სიშორეზე მოქმედი თერმობირთვული ერთეულების რაოდენობა.
ეს ციფრები რომ გავაანალიზოთ, ვღებულობთ შემდეგ სურათს. მცირდება იმ რაკეტების როდენობა, რომლებსაც შეუძლიათ მიაღწიონ აშშ-ს ან რუსეთის განსაკუთრებულად სტრატეგიულ 20-მდე ობიექტამდე. ადექვატურად იზრდება მისი კონტროლის და პრევენტული ზომების მიღების საშუალება. მცირდება იმ მობილური ჯგუფების პოტენციალი, რომელთაც შეუძლიათ სწრაფი მანევრირებით საშუალო და მცირე სიშორის რაკეტები ახლოს მიიტანონ ობიექტამდე და მერე გაუშვან. ეს აშშ-ს ყველაზე სერიოზული თერმობირთვული პოტენციალია. ამავდროულად იზრდება საშუალო და მცირე სიშორის რაკეტ_გადამტანების რაოდენობა, რომლითაც რუსეთს საშუალება ექნება იერიში მიიტანოს აშშ-ს მოკავშირე და ნატოს წევრ ქვეყნებზე ევროპის კონტინენტზე. ასეთი რაკეტების კონტროლის და მასზე რეაგირების მარგი ქმედების კოეფიციენტი არც თუ ისე მაღალია. რუსეთის მიერ გაწეული სასტიკი წინააღმდეგობა აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო ფარის განლაგების თაობაზე სწორედ ამ პუნქტის კონტექსტში განიხილება. რუსეთი დაკარგავს იმ უდიდეს უპირატესობას, რომელიც ზემოთ აღვწერეთ და მის მიერ ამ მიმართულებით გაშვებული საშუალო და მცირე სიშორეზე მოქმედი რაკეტების წინააღმდეგ სწრაფი რეაგირება უკვე გაცილებით ეფექტური იქნება ნატოს ანტისარაკეტო ფარის მიერ.
რუსეთმა საკმაოდ კარგად გააცნობიერა რა საფრთხე შეექმნება, თუ ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია არ მოხდა. რუსეთი მიზანს ვერ მიაღწევს ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ვერ გამოათავისუფლებს დიდ ფულს და ვერ მიაღწევს ძალთა უპირატესობას ევროპის კონტინენტზე. მეორეს მხრივ ობამას, როგორც პოლიტიკოსის და სახელმწიფოს მეთაურის პერსპექტივა, რომელიც მისაღები პარტნიორია კრემლისთვის, ძალიან ბუნდოვანი გახდება. ამიტომაც რუსეთმა რამდენიმე სერიოზული აქტი განახორციელა ასე ვთქვათ აშშ-ს `დასაშანტაჟებლად~. ირანს ს-300 რაკეტების მიყიდვაზე უარი უთხრა. ერთის შეხედვით ეს რუსეთის მხრიდან დადებითი ნაბიჯია, მაგრამ სინამდვილეში ეს აშშ-ს და დასავლეთის დასაშანტაჟებელი აქტია, რადგან ამით კრემლმა განაცხადა, რომ მას ყოველ წუთს შეუძლია ამ რაკეტების მიყიდვა. თუ განახლებული სენატი არ გაუკეთებს რატიფიცირებას სნვ-3-ს, რუსეთი ნამდვილად მიჰყიდის ირანს ს-300 რაკეტებს, რაც დიდი ალბათობით წინაპირობა გახდება ახალი კონფლიქტის დასაწყებად. მეორე ნაბიჯი ასტანის სამიტის წინ პუტინის და მედვედევის გაკეთებული განცხადება იყო, რომ თუ სნვ-3 ხელი არ მოეწერება ეს ახალ `გამალებულ შეიარაღებას~ გამოიწვევს. თვით ასტანის სამიტი კი რუსეთმა სრულიად უგულვებელჰყო და ფარატინა ქაღალდად და სალაყბოდ გადააქცია. 11 წლის განმავლობაში მომლოდინე სამიტი უაზროდ და ყოველგვარი სერიოზული შედეგის გარეშე დამთავრდა.
ამ კონტექსტში ობამას ადმინისტრაციას დილემა უდგას წინ. რა უფრო დიდი საფრთხეა, სნვ-3 ხელშეკრულების რატიფიცირება, თუ ირანისთვის ს-300 რაკეტების მიყიდვა რუსების მიერ. ამის გაგება ალბათ ახალი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც გამოჩნდება, თუ რა შემადგენლობისაა
განახლებული კონგრესი და სენატი.
თერმობირთვული გამოწვევები და საქართველო
21-ე საუკუნეში თერმობირთვული არსენალის სერიოზული ზრდა და მისი გაეროს კონტროლიდან გამოსვლის დიდი ალბათობა მთელს მსოფლიოს უდიდეს საფრთხეს უქმნის. გამონაკლისი არც საქართველოა და მიუხედავად იმისა, რომ მას პირდაპირი შეხება თერმობირთვულ შეიარაღებასთან არ აქვს, მაინც დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოსთვის, რადგან ირიბად მაინც არის ჩართული ამ პროცესში. ქვემოთ ამ რისკების და გამოწვევების შესახებ აუცილებლად უნდა ითქვას ორიოდ სიტყვა.
