ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ის პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი საქმეზე კონკრეტული განაჩენი დამდგარია და „დანარჩენი მთლიანად არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე“.
„მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი, რაზეა საუბარი. მე ვიცი, ერთი რამ - რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი. დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს მის განცხადებაზე, მათ შორის, იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას და შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება.
ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის. მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე. ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას. არსებობს ეთიკური სტანდარტები, რაც მე მიზღუდავს ამ თემაზე განცხადების გაკეთების შესაძლებლობას,“ - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტებმა კობახიძეს ასევე ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან ირაკლი ღარიბაშვილის წერილის გამოქვეყნების შემდეგ და იქნა თუ არა განხილული აღნიშნული წერილი "ქართული ოცნების" დამფუძნებელთან.
კობახიძის თქმით, გუშინ მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე საუბარი არ ჰქონიათ.
„კომუნიკაცია გუშინ გვქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. არ მახსოვს წერილის გამოქვეყნების მერე იყო თუ მანამდე. ეს საკითხი ჩვენ არ განგვიხილავს. ამაზე ჩვენ არ გვიმსჯელია. ეს საკითხი არსებითად არ განგვიხილავს,“ - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.