სოხუმის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის არსებობა თავისთავად განაპირობებდა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე რადიაქტიური ნივთიერებების არსებობას და მის აქტიურ მოძრაობას. მცხეთის ატომური რეაქტორის ხუთკილოგრამიანი გამდიდრებული ურანის რადიაქტიური შიგთავსი თავის დროზე ოფიციალურად იქნა გატანილი საქართველოდან, მაგრამ ამის გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი ადგილი იყო ისეთი, სადაც სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში რადიაქტიური ნივითიერებები იყო გაბნეული. მთებში დატოვებული რადიაქტიული შუქურები ჰაერიდან ორიენტაციისათვის, საბჭოთა სამხედრო ნაწილებში მიმობნეული რადიაქტიური ნივთიერებები, რომლებიც უდიდეს საფრხეს და ე.წ. `ბინძური ბომბის~ დასამზადებელ ნედლეულს წარმოადგენდნენ. ხოლო სოხუმის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტი 1992 წლის აგვისტომდე დაახლოებით 30-მდე დასახელების სხვადასხვა რადიაქტიური ნივთიერებების საცავი და მისი გადამამუშავებელ_გამამდიდრებელი იყო. მას შემდეგ რაც აგუძერა ქართულმა სამხედრო ნაწილებმა დაიკავეს, `სფტი~-ს შენობის უკანა კედელზე მიდგმულ რუსული არმიის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, რომელიც ოფიციალურად კავშირგაბმულობის ჯარების ცალკეულ ბატალიონად იყო რეგისტრირებული, გასაიდუმლოებულ ლაბორატორიაში აღმოჩენილი იქნა, ცეზიუმის, ლანთანის, ევროპიუმის, სკანდიუმის და სხვა რადიაქტიური ნივთიერებების 30 ნიმუში. ამ ლაბორატორიასა და `სფტი~-ს შენობას სამი ელექტროგამტარი კარები ჰყოფდა. არაოფიციალური ინფორმაციით, არძინბას მმართველობის პერიოდში ეს ბიზნესი საკმაოდ ყვაოდა. კრასნოიარსკიდან, ომსკიდან და ტომსკიდან ნედლეულის სახით ჩამოჰქონდათ რადიაქტიური ნივთიერებების შემცველი წიაღისეული და ამ ლაბორატორიაში ხდებოდა მისი გადამუშავება. აქედან კი იგი ერთ-ერთი გზით, საქართველოს გავლით გაედინებოდა აზიური სამყაროსკენ. რამდენადაც ცნობილია, მაშინ მოთხოვნილება უფრო მეტად ევროპიუმზე, სკანდიუმსა და ცეზიუმზე იყო. 1999 წელს დაუდასტურებელი ინფორმაციით `სფტი~-ში 5 კილოგრამამდე სკანდიუმი ინახებოდა, რომლის გატანაც არაბულ სამყაროში იგეგმებოდა.
მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირს როგორც სუპერსახელმწიფოს, წყალი შეუდგა, სსრკ-ს შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვამ და სუკ-მა გასაიდუმლოებულად დაიწყეს რადიაქტიური ნივითიერებების გაყიდვა საზღვარგარეთ. ეს უაღრესად სარფიანი ბიზნესი გახდა, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. ოფიციალურად ამ ნივთიერებების მიყიდვა აზიური სამყაროსთვის და მითუმეტეს ე.წ. `საფრთხის შემცველი~ ქვეყნებისთვის, დანგრეული და განადგურებული სსრკ-ს სამართალმემკვიდრე რუსეთის სახელმწიფოსთვის კატასტროფა იქნებოდა. ამიტომაც ამ ბიზნესის განხორციელებისთვის სპეცსამსახურები ერთ-ერთ აპრობირებულ მეთოდს მიმართავდნენ. საჭირო რადიაქტიურ ნივთიერებებს ისინი ვითომდა სერიოზულ ბიზნესმენებზე ჰყიდნენ სიმბოლურ ფასად და მათ აძლევდნენ გადაყიდვის საშუალებას. მათი ყველა ნაბიჯი კონტროლდებოდა ისე, რომ `ვითომ მოხერხებული ბიზნესმენი~ ვერც კი ატყობდა ამას. ტვირთი საბოლოოდ მაინც იქ ხვდებოდა, სადაც უნდა მისულიყო. ჩავარდნის შემთხვევაში ყველაფერი მხოლოდ ბიზნესმენს `ბრალდებოდა~. საქართველოში ასეთი ბიზნესმენები შევარდნაძის დროსაც დაუჭერიათ არაერთხელ და ამჟამადაც რამდენიმე გახმაურებული თუ გასაიდუმლოებული საქმე არსებობს. რამდენადაც საინფორმაციო საშუალებებში თავის დროზე ხმაურდებოდა ასეთი ინფორმაციები, შეიძლება დავთვალოთ, რომ ბოლო 18 წლის მანძილზე 10-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. სულ ბოლოს სომხეთის ორი მოქალაქის დაკავება გახდა სკანდალის მიზეზი, რომელთაც გამდიდრებული ურანი გადაჰქონდათ სავარაუდოდ საქართველოს გავლით სომხეთში და იქიდან კი არაბულ სამყაროში უნდოდათ გატანა. როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან ხდება ცნობილი, ტვირთი რუსეთიდან, კრასნოიარსკიდან მოდიოდა.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ საქართველოში თერმობირთვული ნივითიერებები მუდამ მოძრაობდა. სსრკ-ს და მერე რუსეთის სპეცსამსახურების მიერ აპრობირებული ერთ_ერთი გზა საქართველოს გავლით სომხეთზე, იქიდან კი ირანზე გადიოდა. თუ ამ მომენტს გავითვალისწინებთ, საქართველოში ხელისუფლების მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკური კურსის შედეგად ძალზედ უცნაურ სურათს მივიღებთ. რადიაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდული ექსპორტირების ეს აპრობირებული ტრასა პირდაპირ ჯდება ხელისუფლების მიერ შექმნილ უვიზო რეჟიმის სივრცეში. რუსეთის ჩრდილოკავკასიური ნაწილი- საქართველო, სომხეთი- ირანი. იქიდან კი ანტიდასავლურად განწყობილ ქვეყნებსა და ჯგუფებში მოხვედრა უკვე ტექნიკის საკითხია. თავისთავად ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან უპირობოდ დაკავშირება არ შეიძლება. ამ შემთხვევაში მხოლოდ პარალელის გავლება და ფაქტის კონსტატაციას ვახდენთ.
საქართველოს შსს-ს მიერ ბოლო ერთი წლის განმვალობაში რადიაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდული გზით რეექსპორტირების ორი მცდელობის აღკვეთა ჩვენი სახელმწიფოს სპეცსამსახურების პროფესიონალიზმად უნდა მოვნათლოდ, თუმცა ამ და ძველი საქმეების გახსნამ სხვა ტიპის საფრთხეები და გამოწვებები გააჩინა. ღიად დადასტურდა, რომ თერმბირთვული იარაღისთვის საჭირო კომპონენტების უკანონო ბიზნესის ერთ-ერთი ტრასა დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებს. როგორც იტყვიან, კოკა წყალს ყოველთვის არ მოიტანს. ამ ბიზნესის აღკვეთის მცდელობა ყოველთვის ვერ დამთავრდება წარმატებით. ეს ფაქტორი კი საქართველოს, როგორც რისკის შემცველი სახელმწიფოს ხარისხს უფრო ზრდის მისგან გამომდინარე ნეგატიური შედეგებით. თუU გავითვალისწინებთ თავის დროზე საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ მონაცემებს იმის თაობაზე, რომ ირანს გაცილებით მეტი ურანის მარაგები აღმოაჩნდა, ვიდრე თავიდან იყო ოფიციალურად ცნობილი და მისი წარმოშობის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, გლობალური პოლიტიკის დიდი მოთამაშეების ეჭვი საქართველოს გავლით ამ მარაგების ირანში მოხვედრის ალბათობის შესახებ უფრო გაიზრდება. თავისთავად ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის შემოღება დადებითი მოვლენაა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ ზემოთ აღწერილი სიტუაციური ანალიზის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოდ, რომ ასეთ ფეთქებადსაშიშ და ფორსმაჟორულ სიტუაციაში უვიზო რეჟიმის შემოღება ირანთანაც და ჩრდილო კავკასიასთანაც სრულიად მიუღებელია.
თუ სნვ-3-ს რატიფიცირება არ მოხდა, დიდი ალბათობით სავარაუდოა, რომ გამალებული შეიარაღების ახალი ტალღა მოიცავს მსოფლიოს. ამის შესახებ, როგორც ზევით აღვნიშნეთ, პირდაპირ განაცხადეს რუსეთის პრეზიდენტმაც და მისმა პრემიერ_მინისტრმაც ასტანის ეუთოს სამიტამდე ერთი დღით ადრე. ასეთ შემთხვევაში თერმობირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო კომპონენტებზე მოთხოვნილება დიდად გაიზრდება და საქართველო ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ მოყვება. ერთის მხრივ ამ კომპონენტების შეძენის მოსურნე ქვეყნები შეეცდებიან ამ ტრასის აქტიურად გამოყენებას, ხოლო მეორეს მხრივ კი ცივილიზიებული მსოფლიო შეეცდება ამ ტრასის სერიოზულად ბლოკირებას და მის იზოლირებას, რაც ჩვენი სახელმწიფოსთვის უდიდესი რისკების და გამოწვევების შემცველი იქნება.
გაზეთ "ლანჩხუთიპლუს"-ის პოლიტიკური მიმომხილველი
ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში
თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი
თამაზ იმნაიშვილი